ტრადიციონალისტური გაგებით, ადამიანი თავისი ნატურით საჭირო ფულის გამომუშავებას მიელტვის, მიესწრაფვის, რათა უშუალოდ იცხოვროს; იცხოვროს ყოველდღიური სადაგი ცხოვრებით… და გამოიმუშაოს იმდენი, რამდენიც სჭირდება ცხოვრების ამგვარი წესის შესანარჩუნებლად.
აი, რატომაა, რომ ტრადიციონალისტურ ეთოსში ვერ შეხვდებით, როგორც ეკონომისტები იტყვიან, წარმოების ინტენსიფიკაციისა და, შესაბამისად, კაპიტალის გამრავლების მოტივებს.
ესაა გონივრული თვითკმარობის კულტურა!
ადამიანის პოზიცია ფულისადმი სავსებით გამოკვეთილი ეთიკური შეფერილობით გამოირჩევა;
„დიდი ფულის“ ქონაში სამარცხვინო რა უნდა იყოს, არა?!
ოღონდ, მაინცდამაინც ღირსეულსა და დასაქადნ საქციელადაც რომ ვერ ჩაითვლება ფულისადმი განსაკუთრებული ყურადღება?!
ამ პოზიციისამებრ, ღირსეული ადამიანი საკუთარ ცხოვრებას არ უნდა უძღვნიდეს და, მით უფრო, არ უნდა წირავდეს კაპიტალის გამრავლებას;

ანალოგიური სიტუაციაა ხელოვნებაშიც. ტრადიციონალისტური ნორმატივებით გაუგებარია და წარმოუდგენელი ესთეტიკურად ინდიფერენტული მიდრეკილება ფერწერული სიმდიდრისადმი.
აი, „კაპიტალისტური ესთეტიკისათვის“ კი სწორედაც ესთეტიკური ინდიფერენტიზმის შეფერილი არტეფაქტული (და არტეფაქტურული) სიმდიდრეა მხატვრის თვითმიზანი.
ამ მხრივ წერეთლისთვის აბსოლუტურად უცხოა ყოველგვარი არსტისტული პურიტანიზმი და ასკეტიზმი.
პარადოქსული ისაა, რომ ეს მხატვარი, დიახაც, თავისი მდიდრულად მოზიმზიმე, ანტიასკეტური „ქრომატიზმით“, თუ ძვირფას მასალაში – ოქროსა და მინანქარში განხორციელებული არტიფაქტებით საკუთარ რელიგიურ ინტენციებსაც გამოხატავს. წერეთელი, გარკვეულწილად, პოსტბიზანტიური ხელოვნების რეპრეზენტანტიცაა;
პოსტბიზანტიურ სიმბოლოდ ფრიალებს თბილისის თავზე… არა, წითელი დროშა კი არა, რომლის აღმართვსაც ორჯონიკიძე 1921 წლის 25 თებერვალს უპატაკებდა ლენინსა და სტალინს თავის ცნობილ დეპეშაში, არამედ მოოქროვილი წმინდა გიორგი.
იმპერატიული ემბლემატიკა, მთელი თავისი აქსესუარებით, კვლავაც დაცულია. წმინდა გიორგის უკვე ვეღარავინ დაამხობს!
გულის სიღრმეში, ალბათ, წერეთელსაც სჯერა, რომ მისი ყაიდის არტბიზნესმენი ზენაარსს იმიტომ „აწყობს“, რომ ის მდიდარია და ამდენადვე, შეუძლია იხაროს, როგორც მწიდნავმა, მას შემდეგ, რაც მოითვლის მიწიერ მტევნებს.


ესეც პარადოქსია, მაგრამ წერეთელი ეთიკურად პურიტანია იმ გაგებით, რომ არასოდეს ისვენებს და ამდენადვე, სულაც არ (თუ ვერ) ტკბება თავისი კონვეიერული შრომის ნაყოფით. ასე რომ იყოს, მაშინ ისევ ტრადიციონალიზმთან გვექნებოდა საქმე, თავისი მორალური მაქსიმით: იმუშავე – დაისვენე!
დიახაც, დასვენების შეუძლებლობა და შრომითი მოვალეობის აღსრულების ინტენსიობა, თანაც ჩვეულებრივ მიწიერ სიხარულთა წილი გვევლინება კაპიტალისტური მორალის დამახასიათებელ ნიშნად; ვებერი საერო ასკეტიზმს რომ უწოდებს.
წერეთლის ფუფუნებით აღვსილი ჟესტების მიღმა ამგვარი ასკეტიზმიც შეიძლებოდა გვეგულისხმა.
თუმცა, არის კიდევ ერთი მომენტი:
ეკატერინა დიოგოტმა, დღევანდელი რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა კრიტიკოსმა, შილოვის „სახელმწიფოებრივ“ მხატვრობაში სავსებით მართებულად შენიშნა, ესთეტიკური თვალსაზრისით, ლუმპენური მომენტები.
„ლუმპენესთეტიკა“, მიუხედავად გარეგნული ბრწყინვალებისა, წერეთლის ხელოვნებაშიც შეიმჩნევა;
როგორც „სახელმწიფო“, ისე პრივატულ ოპუსებში…
მთავარი ისაა, რომ წერეთლის ნამუშევრები გამხიარულებს!
აღარ მახსოვს, ვის აქვს ნათქვამი: “Когда слушаешь Бетховена, грустно, но жить хочется. Когда слушаешь Кобзона, весело, но жить не хочется”.
წერეთლის „ხელოვნების“ შემყურეს თუ მოგინდება კიდევ სიცოცხლე?
საკითხავი, აი, ეს არის!

1 2 3 4 5 6