ასპარეზიც დიდი აქვს – თითქმის უკიდეგანო…
მსოფლიო რუკა მისთვისაც საჭადრაკო დაფაა;
დიიდი დაფა…
და ამ დაფაზე აზარტულად თამაშობს უზარმაზარი ფიგურებით…
ესაა დიდი პოლიტიკური არტი;
და გნებავთ, პოლიტიკური სპორტიც;
თუნდაც, პოლიტიკური ფიზიკური კულტურა…
უფრო მოკლედ, პოლიტფიზკულტურა…
ფიზკულტურელები არიან წერეთლისეული პუტინიცა და ლუჟკოვიც…
სხვათა შორის, ესეც სოცრეალისტური, ანდა, უფრო ზუსტად, პოსტსოცრეალისტური დისკუსია!
ვეჭვობ, წერეთელი პოსტმოდერნისტიცაა;
უნებლიე, არარეფლექტირებადი პოსტმოდერნისტი, სიმულაკრებით რომ გვეთამაშება;
მაცდურად გვითრევს ამ თამაშში…
მერე, თავად გვერდზე გადგება და თავსატეხს გვიჩენს მარჩიელობით:
სად მთავრდება მასთან რეალობა და სად იწყება ვირტუალობა…
ასე ვირტუალურად იპყრობს მსოფლიოს ქართველი კოსმოპოლიტი;
თანაც ისე, რომ არსად ღალატობს პოლიტკორექტული ჟესტი…
მერაბ მამარდაშვილს უყვარდა ციტირება მანდელშტამის ერთი ფრაზისა – მხატვრის უზენაესი პატივმოყვარეობა არსებობააო;
უფრო ზუსტად, ყოფნა…
სად მანდელშტამი და სად წერეთელი ?!
როგორი შეუსაბამო ექსისტენციური სიდიდეებია!
ვითომ, წერეთლის უზენაესი პატივმოყვარეობაც ყოფნამდე დაიყვანება?
იქნებ, ერიხ ფრომისეული ალტერნატივა – „ქონა თუ ფლობა“ უფრო უპრიანი გამოდგეს?!
მორის ბლანშოს ერთი ფრაქტალური რომანის რუსულ გამოცემას ბოლო სიტყვად ერთვის ემანუილ ლევინასის ესსე;
სათაურით – „მოახლე და მისი ბატონი“, რომელიც ასე მთავრდება:
„…მას მოსწონს უგნურება, რომელსაც იგი უთვალთვალებს“…
თითქოსდა,ეს დიდებული ვაჟბატონიც გვაიძულებს, ვუთვალთვალოთ მისი უგნურებამდე მიმზიდველი წარმატების ჰისტორიებს;
გონებამიუწვდომელ ტრიუმფალურ სვლებს …
მისდევ და ვერ ეწევი ქართველი გულივერის ნაბიჯებს…
სათაფლიის ნაკრძალში ასეთი წარწერა ყოფილა – „დინოზავრების ნაკვალევზე სიარული აკრძალულია“;
წერეთლის ნაკვალევზე სიარულიც აკრძალულია!
ზურაბ წერეთლისათვის ხელოვნება ძალაუფლების იარაღია, ძალაუფლება კი კომუნიკაციის საშუალებაა;
თანაც, ესაა ძალაუფლება, რომელსაც ჩვენი პროტაგონისტი არავის უწილადებს!
და ესაა თავად წერეთლის „ფუნდამენტური სიძუნწე“!
ძალაუფლების ცნება თ. პარსონსმა მონეტარული თეორიიდან ძალაუფლების სფეროში გადაიტანა;
და არავინ უწყის, წერეთლის ძალაუფლებასაც როდის დაუდგება ინფლაციის ხანა;
წერეთელი ჩვენი დროის ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტიცაა;
პოლიტიკურად გავლენიანი არტისტი…
აი, აქ კი ლუმანი უნდა შევაწუხოთ;
ნიკლას ლუმანი, რომელიც ლაპარაკობს რა გავლენის გენერალიზაციაზე, გამოყოფს ავტორიტეტს, რეპუტაციას ანუ საგნობრივად გენერალიზებულ გავლენას და სოციალურად გენერალიზებულ გავლენას – ლიდერობას;
წერეთელი ლიდერია!
მხატვარი,მეწარმე და ლიდერი…

1 2 3 4 5 6