თავად მხატვარი თავის ბლიც-ტილოებს, ამ ზეპირ ტექსტებს დაუფიქრებლად უშვებს… ექსპლუატაციაში.
თანაც ძვირფას ჩარჩოებში ფუთავს და კომბლებივით აწყობს;
ოღონდ, არა ჭერში, არამედ თავის „საწყობში“…
„ბოლშაია გრუზინსკაიაზე“, წერეთლის გაზიმზიმებული სასახლის დერეფნებში, მე მინახავს შტაბელებად ჩალაგებული ურიცხვი სურათი;
საქონელი, „ვერვისგან ანაწონები“…
„მამაცი არაა, ვინც შედეგებზე ფიქრობს“ – ასეთი წარწერა ამშვენებდა ხმლებს, რომლითაც შამილი აჯილდოებდა თავის ერთგულ ნაიბებს…
და არც წერეთელი ფიქრობს შედეგებზე;
მამაცია და იმიტომ…

წერეთლისეული „ფერწერის“ არანაკლებ ნიშანდობლივი მხარე ავტორის ჟესტია;
ჟესტი, რომელიც მხატვრის ვოლუნტარისტული, არტისტული ქცევის სიმბოლოდაც გვემცნაურება.
„უანგარო“ Gestus-ით წარმოდგენილი ფერწერული ჰორელიეფები წერეთლის სიმბოლური კაპიტალიცაა;
ამ კაპიტალს იგი გამუდმებით „აბრუნებს“;
ერთი ოპუსიდან მეორეში გადააქვს, ერთიდან მეორეში აბანდებს…
ესაა დაუსრულებელი ტრანსფერი…
ალბათ, ამიტომაცაა, რომ წერეთლის არტისტული ნებელობა წყალში გადაყრილი, ესთეტიკურად ნეიტრალური ჟესტების კომპლექსი კი არაა, პირიქით, არტისტულად გამართლებული ნორმაა, მისივე ცხოვრების წესს რომ არეგულირებს.
ეს ეთიკურად შეფერილი ნორმაცაა.
აი, ეს ნორმა გამოსჭვივის წერეთლის, როგორც მონუმენტალისტის (შემო)ქმედებაშიც.
წერეთლისეული მონუმენტებიც, მათი „ავტორის“ სტერეოსკოპულ ემოციებს უფრო ავლენს, ვიდრე მონომენტალურ(Sic) ჩაღრმავებას…
აი, რატომაც არაა წერეთელი მონო-მენტალისტი!
დიიდი მოთამაშე კაცია;

1 2 3 4 5 6