ანჯელა მიტროპულოსი იტყვის, პრეკარიტეტი კაპიტალიზმის იმამენტურია და სანამ კაპიტალიზმი იარსებებს, პრეკარიტეტიც ცოცხლი დარჩებაო;
ნიშანდობლივია, რომ პრეკარიტეტი ჩვენმა „სოციალისტური (resp. კაპიტალისტური) შრომის გმირმა ჯერ კიდევ „მომწიფებული სოციალიზმის“ ზეობისას შემოგვაპარა:
მონუმენტური წარმოების ჩრდილოვანი და არალეგალური ფორმის კონტრაბანდა…

 

***

წერეთელი თავისებური პოსტსოცრეალისტიცაა;
თავისი აკადემიზმით კი არა (წერწთელი და აკადემიზმი?!), ინფანტილიზმით…
სხვათა შორის, ყველა საბჭოთა არტისტისათვის საოცნებო-ლენინური პრემია სახვითი ხელოვნების კი არა, საბავშვო ლიტერატურისა და ხელოვნების ნომინაციით მიიღო;
ადლერის საბავშვო გასართობი კომპლექსი წარადგინა ამ უმაღლეს საბჭოურ იმპერიულ ჯილდოზე და… ცხადია, მიიღო კიდეც…

 

***

ისტორიაში კონტრაცეპცია შეუძლებელიაო…
და წერეთელიც უნდა გაჩენილიყო!
ოღონდ, ასეთი „დიდი ადამიანები“ ერთ მშვენიერ დღეს არ იბადებიან;
ასეთები ყოველ ცისმარე იბადებიან…
ხელახლა იბადებიან;
ხელახლა ჩნდებიან…
და ამიტომაც არიან გამო-ჩენილნი!
წერეთელი ყბადაღებული სამოქალაქო საზოგადოების რეპრეზენტანტია.
ამგვარი სოციუმის უმთავრესი პრინციპი თვითშენახვაა.
თვითშენახვა ეფუძნება ხრიკს, რომელსაც მიმართავს სამოქალაქო სუბიექტი.
წერეთლის არქეტიპი ოდისევსია;
ოდისევსი, როგორც „პირველი ბიურგერი“…
მოხერხებულობაც ხომ ბიურგერული სოციუმის პრედიკატია?!
ამგვარი სოციუმის წიაღში ხდება მსხვერპლის ინტრავერსია;
მერე კი საერთოდ უქმდება ეს „მსხვერპლი საიდუმლო“ და მის ადგილს იკავებს ძღვენი.
ძღვენში მით უფრო იჩენს თავს ბიურგერული ელემენტი.
ესაა დაგეგმილი „მსხვერპლშეწირვა“, ზებუნებრივ ძალთა მოტყუებაზე რომაა გათვლილი.
ასე დაიყოლიებს ადამიანი ზებუნებრივ ძალას;
დაიყოლიებს და სათავისოდ მოაქცევს…
აი, სადა აქვს წერეთელს, როგორც რაციონალურ პერსონას, თუნდაც პერსონაჟს, თანაც პოსტმოდერნული ინტენციებით განტოტვილს, ფესვები გადგმული…
მოკლედ, მისთვის ქონა, თუ ყოფნა, ეს ფრომისეული ალტერნატივა მოხსნილია;
ქონა წერეთლისთვის ყოფნას მოასწავებს; ყოფნა კი – ქონას.
წეღან ეთიკურად შეფერილი ნორმა ვახსენე და…
სწორედ ასეთ ნორმაზე ლაპარაკობს მაქს ვებერი თავის კლასიკურ წიგნში კაპიტალიზმის გონის შესახებ, როდესაც იტყვის: მაქსიმა – „მე გამოვიმუშავებ და ვამრავლებ ფულს; და სულერთია, რას იფიქრებენ ამის შესახებ სხვები“ – განსხვავდება ნორმისგან: „ფულის გამომუშავება ჩემი ვალია; ამაშია ჩემი სათნოება, წყარო ჩემი სიამაყისა და თანამემამულეთა მიერ ჩემდამი აღვლენილი პატივისცემისა“.
ეს უკანასკნელი საკუთრივ კაპიტალისტურ ეთოსს, კერძოდ, სიმდიდრის დაგროვებას, როგორც მოვალეობას, მოასწავებს.
კაპიტალისტური ეთოსი ეწინააღმდეგება ტრადიციონალიზმის ეთოსს.

1 2 3 4 5 6