ტონი: მაშინ ვიფიქრე, რომ ძალიან სულელური შეკითხვა იყო. ყველაფრის დაკარგვა შემეძლო. ის ძალიან საზიზღარი და ამპარტავანია. იმ კაცის ლექსიკონში მხოლოდ სამოცდაჩვიდმეტი სიტყვა შედის. დავთვალეთ. ფილიპ როთმა დათვალა. სამოცდაჩვიდმეტი სიტყვა.

სარა: მიდით, ტრამპს თავი დავანებოთ და ობამაზე ვისაუბროთ. როგორი გრძნობაა, როდესაც პრეზიდენტი თავისუფლების მედალს განიჭებს?  და რა გიჩურჩულათ ყურში?

ტონი: თქვენც იქ იყავით?

სარა/მარიო: არა, ჩანაწერი ვნახეთ.

ტონი: მან მართლაც ჩამჩურჩულა ყურში რაღაც. და დაუჯერებელ რაღაცას გეტყვით: არ მახსოვს, რა მითხრა.

მარიო: ძალიან გახარებული კი ჩანდით.

ტონი: როდესაც მიჩურჩულა, მაშინ გავიგე! მაგრამ როგორც კი დარბაზიდან გამოვედი, ჩემს თავს ვეკითხებოდი: „კი, მაგრამ რა მითხრა?“ ძალიან შემრცხვა! მალევე, საფრანგეთში გავფრინდი და იქ ამერიკის ელჩს შევხვდი. მას გავუმხილე ჩემი ამბავი. „რაღაც ჩამჩურჩულა ყურში, მე კი დამავიწყდა. მგონი, რაღაც მჭირს.“ მან კი მითხრა: „მე ობამასთან ორმოცდახუთწუთიანი შეხვედრა მქონდა და ერთი სიტყვაც კი აღარ მახსოვს, რაც ვილაპარაკეთ.“

სარა: მეტისმეტი მღელვარების გამო.

ტონი: მეც ასე მგონია. მაგრამ მიღებაზე ჩემი ვაჟი მახლდა. მან უთხრა ობამას: „თქვენ რაღაც უთხარით დედაჩემს დაჯილდოებაზე, მას კი აღარ ახსოვს, თქვენ გახსოვთ, რა უთხარით?“ მან კი უპასუხა: „დიახ, მახსოვს. ვუთხარი „მე თქვენ მიყვარხართ“ (ტონი მორისონი სახეს ხელებში რგავს, ვითომ ქვითინებს) და მივხვდი, რატომ დამავიწყდა. ასე გავიწყდება ხოლმე საუბარი იმ ადამიანთან, რომელიც ძალიან გიყვარს ან ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს შენზე. ამიტომ  ამომივარდა თავიდან, საერთოდ არაფერი მახსოვდა, საერთოდ.

სარა: მოდით, სიყვარულზე განვაგრძოთ საუბარი და თქვენს მეგობარზე,  ჯეიმს ბოლდვინზე ვისაუბროთ.

ტონი: რა თქმა უნდა!

სარა: ბოლდვინმა ერთხელ თქვა „ხელოვანს იგივე როლი აქვს,  რაც საყვარელს. თუ რამეს ვერ ხედავ, მე ის შენთვის ხილული უნდა გავხადო.“ როგორია თქვენთვის ხელოვანის როლი?

ტონი: ძალიან სასაცილოა! ოჰ, ჯიმი! შეიძლება ძალიან პომპეზურად გამომივიდეს, მაგრამ ხელოვანი, შემოქმედი, მხატვარი თუ მწერალი, თითქმის წმინდანია. მხედველობაში მაქვს მათი ხედვა, სიბრძნე. შეიძლება არაფერს წარმოადგენ, მაგრამ ასე ხედავ, და ესაა წმინდა, ღვთიური რამ. ეს უფრო მეტია, ვიდრე მარტივი ცხოვრება და აღქმა. ეს ასეა მაშინაც, თუ საშინელი ადამიანი ხარ, და განსაკუთრებით მაშინ, თუ  საშინელი ადამიანი ხარ. შენ ხედავ კავშირს სხვადასხვა მოვლენებს შორის და ეს გარყევს, ან ცხოვრების ძალას გმატებს, რაღაცას ნათელს ჰფენს, ისეთს, რასაც ხელოვნებისა და შენი შემოქმედების გარეშე ვერასოდეს შეამჩნევდი. ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ მოვლენებს ზემოდან დაჰყურებ, ან თითქოს მიწიერი სამყაროს საზღვრებს სცდები. ეს განსაკუთრებით მხატვრებს ეხებათ. ვერ წარმომიდგენია, როგორ გამოსდით. ანუ, რა კავშირია ჩვენს ტვინსა და იმ საქმეს შორის, რასაც ვაკეთებთ? აი, ამიტომაა კრიტიკა საშინელება. რა თქმა უნდა, ყველანაირ კრიტიკას ეს არ ეხება, მაგრამ უმრავლესობას კი. იმიტომ, რომ კრიტიკის ენა ვერ წვდება იმ დონეს, რომელზეც შემოქმედი ადამიანი იმყოფება.

სარა: თქვენ არქმევთ სახელებს თქვენს პერსონაჟებს, თუ ისინი თავად ირქმევენ?

ტონი: თავად ირქმევენ. ზოგჯერ მყავს პერსონაჟები, რომელთაც არასწორი სახელები ჰქვიათ, და ამის გამო მათ თითქოს საციცოცხლო ენერგია არ ჰქოფნით. ალბათ ჯერ უნდა ვკითხო: „რა გქვია?“ მერე დაველოდო, იქნებ მიპასუხოს. თუ სახელს არ მიმხელენ, როგორც წესი, წიგნში ბოლომდე მოუხეშავები რჩებიან, ან საერთოდ არ ლაპარაკობენ. ზოგჯერ სრულიად საპირისპიროდაც ხდება. როდესაც „სოლომონის სიმღერა“ დავწერე, იქ იყო ქალი, სახელად პილატე. როდესაც ის ჩემს წარმოსახვაში დავხატე, სულ ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, ენას არ აჩერებდა, მთელი წიგნი თვითონ მოიცვა. აუცილებლად უნდა გამეჩუმებინა, ამიტომ ვუთხარი „ახლა უნდა მოკეტო! შენი წიგნი კი არ არის!“ რომანში არის ერთი ადგილი, სადაც ის თავის შვილიშვილს გლოვობს და ამბობს: „ის ყველას უყვარდა.“ აი, სულ ეს არის, რაც მან წიგნში მიიღო. მიუხედავად მისი დიდი გავლენისა, ის არ ლაპარაკობს.

 

1 2 3 4 5 6 7