სარა: „დავუბრუნოთ ამერიკას წარსული დიდება“

ტონი: „დავუბრუნოთ ამერიკას წარსული დიდება“ ნიშნავს „ისევ გავათეთროთ ამერიკა“. მაგრამ ახლა ჩვენ ის ხალხიც გვყავს, ვინც ამას არ შეეგუება. და ვინაა ასეთი ადამიანი? მე, მაგალითად.

სარაგისმენთ თქვენ, როდესაც თქვენს წიგნებს კითხულობთ, რომელიც თქვენს მუსიკალურობას უსვამს ხაზს. წერის დროს თუ ფიქრობდით, რომ თქვენს შემოქმედებას ხმამაღლა წაიკითხავდნენ?

ტონი: ვფიქრობდი, რომ მკითხველი გაიგონებდა ჩემს ხმას. ჩემს სახლში ყველა ხმამაღლა კითხულობდა. ჩემი ოჯახი ამაყობდა, რომ ჩემს ბაბუას ბიბლია თავიდან ბოლომდე ჰქონდა წაკითხული. ხუთჯერ.  ვიცი, რომ იყო დრო, როდესაც კანონი შავკანიანებს კითხვის შესწავლას, ხოლო თეთრკანიანებს კი მათთვის სწავლებას უკრძალავდა. ამაზე პატიმრობა ან ჯარიმა იყო სასჯელი. ჩემს ბაბუას სკოლაში არ უვლია. ერთხელ წავიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მასწავლებლისთვის ეთქვა, რომ აღარ ივლიდა, იმედი ჰქონდა, რომ წერა-კითხვას თავისი და ასწავლიდა. მას დიდ ბაბუას ეძახდნენ. მოგვიანებით მივხვდი, რომ ბიბლიის გარდა სხვას ვერაფერს წაიკითხავდა. რა უნდა წაეკითხა? არც წიგნები იყო, არც ბიბლიოთეკა. მხოლოდ ბიბლია.

სახლში, სადაც გავიზარდე, წიგნები ყველგან ეწყო. დედა წიგნის კლუბის წევრი იყო, რასაც თითქოს წინააღმდეგობის სურნელიც დაჰკრავდა. ბავშვებს არა მხოლოდ წიგნებს გვიკითხავდნენ, ამბებსაც გვიყვებოდნენ. ამბებს მღეროდნენ. დაახლოებით, ათი ამბავი იყო, და ყველა არანორმალური.

სარა: ის ამბები დროსთან ერთად შეიცვალა?

ტონი: შეიძლება შეიცვალა, რადგან ჩვენ გვამღერებდნენ და გვაყოლებდნენ, ჩვენ კი ვცვლიდით.  აი, მაგალითად, გეტყოდნენ, აბა, მოყევი ესა და ეს ისტორიაო, შენ, სულ პატარა ბავშვი ადგებოდი, შენებურად გადაასწორებდი და შეცვლილი სახით მოყვებოდი. მაგრამ ამბები მართლაც არანორმალური იყო. აი, ერთს გეტყვით (იწყებს დაბალ ხმაზე სიმღერას, მერე ხმას უწევს): „წავიდე, მოვაჭრა, წავიდე მოვაჭრა ჩემს ცოლს თავი. მისამღერი ძალიან ხმამაღლა უნდა გემღერა: ტამ-ტამ, ტამ-ტამ, ტამ-ტამ. წავიდე მოვაჭრა ჩემს ცოლს თავი.“ მერე მოდიოდა ცოლი, ხელში იღლიაში ამოდებული ჰქონდა მოჭრილი თავი და ამბობდა: „ციიიიიივა გარეთ. ციიიიიიიიიივა გარეთ“. ასე ვერთობოდით. და ვმღეროდით.

დედაჩემი მუდმივად მღეროდა – დღისით, ღამით, სულ. მას ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი ხმა ჰქონდა. სარეცხს ფენდა, მღეროდა, ჭურჭელს რეცხავდა, მღეროდა. მისი სიმღერები ჩემთვის მისი დიდი შრომის ნაწილიც იყო. ამიტომ იყო, რომ როდესაც წერა დავიწყე, ჟღერადობას ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა და ვცდილობდი, ჩემს ტექსტებს დედაჩემის ხმა ჰქონოდა. ოცდაცხრამეტი წლისამ დავიწყე წერა. ბევრი რამაა დამოკიდებული ამბის ჟღერადობაზე. ყველა ზღაპარი, რასაც გვიყვებოდნენ, რეალურად, საშინელებათა ისტორია იყო. გახსოვთ ჰენზელი და გრეტელი? რა შემზარავია. ჯერ თავის შვილებს გარეთ აგდებენ, და მერე კუდიანი დედაბერი მათ ცეცხლში ყრის. ღმერთო ჩემო!

სარა: ერთ-ერთი რეფრენი, რაც  თქვენს ყველა წიგნს გასდევს, არის ჭიდილი მოგონებებსა  და დავიწყებას შორის, დავიწყება, როგორც კონკრეტული სირთულეების გადალახვის გზა. წიგნში „ღმერთო, დაიფარე ჩემი შვილი“, თქვენ წერთ: „მახსოვრობა ყველაზე დიდი დაბრკოლებაა, რასაც გამოჯანმრთელების გზაზე გადააწყდები.“ „საყვარელში“ ამბობთ: „ეს არ იყო ისეთი ამბავი, რომელიც,  უბრალოდ, დაგავიწყდებოდა.“ როგორ უმკლავდებით ამ ჭიდილს?

ტონი: ბედნიერების მისაღწევად, რასაც მე ბედნიერებას ვეძახი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს რომანებში ხალხი კვდება ხოლმე, საჭიროა ცოდნის შეძენა. თუ ბოლოს შენ იცი ის, რაც ადრე არ იცოდი, ამას შეიძლება სიბრძნეც ვუწოდოთ. ცხოვრებაში, ისევე, როგორც წიგნებში, არსებობს გარკვეული კანონზომიერება, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ორივე ერთ მიმართულებით მიედინება. მოულოდნელად კი რაღაც ხდება, და ადამიანები სწორედ ამ შემთხვევებზე სწავლობენ. „ღმერთო, დაიფარე ჩემი შვილიც“ ასეა. რა საშინელი სახელი აქვს ამ წიგნს…

მარიო: თქვენ რისი დარქმევა გინდოდათ?

ტონი: შერჩეული მქონდა სახელი, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ როგორც მახსოვს, ძალიან ლამაზად ჟღერდა.

სარა: რატომ შეცვალეთ?

ტონი: მაიძულეს.

სარა: ნობელის პრემია არ არის ერთ-ერთი ის პრივილეგია, რაც უფლებას გაძლევთ, თქვენი გაიტანო?

 

1 2 3 4 5 6 7