ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალ ტონი მორისონს ჟურნალისტები – სარა ლედიპო მენიკა და მარიო კაიზერი ესაუბრნენ .

 

 

სარა: ტონი მორისონი ინტერვიუზე ერთადერთი პირობით დაგვთანხმდა – არანაირი ფოტოგადაღება, თუმცა, ნებისმიერი შეკითხვის დასმის ნება მოგვცა და არც ინტერვიუს შემდეგ აპირებდა პასუხების გადასწორებას. არც იყო საჭირო: ის ზუსტად ისევე გარკვევით და მელოდიურად საუბრობს, როგორც წერს, რაც, მის შემოქმედებას სხვებისგან გამოარჩევს. მან ისაუბრა რასიზმსა და „სითეთრეზე“, მეხსიერებასა და დავიწყებას შორის ჭიდილზე და სექსის შესახებ წერის ხელოვნებაზე. მან ბევრი იცინა, გვიმღერა თავისი ბავშვობის ისტორიები და უარი განაცხადა ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის სახელის წარმოთქმაზე. მართალია, ერთსაათიან შეხვედრაზე შევთანხმდით, მაგრამ ინტერვიუ თითქმის ორი საათი გაგრძელდა.

მის აბაზანაში, ხელსაბანის თავზე, სარკის ნაცვლად, ჩარჩოში ჩასმული შვედეთის აკადემიიდან მოსული წერილი ჰკიდია, რომელიც იუწყება, რომ ტონი მორისონს ლიტერატურაში ნობელის პრემია მიენიჭა. მოპირდაპირე კედელზე კი, ასევე ჩარჩოში ჩასმული წერილია ტეხასის შტატის კრიმინალური დეპარტამენტიდან, რომელიც ტონის გამომცემელს ატყობინებს, რომ ტონი მორისონის წიგნი „სამოთხე“ აკრძალულია ტეხასის ციხეში, რადგან შესაძლოა, წიგნმა პატიმრებს აჯანყებისკენ უბიძგოს.

სარა: როგორ მოგმართოთ – დოქტორო, პროფესორო, ქალბატონო თუ…?

ტონი მორისონი: მე  ტონი მომწონს.

სარა: ტონი?

ტონი: დიახ, ამ სახელზე ვრეაგირებ.

სარა: ტონი, დიდი მადლობა, რომ თქვენთან საუბრის შესაძლებლობა მოგვეცით.

ტონი: ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა.

სარა: თქვენს აბაზანაში ვოლე შოინკას (ნიგერიელი ნობელის პრემიის ლაურეატი) ფოტო ვნახე. მეც ნიგერიიდან ვარ.

ტონი: დიახ. პარიზში გვქონდა ხოლმე სხვადასხვა შეხვედრები. ვსაუბრობდით მსოფლიოში აქტუალურ საკითხებზე. შოინკამ ყოველთვის იცოდა, როგორ გადაეჭრა პრობლემები.

სარაახლაც იცის.

ტონი: დიახ, დიახ. და იგივე ხმითაც ლაპარაკობს (იმიტირებს მის ხმას).

მარიო კაიზერი: მე და სარა თქვენი წიგნების წყალობით დავმეგობრდით. ჩვენ მწერლების რეზიდენციაში ვიყავით, როცა სარას ვუთხარი, რომ ჩემი ბაბუების ცხოვრების ისტორიას ვწერდი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულან. მან თქვენი „შინ“ მომცა, წიგნი და აუდიო წიგნი.

ტონი: დიახ, მე ჩავწერე აუდიო წიგნები. მიყვარს ჩემი წიგნების ჩაწერის პროცესი, რადგან ჩემს წიგნებს ჟღერადობის მიხედვით ვაფასებ. ეს, რა თქმა უნდა, ერთადერთი საზომი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია. მახსოვს, როდესაც პირველი წიგნი გამოვაქვეყნე, ჩემმა გამომცემელმა ის მსახიობებს მისცა დისკზე ჩასაწერად. მახსოვს, რომ არაჩვეულებრივი მსახიობები იყვნენ, თუმცა, ჩაწერას არასოდეს დავსწრებივარ. ერთხელ დისკი შემთხვევით ჩავრთე და ვთქვი: „ისინი ხომ არასწორად კითხულობენ. რაღაც ასეთი ხმა უნდა ყოფილიყო: „დათ-და-და-და-დათ-დათ-ბუმ-დათ-დათ-დათ-დათ-დათ. ხმა კი ძალიან მონოტონურად კითხულობდა.“ და მერე მე თვითონ დავიწყე ჩაწერა. ახლა მითხრეს, და ლამის შევიშალე, რომ თავიდან უნდა წავიკითხო, რადგან მაშინ რომანების შემოკლებული ვარიანტები ჩავწერეთ. უნდა იცოდეთ, რა საშინელი პროცესია: ზიხარ მოცუცქნულ ოთახში, ხალხი, რომელიც ჩანაწერს აკეთებს, გარეთაა და ვერც კი აკონტროლებ, კითხვისას რამდენ შეცდომას უშვებ.

 

1 2 3 4 5 6 7