ტონი: არა! (ის გამომცემელთან კამათის იმიტირებას იწყებს.) ‘რაც გინდათ ქენით, მაგრამ მე ეს სახელი მომწონს!’ – ‘არა მეთქი, ამას წიგნს ვერ დაარქმევთ!’ გამომცემლობას ჰქონია, რომ დიდ სამსახურს გიწევს, როდესაც შენს წიგნს აქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ ამით თავად უზარმაზარ შემოსავალს იღებს, და სულ მიიღებს.  ჩემი სიკვდილის შემდეგ და ჩემი შვილების და შვილიშვილების სიკვდილის შემდეგაც დიდი იქნება ჩემი წიგნებით მიღებული შემოსავალი. მე დიდი ხანია, ამ ინდუსტრიაში ვარ და ვიცი.  ჰო, რაზე ვსაუბრობდით?

სარა: მახსოვრობასა და დავიწყებას შორის ჭიდილზე.

ტონი: ჰო, ჰო, ჰო, ჰო. მაგრამ საქმე ბრძოლაში არ არის. უამრავი წიგნი იმაზე მოგვითხრობს, რომ ადამიანი რაღაცაში იმარჯვებს. მე ეს მაინცდამაინც არ მაინტერესებს, მე უფრო მაინტერესებს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანის ინტელექტუალური თუ ემოციური ცხოვრება.  ამ კვალს თუ გაყვებით, რაღაც კონკრეტულ ადგილამდე მიგიყვანთ. თქვენ რა თქმა უნდა, არ გინდათ, ეს ის ადგილი აღმოჩნდეს, საიდანაც დაიწყეთ, არა? იმ წიგნში, სადაც ის გოგონა…  რა ქვია იმ წიგნს?

სარა: „ღმერთო, დაიფარე ჩემი შვილი“

ტონი: დიახ, ეს წიგნი. ის გოგონა ძალიან, ძალიან მუქკანიანი და ძალიან, ძალიან ლამაზია. მისი შეყვარებული კი დიდი ინტელექტუალია. ორივემ იცის საკუთარი თავის ფასი. მერე კი დადგება ის დრო, როდესაც საკუთარი თავის გარდა, კიდევ ვიღაცაზე უნდა იზრუნონ და ეს მათ საკუთარი ნაჭუჭიდან გამოიყვანს. საბოლოოდ ისინი „მე, მე, მე“ ს ძახილს შეეშვებიან და საბოლოოდ, ერთმანეთზე ზრუნვასა და პატივისცემას ისწავლიან.

მარიო: თქვენ ე.წ. კანის პრივილეგიის შესახებ წერთ. რამდენად მოქმედებს თქვენი კანის ფერი თქვენს სტატუსზე? თუნდაც შავკანიანთა საზოგადოებაში? გახდებოდა ბარაკ ობამა ამერიკის პრეზიდენტი, უფრო მუქი კანი რომ ჰქონოდა?

ტონი: ჩემი აზრით, მას საკმაოდ მუქი კანი აქვს!

მარიო: მაგრამ მას არ აქვს ისეთი ფერი, რასაც „სუდანურ შავს“ ეძახიან.

ტონი: არა, სუდანური შავი არაა, ძალიან სასიამოვნო შავი ფერია. ეთიოპიური შავი.  ყველა ეთიოპიელი ლამაზია! ვერ იპოვით არასიმპატიურ ეთიოპიელს. რაც შეეხება კანის ფერს, მე პატარა სამრეწველო ქალაქიდან ვარ, სადაც ფოლადს აწარმოებენ.

მარიო: ოჰაიო, ლორენი.

ტონი: უამრავი იმიგრანტი ცხოვრობს და ერთადერთი სკოლაა, სადაც დამამთავრებელი კლასების გავლა შეგიძლია. მე ჯერ კოლეჯში წავედი – ჩემი ოჯახიდან პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც კოლეჯში სწავლობდა – და მერე, ჰარვარდში, აღმოვაჩინე ის, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ – კანის პრივილეგია. იმ დროს ვაშინგტონი სავსე იყო საშუალო კლასის შავკანიანებით. ისინი მუშაობდნენ მოქალაქეთა აღწერის ბიუროებში, იყო ორგანიზაციები,  კლუბები, სადაც მხოლოდ ამა თუ იმ კანის ფერის ადამიანები მუშაობდნენ. ისინი მაინცდამაინც ინტელექტუალებად არ მეჩვენებოდნენ და მხოლოდ კანის ფერის გამო ხომ ვერ დაუმეგობრდები ადამიანს. როდესაც იქ მასწავლებლის რანგში დავბრუნდი,  ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი იყო სტოუკლი კარმაიკლი. ერთხელ მას ვკითხე: „სტოუკლი, რას აპირებ დამთავრების შემდეგ? მან მიპასუხა: „თეოლოგიურ სემინარიაში მიმიღეს, მაგრამ ჯერ სამხრეთში მივდივარ.“  მაშინ კანის ფერი უკვე არაფერს მიშნავდა, ხოლო როცა მე ვიყავი სტუდენტი, სულ სხვაგვარი მდგომარეობა იყო: ვაშინგტონში ერთადერთი უნივერმაღი იყო,  სახელად Hecht’s, სადაც ფერადკანიან გოგოებს აბაზანაში შესვლა შეგვეძლო. ავტობუსებში კი ჩამოკიდებული იყო ფირფიტები წარწერით: „მხოლოდ თეთრკანიანებისთვის.“ ერთი ასეთი ფირფიტა მოვიპარე და დედას გავუგზავნე. და წყლის დასალევი შადრევნები? რა საჭიროა, ორმაგი თანხის დახარჯვა? ყოველთვის არასერიოზულად მიმაჩნდა. ამხელა ფულის ხარჯვა იმისთვის, რომ თავი ვიღაცაზე უკეთ იგრძნო.

მარიო: როდესაც დონალდ ტრამპმა აფრო ამერიკელებს მისთვის ხმის მიცემა სთხოვა, მან თქვა: „რას კარგავთ?“ ამას რას უპასუხებდით?

 

 

1 2 3 4 5 6 7