მარიო: თქვენი ბოლო წიგნი, „ღმერთო, დაიფარე ჩემი შვილი“, იწყება შთამბეჭდავი წინადადებით: „ჩემი ბრალი არ არის.

ტონი: დიახ.

მარიო: დედა თავის ახალშობილ გოგონას  უყურებს.

ტონი: და ეშინია.

მარიო: ის ხედავს, რომ გოგონას კანის ფერი მის კანზე გაცილებით მუქია და ბავშვის მომავალზე ღელავს.

ტონი: და თავის მომავალზეც.

მარიო: თქვენი წინა რომანებისგან განსხვავებით, ეს ამბავი დღევანდელ დროში ხდება. მიგაჩნიათ, რომ კანის ფერი ამ ქვეყანაში დღესაც განსაზღვრავს ადამიანის ბედს?

ტონი: ჩვენი ქვეყნის ისტორია ასე იწყება. ჩვენმა ქვეყანამ თავისი არსებობა აფრიკელების შრომით დაიწყო – აფრიკელები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შრომობდნენ და მშრომელებს შობდნენ. როდესაც „შეწყალებას“ ვწერდი, მინდოდა იმ დროის ამბები აღმეწერა, ვიდრე რასიზმი დედამიწის დამახასიათებელი მოვლენა გახდებოდა. იმ დროის შესახებ, ვიდრე სეილემის პროცესი, კუდიანების გასამართლება დაიწყებოდა. როგორც ვიცით, ეს იყო დრო, როდესაც ადამიანები ერთმანეთს რელიგიური მიზეზების გამო კლავდნენ. მორწმუნეებს ყველაფერი აშფოთებთ, კანის ფერის გარდა. თუმცა, რელიგიური მიზეზების გამო დაწყებულ ნადირობას კანის ფერის გამო დაწყებული მოვლენები მოჰყვა. ამით „განიკურნა“ საზოგადოება და გაერთიანდა ხალხი: თეთრები გახდნენ თეთრები. აბა, დაფიქრდით, რაც ამ ქვეყანას და მის ხალხს აერთიანებს, ისაა, რომ მათ ფერადკანიანი მოსახლეობა ჰყავთ. შეიძლება, რაღაც ამდაგვარი პროცესები ახლა ევროპაშიც მიდის. იმას ვგულისხმობ, რომ თუ შვედეთიდან ხარ, მაშინ შვედი იქნები. არაა საჭირო აღნიშნო – „მე თეთრი შვედი ვარ.“ ხვდებით, რას ვამბობ?

მარიოდიახ. მე გერმანელი ვარ და ვიდრე ამერიკაში გადმოვიდოდი საცხოვრებლად, არასოდეს მიფიქრია ჩემი კანის ფერზე.

ტონიეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ვიღაც ისეთი, როგორიცა ფრედერიკ დუგლასი, წიგნს წერს, თეთრკანიანი ადამიანისთვის წერს და ამას თავისი საფუძველიც აქვს, ის მათ მოქმედებისკენ მოუწოდებდა, რადგან მისი აუდიტორია ასეთი ადამიანებისგან შედგებოდა. ლევ ტოლსტოი თავის წიგნებს ოჰაიოელი გოგონებისთვის არ წერდა. ის რუსებისთვის წერდა, ასე არ არის? მე აფროამერიკელებისთვის ვწერ, მათთვის და მათ გამო. თუ ჩემი წიგნები საყურადღებოა, მაშინ მათ აფროამერიკელების გარდა, სხვებიც წაიკითხავენ. ეს საკითხი ასე შეგვიძლია მარტივად განვსაზღვროთ: დარწმუნებული ვარ, რომ  შავკანიანები საინტერესოები ვართ.

სარა: დიახ!

ტონი: ნახეთ, რა სასაცილოა: როდესაც უცხოელები, განსაკუთრებით ევროპელები, ამერიკაზე ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ იმაზე, რაც აქ უყვართ, როგორც წესი, ეს აფროამერიკულ კულტურას ეხება: მაგალითად ავიღოთ ჯაზი და ენაც კი. აბა წარმოიდგინეთ ამერიკა ჩვენს გარეშე: აქ ტურისტადაც კი არ ჩამოვიდოდი. ჩემი პირველი წიგნით მინდოდა მეთქვა: „შეხედეთ, რასიზმი რეალურად აყენებს ზიანს ადამიანებს. თუ თქვენ გინდათ იყოთ თეთრკანიანი და არ ხართ, მაგრამ  ხართ ახალგაზრდა და მგრძნობიარე, შეიძლება რასიზმმა მოგკლათ კიდეც.“ ამაზე ვფიქრობდი, როდესაც წერა დავიწყე. და მერე, ამდენი წლის წიგნების კითხვის, წიგნების რედაქტირების, ბიბლიოთეკებში მუშაობის შემდეგ, უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემს შესახებ წიგნი არ არსებობს, და ვიფიქრე, თუ მე ასეთი წიგნის წაკითხვა მომინდა, მაშინ დაწერაც ღირს-მეთქი.

მარიო: რომანში „ღმერთო, დაიფარე ჩემი შვილი“, ისევე, როგორც თქვენს სხვა რომანებში, ბავშვები იტანჯებიან. თქვენ ორი ბავშვი მოავლინეთ ამ ქვეყანაზე, სამოციან წლებში, როდესაც ადამიანის სამოქალაქო უფლებებისათვის მიდიოდა ბრძოლა. ამ ბრძოლამ ხომ არ ჩაგისახათ იმედი, რომ თქვენი შვილებისთვის ამერიკაში უკეთესი მომავალი დადგებოდა?

ტონი: არა. არა. არა. აქ დიდი ხანია ვცხოვრობ. ნახეთ, გაზეთებმა მხოლოდ ბოლო დროს დაიწყეს შავკანიანების მკვლელობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, მათ შესახებ, ვისაც ლინჩის წესით გაუსწორდნენ. მანამდე პრესა გულგრილი იყო ასეთი საკითხების მიმართ. ახლა ტრეივონ მარტინის და იმ პატარა ბიჭის ამბავი, რომლებიც ჩაცხრილეს, ყველას პირზე აკერია და მედიაც აშუქებს. მე ვეუბნები ჩემს ვაჟს: „წარმოგიდგენია, რომ მე აქ ორმოცდაათი, სამოცი წლის წინ ვცხოვრობდი, მაშინ, როდესაც ასეთ ამბებზე ერთ სიტყვასაც კი არ წერდნენ?“ ახლა რაღაც ცვლილებები ხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ე.წ. პრეზიდენტთან ერთად  უკან მოგვიწევს ნაბიჯების გადადგმა. ეს კი ისეთი სახიფათოა, რომ ფიქრიც კი არ მინდა. ეს კაცი მართლა მაგიჟებს.

 

1 2 3 4 5 6 7