მარიო: თქვენ თორმეტი წლის ასაკში კათოლიკურად მოინათლეთ და სახელი ანტონი აირჩიეთ. ანტონი შემდეგ გახდა ტონი. წმინდა ანტონი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ბიბლიაში.

ტონი: წმინდა ანტონ პადუანელი!

მარიო: მან სახელი გაითქვა თავისი შესანიშნავი ქადაგებებით. ასევე, ის ეხმარება ხალხს დაკარგული ნივთების მოძებნაში. რისი  დაბრუნება გინდათ?

ტონი: ორი რამის. ერთი ჩემი ვაჟია, და მეორე, ჩემი ცხოვრების კონკრეტული პერიოდების. თავიდან გავივლიდი იმ მონაკვეთებს.

მარიო: რომელიმე მონაკვეთს გამოყოფდით?

ტონი: დიახ, უნივერსიტეტის პერიოდს. საერთოდ, იმ დროს ბევრი კარგი რამ მოხდა, უამრავი ახალი რამ ვისწავლე. პატარა თეატრალური წრის წევრიც ვიყავი და ზაფხულობით ვმოგზაურობდით ხოლმე. მაშინ მოვხვდი პირველად სამხრეთში. ნამდვილ სამხრეთში, ვაშინგტონს არ ვგულისხმობ. მახსოვს, როდესაც სასტუმროში მივედით, ჩვენმა პედაგოგებმა გაარკვიეს, რომ იქ დიდი არეულობა იყო და ვერ გავჩერდებოდით. მათ სატელეფონო ჯიხურში, ცნობარში შავკანიანი მოძღვრის ტელეფონის ნომერი იპოვეს, ხომ გახსოვთ, სატელეფონო ჯიხურები რომ იდგა? დარეკა და მოძღვარს უთხრა, რომ სტუდენტების ჯგუფი იყო ჩამოსული ჰარვარდიდან და ღამის გასათევი ადგილი სჭირდებოდა, რადგან შავკანიანებს არსად უშვებდნენ. მან უპასუხა „თხუთმეტ წუთში დამირეკეთ.“ ის მართლა დაგვეხმარა, მისი  მრევლიდან რამდენიმე ადამიანმა თავის სახლში მოგვიღო. მე ერთ-ერთმა გოგონამ წამიყვანა თავისთან და მოვხვდი სახლში, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ. რა არაჩვეულებრივი იყო!. ისინი თეთრეულს ბუჩქებზე აშრობდნენ და ლოგინს ფოთლების სურნელი ასდიოდა. თავი ზღაპარში მეგონა! და რა გემრიელ საჭმელს ამზადებდნენ! გვინდოდა მათთვის გადაგვეხადა, მაგრამ უარი გვითხრეს. ამიტომ, ფული ბალიშის ქვეშ დავუტოვეთ.

მარიო: ამ ამბავმა ფრენკ მანი მომაგონა, თქვენი წიგნის, „შინ“ გმირი. როცა ის ღამის გასათენებელ ადგილს ეძებს.

ტონი: დიახ, დიახ. და აქვს „მწვანე წიგნი“, რომელიც მეც მაქვს. ესაა გზამკვლევი შავკანიანებისთვის, სადაც აღნიშნულია, მოგზაურობის დროს მათთვის ღამის გასათენებელი ადგილები. იცით, თავიდან მე არ მიხსენებია, რომ ფრენკ მანი შავკანიანია, ვიდრე ჩემმა გამომცემელმა არ მითხრა: „ვერავინ გაიგებს, ეს კაცი თეთრკანიანია თუ შავკანიანი.“ „მერე რა?“ ვკითხე მე. „ტონი, მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია.“  და მეც დავემორჩილე. ჩემთვის საინტერესო პროცესი იყო ამ წიგნზე მუშაობა. იცით,შეიძლება თქვა „შავი“ და არაფერი იგულისხმო. თუ, რა თქმა უნდა, შენ თვითონ არ მიანიჭებ რამე განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მე მიჩიგანში მყავდა ბებია, ყველაზე ბრძენი ადამიანი ჩვენს ოჯახში. მან ყველაფერი იცოდა. ზოგჯერ ჩვენთანაც ჩამოდიოდა სტუმრად. ძალიან მაღალი ქალი იყო, უფრო სწორად, ძალიან მაღალი გვეჩვენებოდა, ხელჯოხით დადიოდა, მაგრამ აშკარად არ სჭირდებოდა. ერთხელ მოვიდა ჩვენთან, შემოგვხედა მე და ჩემს დას და თქვა: „ამ ბავშვებს რაღაც შეურიეს.“ მე ეს სასიკეთოდ მივიღე. ის ნამდვილი აფრიკელი იყო, წმინდა სისხლის, ძალიან, ძალიან შავი, ჩვენ კი მეტისები ვიყავით. ჩემთვის ეს საინტერესო მომენტია, რადგან თავიდანვე „სხვა“ აღმოვჩნდი, თუმცა, ამ შემთხვევაში, განსხვავებული კუთხით.

სარა: შეიძლება, სექსზე ვისაუბროთ?

ტონი: დიახ. მშვენიერი დროა სექსზე სასაუბროდ, ასე მგონია, უკვე ათასი წელი გავიდა. აბა, რა გაინტერესებთ?

სარა: ყველამ იცის, რომ არაჩვეულებრივად აღწერთ სექსის სცენებს.

ტონი: გეთანხმებით ! სხვებზე გაცილებით უკეთ.

სარა: როგორ ახერხებთ?

ტონი: ყველაზე ცუდი სექსის სცენებში ისაა, რომ მას კლინიკურად აღწერენ, იყენებენ სიტყვებს „მკერდი“, „პენისი“ და ა.შ. ვის აინტერესებს? სექსის საუკეთესო ნაწილი, როდესაც წერ, ან გაქვს, ორგანოები კი არა, სულ სხვა რამეა. თუ სექსს რამე სხვა ქმედებასთან ან მოვლენასთან დააკავშირებთ, მაშინ სექსის აღწერაც საინტერესო გამოვა.

სარა: „შეყვარებულში“ ასეთ როლს ასრულებს სიმინდის ყანაში სიმინდის ჭამა, ესაა მინიშნება სექსზე.

ტონი: სიმინდი ირხევა. კაცები უყურებენ.

 

1 2 3 4 5 6 7