ორ თვალსაზრისს შორის ასეთი რადიკალური განსხვავების პირობებში, მართლაც, გამოცანად ჩანს, რატომ დასჭირდა გალაკტიონს საბჭოური ეროვნული პოლიტიკის „ტრიუმფის“ საილუსტრაციოდ მაინცდამაინც ილიას გამოხმობა და შეუთავსებელ თვალსაზრისთა „ჰარმონიზაცია“.

თუ პოეტის სულმდაბლურ სერვილიზმს იძულებით მლიქვნელობად არ აღვიქვამთ და ისტორიულ და ფსიქოლოგიურ კონტექსტებსაც გავააქტიურებთ, ჩნდება აზრი, რომ შესაძლოა, გალაკტიონთან ილიას ფორმულას ორმაგი დატვირთვა ჰქონოდა: თუ ღიად და პირდაპირ მასში ოფიციალური იდეოლოგიური შინაარსი იყო ჩადებული, რასაც გარემოებანი აიძულებდა პოეტს, იგივე ფორმულა, დიდი ალბათობით, ალუზიის ფუნქციას ითავსებდა. მინიშნების ხერხით გალაკტიონი „მგზავრის წერილების“ შესაბამისი პასაჟის აქტუალიზაციას ახდენდა – ფორმულის საბჭოური ინტერპრეტაციიდან თავისი მკითხველი პირველწყაროსაკენ, მოთხრობის ტექსტისაკენ გაჰყავდა, რათა მისთვის ილიას ჭეშმარიტი აზრი, მისი ეროვნული ტკივილი გაეხსენებინა:

„აწინა?.. რუსობაჩი ვარნ! აწინა ყველაი გაცუდდის, ყველაი გაუქმდის… ერი დავარდნილ, გალახულ არნ, ვრდომილ-კრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წეს-წყობა“…

ლელთ ღუნიას, „ცხოვრების თვალყურმადევარი“ მოხევის ამ სიტყვებს შეუძლებელია არ დაეფიქრებინა ქართველი კაცი, არ დაენახა, რომ მოხევე დაკარგულ დამოუკიდებლობას იგლოვდა, ერის თავისუფლების უფლებას იცავდა, რადგან მხოლოდ თავისუფლება ანიჭებს ერს მხნეობას, სიმამაცეს, ერთიანობის შეგნებას და ზნეობრივი ცხოვრების ძალას, – ყოველივე იმას, რასაც მოკლებული იყო საბჭოთა საქართველო.

 

II. „დიდი“ და „პატარა“ სამშობლო

 

ეროვნული სუვერენიტეტის ილიასეული ფორმულა ბეჭდური სახით კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გვხვდება გალაკტიონის უსათაურო ლექსში „გემი ვით არ იცნობს“, რომელიც 1957 წელს გამოქვეყნდა. ჩვენთვის კარგად ნაცნობი კონფორმისტული დისკურსი აქ დიალოგის ფორმითაა წარმოდგენილი:

გემი ვით არ იცნობს
ზღვას ვრცელს და განიერს,
იგიც ხომ მეზღვაურს
სამშობლოდ ეკუთვნის?

– მოხევევ! გახედე
ჩვენს იმერ-ამიერს:
ეყუდვნის თავის თავს?
– ცხადია, ეყუდვნის.

ამ ლექსის შესახებ ი. კენჭოშვილი წერს: „მთლიანად სიმბოლურია ლექსი „გემი ვით არ იცნობს“, რომელიც ილიას „მგზავრის წერილების“ ცნობილ დიალოგთან ალუზიის წყალობით ქართლის ბედის ფართო სააზროვნო კონტექსტს ეხმიანება“.

მართლაც, გარდა პირდაპირი, „ჯანსაღი აზრისა“ გალაკტიონის ამ ერთი შეხედვით მარტივ, სადა ლექსს მეორე, სიმბოლური პლანიც აქვს, რომლის გაშიფრვის გარეშე ტექსტში ზოგი რამ ბუნდოვანი რჩება, ხოლო სიღრმისეული ჩანაფიქრი – მიუკვლეველი. გასარკვევია, რას გულისხმობს მოცემულ კონკრეტულ კონტექსტში გალაკტიონისათვის ტრადიციული სიმბოლოები – „ზღვა“ და „მეზღვაური“; რა მინიშნებებია სიცხადეს მოკლებულ ფრაზებში: „გემი ვით არ იცნობს ზღვას“, ან „იგიც… მეზღვაურს სამშობლოდ ეკუთვნის“; პასუხგასაცემია უფრო ზოგადი კითხვაც: რა კავშირია მეზღვაურის თემასა და მოხევის თემას შორის, ანუ ტექსტის პირველსა და მეორე მონაკვეთებს შორის, რომლებიც, რეალური ვერსიფიკაციული პარამეტრების მიხედვით, ერთი სტროფის შემადგენელი ნაწილებია და არა ორი დამოუკიდებელი სტროფი.

სანამ ლექსის ანალიზს დავიწყებდეთ, აუცილებლობა მოითხოვს გავიხსენოთ ის პოლიტიკურ-იდეოლოგიური ვითარება, რა დროსაც დაიწერა „გემი ვით არ იცნობს“.

1951 წლის 2 ივლისს გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო სტატია „ლიტერატურაში იდეოლოგიურ დამახინჯებათა წინააღმდეგ“. სტატიაში მკაცრად იყო გაკრიტიკებული ერთ-ერთი უკრაინელი პოეტის პატრიოტული ლექსი „გიყვარდეს უკრაინა“, როგორც ნაციონალისტური სულისკვეთების გამოვლენის ნიმუში. ნაწარმოებში უკრაინა თურმე წარმოდგენილი იყო „განმარტოებულად, საბჭოელი ხალხისაგან მოწყვეტილად“.

კომპარტიის ცენტრალურ ორგანოს მალევე გამოეხმაურა ქართული გაზეთი „კომუნისტი“ (1951, 29 სექტემბერი), რომელიც ქართველ შემოქმედთ დირექტივული ტონით შეაგონებდა, რომ სამშობლოს წარმტაცი ბუნებით ტკბობა და მისი გმირული წარსულით სიამაყე „არ არის ჯანსაღი განწყობილება“, რომ „საქართველოს ძალა და სიდიადე, მისი აყვავებისა და გაფურჩქვნის წყარო არის დიდი საბჭოთა კავშირი, რომლის განუყოფელ ნაწილსაც ის შეადგენს; არის ხალხთა სტალინური მეგობრობა, რომელმაც უძლეველი ძალა მისცა საბჭოთა კავშირის ყველა ერს“.

ასე დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა არარუსი ხალხების ეროვნული ღირსებისა და თვითგამოხატვის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი იყო „ატავისტური“ მამულის სიყვარულის ჩანაცვლება ჯანსაღი საბჭოთა პატრიოტიზმით. საქმე იქამდე მივიდა, რომ მშობლიური ბუნებისა და ისტორიის სიყვარული ბურჟუაზიული ნაციონალიზმის რეციდივად, ნაციონალურ ცრურწმენათა ნაშთად მოინათლა, რომელიც უნდა წაშლილიყო ადამიანთა ცნობიერებიდან.

ამ სიტუაციაში საბჭოთა ლიტერატურული კრიტიკის უპირველეს ამოცანად იქცა მხილება ამ ე.წ. ნაციონალიზმის ნაშთებისა, რომელიც თურმე ეროვნულ სამოსელში ინიღბება. მხილების კამპანია საქართველოში გალაკტიონით დაიწყო. წერილში „ნაციონალურ ცრურწმენათა ნაშთების შესახებ“, რომლის ავტორი იყო კრიტიკოსი ს. ჭილაია, პოეტს ოციანი წლების შედევრი – „ეფემერა“ შეახსენეს იმ საბაბით, თითქოს იქ იყო „რაღაც მისტიკური ცნება „ქართული სისხლის“ შესახებ“. იგულისხმებოდა სტრიქონი: „წვეთი სისხლი არ არი ჩემში არაქართული“, რომელიც ავტორმა 1944 წელს თავადვე შეცვალა ახალი, ასე ვთქვათ, არამისტიკური რედაქციით: „არაფერი არ არი ჩემში არაქართული“. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსი მაინც შეუბრალებელი იყო: „ჩვენ ვერ შევურიგდებით საკუთარ ნაჭუჭში ამგვარ გამოკეტვას, როგორსაც გულისხმობს ფორმულა „არაფერი არ არი ჩემში არაქართული“. ეს ფორმულა უშუალოდ მომდინარეობს ბურჟუაზიული ნაციონალიზმიდან, რომლის არსია, – როგორც „პრავდა“ წერდა, – მისწრაფება განკერძოებისაკენ, ეროვნული შეზღუდულობის ნაჭუჭში ჩაკეტვისაკენ“.

 

1 2 3 4 5 6