I. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“…

 

1931 წელს, ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნების შემდეგ, ცალკე წიგნად გამოიცა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „საით მიდის რევოლუციონური საქართველო“. ამ დროისათვის პოეტი უკვე იყო ავტორი ამავე ჟანრის ვრცელი პუბლიცისტურ-ლირიკული კომპოზიციებისა „ეპოქა“ და „პაციფიზმი“. ახალი, სოციალისტური ყოფის ამსახველმა ამ პოემებმა, რომელთაც იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ხასიათი ჰქონდათ, მეტი დამაჯერებლობა შესძინეს საბჭოურ მითს, რომლის თანახმად გალაკტიონ ტაბიძემ თურმე უყოყმანოდ მიიღო საქართველოს ე.წ გასაბჭოება ანუ, რეალურად, ბოლშევიკური რუსეთის მიერ თავისი სამშობლოს ოკუპაცია და ანექსია.

დრო ზუსტად იყო შერჩეული. „მასსების პოეტი“ მკითხველთა წინაშე ისეთი თავგამოდებით განადიდებდა ძველის დაუნდობელ ნგრევასა და ახლის შენებას – „ნახტომს უდიდესს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს“, – ეჭვის შეტანაც კი ძნელი იყო, რომ იგი იმთავითვე ბოლშევიკების გვერდით არ იდგა.

საბჭოთა წყობილებისადმი გალაკტიონის განუხრელი ერთგულების ფსევდონარატივი მალე იმითაც განამტკიცეს, რომ იგი ქართული საბჭოთა პოეზიის ფუძემდებლად გამოაცხადეს და სახალხო პოეტის წოდებაც უბოძეს. ამის შემდეგ კრიტიკა ზოგჯერ თუ შეახსენებდა სიმბოლისტურ წარსულს, მერე და მერე კი ის ფაქტები, რომლებიც ჩრდილს მიაყენებდა საბჭოთა პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ნათელ სახებას, მიიჩქმალა ან სულაც განიდევნა პოეტის ბიოგრაფიიდან.

არადა, მითს მიღმა დატოვებული რეალობა – იგნორირებული თუ ტაბუირებული სინამდვილე რადიკალურად საპირისპირო იყო. გალაკტიონი, როგორც მოქალაქე და შემოქმედი, დამოუკიდებლობის ბოლო დღეებამდე ერთგულად იდგა ქვეყნის თავისუფლების დამცველთა შორის, ხოლო მის 1921-1922 წლების ლექსებში, – განსაკუთრებით თავდაპირველ რედაქციებში, – მკაფიოდ იგრძნობოდა სამშობლოსთვის თავდადების პათოსიც, დამარცხების ტკივილიც და დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული სასოწარკვეთაც. ამის დასტურია თუნდაც ლექსი „ტფილისთან“ – პირველნაბეჭდი, ვრცელი რედაქცია ცნობილი ლექსისა „სადღეგრძელო იყოს მისი“, რომელიც 1921 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა და ქართველ მხედრებს – ბრძოლის ველზე მიმავალ სახალხო გვარდიელებს მამულისათვის თავგანწირვის წმინდა მოვალეობას შეახსენებდა.

სანამ არსებობდა თავისუფალი სიტყვის ილუზია, გალაკტიონი მეტ-ნაკლები სიმკვეთრით ახერხებდა ეროვნული პოზიციის გამოხატვას. ლექსში „ღრუბლები ჰგვანან ამღვრეულ ტვინებს“ გალაკტიონის პოეზიაში პირველად გამოჩნდა მოხევე ლელთ ღუნიას აჩრდილი, რომლის პირითაც გამოთქვა ილიამ „მგზავრის წერილებში“ ეროვნული სუვერენიტეტის ფორმულა – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. დასაღუპად განწირული ხომალდიდან გაგზავნილ ძუნწ შეტყობინებას ჰგავს ამ პატარა ლექსის ბოლო სტრიქონები:

დაკარგულია გზა მოხევესი –
ბნელდება. ღამე. მიეშველენით.

გალაკტიონის თვალწინ იკარგებოდა, წარიხოცებოდა მოხევის „გზა“ – გზა ეროვნული დამოუკიდებლობისა. ქვეყანაში, პოეტის შეფასებით, დიდი, ბნელი ღამე იწყებოდა და არა ახალი, სოციალისტური ცხოვრების განთიადი…

1924 წლის აჯანყების შემდეგ საქართველოში სიმკაცრე სისასტიკემ შეცვალა. შემოქმედთ უაპელაციოდ მოსთხოვეს პასუხი, წარსულისაკენ მზერა უჯობდათ, თუ მზად იყვნენ სოციალისტური ეპოქის აპოლოგიისათვის. არჩევანი, ფაქტობრივად, მორჩილებასა და სიკვდილს შორის უნდა გაკეთებულიყო.

გალაკტიონისათვის ადვილი არ იყო იმის ცქერა, როგორ ითელებოდა თავისუფლების „კეთილშობილი ვარდები“ გალაღებული, ცინიკურად მოცინარი ფავნის ფერხთა ქვეშ (ლექსი „ავადმყოფს“, 1923), მაგრამ პოეტს სულ უფრო ეუფლებოდა იმის განცდა, რომ დროთა კავშირი საბედისწეროდ გაწყდა, „ის დრო წავიდა“. მთაზე განმარტოებით დგომა აღარ შეიძლებოდა. შორს, გორაკზე დარჩა ისტორიული საქართველოს ნაშთი – „თეთრი კოშკის ძველი გალავანი“, გალაკტიონმა კი თავს თანამედროვეობაში დაბრუნება უბრძანა:

დავუბრუნდეთ… უნდობარ სულს
თითქო კარი დარაზოდეს,
შენ ნუ მკითხავ მაინც წარსულს,
არც მე გკითხავ არასოდეს.

ბოლო ორი სტრიქონი დრამატული ფინალია პოეტის შინაგანი დიალოგისა, იმის მანიშნებელი, რომ „უნდობარმა სულმა“ წარსულისაკენ მზერა გადაკეტა, წარსულზე დუმილის აღთქმა დადო თუ დაადებინეს. სულის სიღრმეში დაილექა დარდი თავისუფალ საქართველოზე – თითქოს სამოთხიდან გამოაძევეს:

ის ხეტიალობს ისეთნაირ განწირულებით,
როგორც სამოთხის დახურულ კართან,
გულზე აჩნია უკურნავი დროის წყლულები,
გაუნელებელ ცეცხლთა და ქართა.

ეს მძიმე განწყობილება გაჰყვა „პროლეტარული აბობოქრების“ წიაღში შესულ გალაკტიონს, შემდეგ კი – შემდეგ ზედიზედ დაწერა „ეპოქა“, „პაციფიზმი“, „საით მიდის რევოლუციონური საქართველო“ და… დაკვეთილი აღტაცების ზღვაში შეაბიჯა…

 

1 2 3 4 5 6