პოემის ფაბულა მარტივია: ავტორი ახალგაზრდა მოხევის ქალთან ერთად მიფრინავს ლელთ ღუნიას მშობლიურ კუთხეში და იქ, კავკასიისათვის ბრძოლის ფონზე, ისინი – პოეტი და პერსონაჟი – ახმოვანებენ პოლიტიკურად აქტუალურ საკითხებს.

ახალგაზრდა მოხევე ქალი იმათი შთამომავალია, ვინც შთააგონებდა ილიასა თუ ყაზბეგს. გალაკტიონთან იგი ახალი ცხოვრების შვილია, ე.წ. ახალი ადამიანის სქემატური სახეა, მოკლებული რაიმე ინდივიდუალურ ნიშნებს. პერსონაჟი კავკასიონთან მიმდინარე ბრძოლას საბჭოთა პატრიოტის თვალით აღიქვამს, მტრის გარდაუვალ დამარცხებას და საბჭოთა სამშობლოს აღდგენა-აღორძინებას წინასწარმეტყველებს. თავისუფლება მისთვის ოქტომბრის პირმშოა („დიდმა ოქტომბრის დღემ დაგბადა, თავისუფლებავ!“) და მზადაა, მის მონაპოვარს სიცოცხლე შესწიროს:

საბჭოთა მხარევ, სანეტარო
და საოცნებო,
სიცოცხლე ერთხელ მოგვეცა ჩვენ
და მხოლოდ შენთვის.

აი, ეს ახალი ადამიანი – ახალი ცნობიერების „საბჭოთა მოხევე“ წარმოთქვამს პოემაში იმ ფრაზას, რომელიც ლელთ ღუნიასთან და, მაშასადამე, ილიასთან ასოცირდება:

ჩვენვე გვეყუდვნის ჩვენივ თავი,
ჩვენ გავიმარჯვებთ!

ნათელია, რომ მოხევე ქალი აქ საბჭოეთის გამარჯვებაზე საუბრობს და ილიას სხვა სულისკვეთებისა და სემანტიკური ტრადიციის ფრაზაში სულ სხვა, „აქტუალური შინაარსია“ ჩადებული.

ახალგაზრდა ქალის ხმა საბჭოთა ხალხის ხმაა, ამიტომ პოეტის მოვალეობაა, მოისმინოს და ქვეყნიერებას მოჰფინოს იგი. მართლაც, პოეტი, რომელიც პოემის პერსონაჟიცაა, მოხევე ქალის ვრცელი პროპაგანდისტული მონოლოგის შემდეგ თავადაც აქტიურდება და ორგზის წარმოთქვამს ჩვენთვის საინტერესო ფრაზას. აი, როგორ ამხნევებს იგი საბჭოთა ხალხს:

თუ თავი ჩვენი ჩვენ გვეყუდვნის,
რისაა შიში?
წყევლა და კრულვა დამპყრობლის გზას…
მტერს ზარდაცემა!

პოემის ფინალში გალაკტიონი ქებათა ქებას უძღვნის სოციალისტურ აღმშენებლობას, ნათელ მომავალს და ამჯერად ახალგაზრდობას არწმუნებს:

ახალგაზრდებო! ჩვენი თავი
ჩვენვე გვეყუდვნის!

„მოხევის ქალი“ თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტული პოემაა, საბჭოთა პატრიოტიზმის საჯარო დეკლარაცია, შელამაზებული ძმურ ინტერნაციონალურ ოჯახში საქართველოს გამოგონილი თავისუფლებით.

ილიასეული ფორმულის ადაპტირება საბჭოთა რეალობასთან გალაკტიონის ორსავე პოემაში და ლექსში თავისთავად ეროვნული ცნობიერების რღვევის ნიშანია, მაგრამ უცნაურია და დასაფიქრებელი, რატომ მიმართა გალაკტიონმა ოფიციალური პოზიციის გადმოსაცემად ილიას ეროვნულ ფორმულას? ნუთუ კონფორმიზმმა გენიალური პოეტი იმ ზღვრამდე მიიყვანა, რომ წმინდა იდეის რიგითი გამყალბებელი, კომუნისტური ფსევდომითის მორჩილი პროპაგანდისტი გახდა?!

საკითხში გასარკვევად, ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ერთი გარემოება:

გალაკტიონის შემოქმედებაში, ოპტიმისტური საბჭოური ტექსტების პარალელურად, 30-იან წლებშივე იქმნებოდა სრულიად საპირისპირო შინაარსისა და განწყობილების ლექსები, რომლებიც პოეტის არქივში ჩარჩა და გვაცნობს მის რეალურ განცდებსა და ფიქრებს. ასეთია, მაგალითად, უსათაურო „პირველი ფოთლით იმოსება ტყე“ – ამჯერად უკვე მწარე, პესიმისტური პასუხი ილიას „გაზაფხულში“ დასმულ კითხვაზე.

ტყე ფოთოლს ისხამს, ბუნება მშვენიერდება, მაგრამ იცრემლება ვაზი, ტირის ბალახი, ოხრავენ ყვავილები… ამ სევდიან გარემოში არაორაზრონად ჩაგვესმის პოეტის განმარტება:

წარსულზე კი არ აფრქვევს ცრემლს ვაზი
და მოლივლივე სუნთქვა ზეფირის,
არა, აწმყოზე ოცნებობს ველი
და არე-მარეც აწმყოზე ტირის.

აქ აღარც ილიასეული მეტის ლხენით ტირილია და არც სოციალისტური „უდიდესი ლხენით სიმღერა“. ლექსში გლოვის პირდაპირი საგანი აწმყოა, სწორედ ის საბჭოთა აწმყო, ოფიციალურ ლექსებში რომ განადიდებდა გალაკტიონი.

30-იან წლებში, როგორც ითქვა, მსგავსი შინაარსის ლექსი არაერთია, გავიხსენოთ თუნდაც „ეს არ არის საქართველო“, რომელიც ყოველგვარი დაეჭვების გარეშე გვიდასტურებს გალაკტიონის ანტისაბჭოურ განწყობილებებს, მის ტკივილიან დაფიქრებას მამულისა და ერის ტრაგიკულ აწმყოზე.

პოეტის ამგვარ განწყობილებათა გათვალისწინებით, ოფიციალურ და ფარულ დინებათა ორმაგ კონტექსტში, ჩნდება ჰიპოთეტური ვარაუდი, ხომ არა აქვს გალაკტიონთან ახლადრეაბილიტირებული ილია ჭავჭავაძის ეროვნული ფორმულის არაერთგზის გამეორებას რაიმე შეფარული აზრი და მიზანი?!

გალაკტიონ ტაბიძემ დანამდვილებით უწყოდა რადიკალური განსხვავების არსებობა ილია ჭავჭავაძის ეროვნულ პროგრამასა და ნაციონალური საკითხის გადაჭრის სოციალ-დემოკრატიულ კონცეფციას შორის. მისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ ილია განასახიერებდა ერს, მის უფლებებს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეას, სოციალ-დემოკრატებს კი, მენშევიკებსაც და ბოლშევიკებსაც, ნაციონალიზმი ბურჟუაზიული იდეოლოგიის გამოვლენად მიაჩნდათ. ისინი გამუდმებით „ამხელდნენ“ ნაციონალიზმის იდეას და საკუთრივ – ილია ჭავჭავაძეს. მენშევიკი ირაკლი წერეთელი, მაგალითად, წერდა: „მამულიშვილობა რეაქციით არის გაჟღენთილი და რეაქცია ასულდგმულებს. აქედან გამომდინარე, ილიას პატრიოტიზმი რეაქციული ხასიათისააო“.

სოციალ-დემოკრატებისთვის მიუღებელი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, – გნებავთ, ავტონომიურობის, – იდეა, რადგან მიაჩნდათ, რომ თვითმპყრობელობის დამარცხებამდე არარუსი ხალხის გამოყოფა იმპერიიდან პროლეტარიატის ძალებს დაქსაქსავდა, რევოლუციის გამარჯვებას საფრთხეს შეუქმნიდა. ნაციონალური საკითხის გადაწყვეტა, მათი აზრით, სამომავლოდ, ე.ი. გამარჯვების შემდეგ ბუნებრივად მოხდებოდა. რამდენად ბუნებრივად მოხდა ეს საბჭოთა სინამდვილეში, საყოველთაოდ ცნობილია: რუსული ბოლშევიკური იმპერია ნებაყოფლობით გაერთიანებულ ერთა ძმურ კავშირად გამოცხადდა, ხოლო დეკლარირებული ერთა თვითგამორკვევის უფლება ე.წ. სუვერენული საბჭოთა რესპუბლიკებისათვის ლამაზ, ცარიელ სიტყვებად დარჩა.

 

1 2 3 4 5 6