ობიექტურობისათვის, მოდით, ნურც იმას გამოვრიცხავთ, მოხევის სიმბოლურ სახესა და პასუხში გალაკტიონი კონფორმისტული დისკურსის მიღმა, შესაძლოა, კვლავაც „სულით ძლიერი ქართველის“ იმ მენტალურ თვისებას გულისხმობდა, რაზეც ღიად და პირდაპირ იყო საუბარი პირველ რედაქციაში („ქართველს, სულით ძლიერს, მთელი საქართველო/ ყველგან და ყოველთვის სამშობლოდ ეკუთვნის“), თუმცა საეჭვოა, რომ მკითხველს ეს ღრმად შეფარული ქვეტექსტური აზრი ამოეცნო.

გალაკტიონის ლექსში, ჩემი აზრით, პოპულარული საბჭოთა სიმღერის – „Широка страна моя родная“ პაროდირებაც შეიმჩნევა. წლების მანძილზე ამ სიმღერით იწყებოდა საკავშირო რადიოს მაუწყებლობა და უზარმაზარ ქვეყანას აღვიძებდა:

Широка страна моя родная,
Много в ней лесов, полей и рек!
Я другой такой страны не знаю,
Где так вольно дышит человек.

От Москвы до самых до окраин,
С южных гор до северных морей
Человек проходит как хозяин
Необъятной Родины своей.

ყურადღება მიაქციეთ სიმღერის ტექსტში საბჭოთა სამშობლოს შემამკობელ ეპითეტებს – „Широка страна“, „Необъятной Родины“ და ნახავთ, როგორ ახდენს მათ კალკირებას გალაკტიონი, „ზღვის“ (საბჭოეთის), ასე ვთქვათ, პოეტურ დახასიათებას: „გემი ვით არ იცნობს / ზღვას ვრცელს და განიერს“.

უფრო არსებითი მაინც სატირამდე მისული ირონიაა სიმღერის გამჭოლი იდეისადმი, საბჭოური რიტორიკისადმი, რომელიც ქადაგებს, რომ არსადაა ისეთი სხვა ქვეყანა, სადაც ადამიანი ასე თავისუფლად სუნთქავდეს, რომ საბჭოეთში ადამიანი თავისი ქვეყნის ბატონ-პატრონია. საკმარისია ავტორისა და მოხევის დიალოგი ამ ფსევდონარატივთან მიმართებით აღვიქვათ, რომ ხელშესახებად ვიგრძნოთ პოეტის ირონიაც და საბჭოური პროპაგანდისტული ტექსტის პაროდირებაც.

 

 

P. S.

სიცოცხლის ბოლო წლებში გალაკტიონი ბევრს ფიქრობდა „ქართლის ბედზე“, არ ასვენებდა სამშობლოს გაურკვეველი მომავალი:

საქართველო, საქართველო,
საით მიდის საქართველო?

ლელთ ღუნიას პერიფრაზი სიკვდილის წინ ერთხელაც გახმიანდა გალაკტიონთან, მაგრამ არა კონფორმისტული დისკურსის სამოსელში, არამედ – როგორც ტრაგიკული, გაშიშვლებული სიმართლე:

ჩვენვე ჩვენი თავი
აღარ გვეყუდვნების.
სული გვეხუთების,
სული გვეხუთების.

უჰაერობის ეს განცდა გაჰყვა მარადისობის გზაზე დიდ პოეტს, ვინც თავისი ნებით და დაუნანებლად დატოვა სოციალისტური სამოთხე, თავისი ერი კი, ილიასა და აკაკის სიმაღლიდან, ასე დალოცა:

ღმერთო, მფარველო, ერთხელ ძლიერი
კვლავ აღადგინე ქართველი ერი…
კვლავ განუახლე ერთობა, ძმობა,
მტრის წინააღმდეგ მიეც თანხმობა,
რომ კვლავ ისმოდეს იმერ-ამიერ:
მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ!

 

 

 

1 2 3 4 5 6