ფხიზელმა თვალმა „ნაციონალისტურ და დეკადენტურ განწყობილებათა ნაშთები“ გალაკტიონ ტაბიძის 1950 წლის გამოცემულ თხზულებათა მეშვიდე ტომშიც შეამჩნია.

მაინც რას ამბობს გალაკტიონი ასეთ შეუწყნარებელს „ეფემერაში“? მხოლოდ იმას, რომ იგი სულით ხორცამდე ქართველი პოეტია! სწორედ ამას მიიჩნევდნენ იდეოლოგიურ ერესად: ქართველად ყოფნა, თუნდაც სიამაყე ეროვნული კუთვნილებით შეფასებული იყო, როგორც „საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვა“, როგორც „ბურჟუაზიული ნაციონალიზმის ნაშთი“, „მისწრაფება ეროვნული განკერძოებისაკენ“!

ქართული საბჭოთა პოეზიის ფუძემდებელს – გალაკტიონ ტაბიძეს და სხვა ქართველ მწერლებსაც უნდა შეეგნოთ, რომ „ადგილობრივი პატრიოტიზმი“ – საკუთარი სამშობლოს სიყვარული ხელს უშლიდა საბჭოთა პატრიოტიზმის დიადი გრძნობის დამკვიდრებას, ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიის საბოლოო გამარჯვებას.

არსებობს რამდენიმე ავტოგრაფი ლექსისა „გემი ვით არ იცნობს“, ტექსტის აზრობრივი ფორმირების პროცესს რომ ასახავს. ხელნაწერთა გაცნობა საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ გალაკტიონის ეს ლექსი პოეტის პოლემიკური პასუხია იდეოლოგიურ ძალმომრეობაზე. ეს თავიდანვე გამოკვეთილად ჩანს. ტექსტის თავდაპირველ რედაქციაში, რომელსაც სათაურად ჰქონდა „ქართველ მეზღვაურს“, ვკითხულობთ:

ქართველს, სულით ძლიერს, მთელი საქართველო
ყველგან და ყოველთვის სამშობლოდ ეყუდვნის.

დავაკვირდეთ, როგორი პირდაპირობით არის გამოთქმული ამ სტრიქონებში ეროვნული თვალსაზრისი, დაპირისპირებული ოფიციალურ დირექტივებთან: ისტორიულ დრო-სივრცეში – „ყველგან და ყოველთვის“ სულით ძლიერი ქართველის სამშობლო იყო და არის მხოლოდ საქართველო და, მაშასადამე, არა რომელიმე დამპყრობლის (ვთქვათ, რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის) ტერიტორიათა კონგლომერატი. თითოეული სიტყვა, აკრძალვათა ფონზე, აქ თითქოს საგანგებოდ და გამომწვევად არის იყო შერჩეული: ქართველი, საქართველო, სამშობლო, განსაკუთრებით – ილიასეული „ეყუდვნის“!

ამ სტრიქონების სააშკარაოზე გამოტანა, ცხადია, წარმოუდგენელი იყო. ასე გაჩნდა ავტოგრაფებში ახალი ვარიანტი – ძველის მეტონიმიური აზრობრივი ეკვივალენტი: „ქართველს“ ჩაენაცვლა „აფხაზი“, „საქართველოს“ – „აფხაზეთი“ („აფხაზს, სულით ძლიერს, მთელი აფხაზეთი/ ყველგან და ყოველთვის სამშობლოდ ეკუთვნის“).

სანამ „ქართველის“ მონაცვლე სიტყვად „აფხაზს“ შეარჩევდა, პოეტმა მანამდე „მოხევის“ გამოყენება სცადა („ვიცნობ მოხევესაც“), თუმცა, – ალბათ, ილიას პერსონაჟთან ასოციაციის გამო, – მაშინვე უარყო იგი.

ერთ-ერთი ავტოგრაფის მიხედვით, ლექსის მეორე მონაკვეთი ჩაფიქრებული ყოფილა, როგორც შედარების სახეობრივი კომპონენტი. პოეტს ჯერ დაუწერია „ისე როგორც თევზი“, შემდეგ ეს სიტყვები გადაუხაზავს და მიუწერია: „თევზიც მანაც იცის“. ორსავე შემთხვევაში აქ გათამაშებულია ხატოვანი შესიტყვება „თევზი წყალში“ და თუმც შედარება რეალიზებული აღარაა, სავარაუდო აზრობრივი შინაარსის აღდგენა სიძნელეს არ წარმოადგენს: ქართველისთვის საქართველო ისეთივე ბუნებრივი, თავისუფალი, კუთვნილი სასიცოცხლო სივრცე თუ გარემოა, როგორც თევზისთვის წყალი.

ამრიგად, საწყისი ვერსიის სახით ჩვენ წინაშეა ლექსი-შედარება, რომელიც პირდაპირ და შეუნიღბავად გადმოსცემს პოეტის ეროვნულ სულისკვეთებას, სრულიად შეუთავსებელს საბჭოურ იდეოლოგიურ პოზიციასთან.

ტექსტზე შემდგომი მუშაობა გვიჩვენებს, რომ გალაკტიონმა უარი თქვა აზრის პირდაპირ გამოთქმაზე და სიმბოლოთა შემოტანით („გემი“, „მეზღვაური“, „ზღვა“) ჩანაფიქრის ვუალირება დაიწყო. ამის კვალობაზე ლექსის პირველი რედაქცია ასე ჩამოყალიბდა:

ქართველს, სულით ძლიერს, მთელი საქართველო
ყველგან და ყოველთვის სამშობლოდ ეყუდვნის.

გემიც ვით არ იცნობს ზღვას ვრცელს და განიერს,
იგიც ხომ მეზღვაურს სამშობლოდ ეკუთვნის.

საბოლოო ტექსტი, რომელიც პოეტმა გამოაქვეყნა და დასაწყისში დავიმოწმეთ, ფაქტობრივად, ლექსის მეორე რედაქციაა, რადგან ავტორმა მნიშვნელოვანი სტრუქტურული და სემანტიკური ცვლილებანი განახორციელა:

შეიცვალა კომპოზიციური წყობა – პირველმა და მეორე მონაკვეთებმა ადგილები გაცვალეს;

თავდაპირველი შედარების ფიგურას აზრობრივად ბუნდოვანი, თითქმის შეუმჩნეველი პარალელიზმი ჩაენაცვლა;

მთლიანად გადაკეთდა სემანტიკურად სახიფათო მონაკვეთიც – გაქრა ისეთი „ნაცინალისტური“ სიტყვები, როგორიცაა საქართველო, ქართველი, სამშობლო, მაგრამ გაჩნდა „სულით ძლიერი ქართველის“, ლელთ ღუნიას, შთამომავალი – თანამედროვე მოხევე.

პოეტმა ყველაფერი თითქოს კონიუნქტურას მოარგო, მაგრამ, ასევე, თითქოს, საგანგებოდ შეიტანა და ჩატოვა ტექსტში დამაფიქრებელი ბუნდოვანებანიც, როგორც მინიშნება რაღაც უთქმელზე, სტრიქონებს შორის რომ უნდა ამოკითხულიყო.

ე.წ. ნაციონალიზმის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ქართველ მწერლებს იმაშიც ადანაშაულებდნენ, რომ განყენებულად უმღერდნენ სამშობლოს, „გარკვეულად არ ამბობენ, რომელ სამშობლოზე აქვთ ლაპარაკი“. ამ შენიშვნას სახელმძღვანელო განმარტება თუ შეგონება ახლდა, რომ სამშობლო არის არამარტო საქართველო, არამედ მთლიანად დიდი საბჭოთა კავშირი. მეტიც, საბჭოთა ადამიანისათვის სამშობლო ლენინ-სტალინის პარტიის ხელმძღვანელობით და ხალხის შრომითა და ბრძოლით აშენებული ახალი სოციალისტური ქვეყანაა.

ქართველ პოეტს, სახელმწიფო დაკვეთის გათვალისწინებით, გარკვეულად და კონკრეტულად უნდა ემღერა საბჭოთა სამშობლოსათვის, ედიდებინა შავ ზღვიდან ყინულეთამდე გადაჭიმული „ჩვენი თვალუწვდენელი ქვეყანა“. საქართველოს ხსენება თითქმის იკრძალებოდა, თუ მას არ წარმოსახავდნენ დიადი მთელის განუყოფელ, თავისუფალ და ბედნიერ ნაწილად.

ამ კონტექსტში უნდა იქნას წაკითხული და გააზრებული, ჩემი აზრით, გალაკტიონის „გემი ვით არ იცნობს“, როგორც „ორხმოვანი და ორკილო“ (აკაკი) ლექსი.

თუ დავაკვირდებით, საანალიზო ტექსტში საუბარია ორ სამშობლოზე: ესაა „დიდი სამშობლო“, რომელიც „ზღვის“ სიმბოლოთია წარმოდგენილი და „მეზღვაურს სამშობლოდ ეკუთვნის“, ხოლო მეორე, „მცირე სამშობლო“ – საქართველოა, არდასახელებული, პერიფრაზს შეფარებული („ჩვენი იმერ-ამერი“). იგი, მოხევის თავგამოდებული მტკიცებით, „ცხადია, თავის თავს ეყუდვნის“. ავტოგრაფში „ცხადია“-ს ნაცვლად იყო „მგონია“, რომელიც გადახაზულია.

ლექსის მიხედვით, ორ სამშობლოს შორის თითქოს ჰარმონიაა: „ჩვენი ამერ-იმერი“ (საქართველო) და „ვრცელი და განიერი ზღვაც“ (საბჭოეთი), მოხევისათვის, როგორც საბჭოეთის მოქალაქისათვის, ორივე სამშობლოა, ამასთან, „ზღვით“ გარემოცული „ამერ-იმიერი“ თავისუფლებას ინარჩუნებს – „თავის თავს ეყუდვნის“.

მაგრამ ყურადღება მივაქციოთ თითქმის შეუმჩნეველ ნიუანსებს: ზღვა მეზღვაურს „სამშობლოდ ეკუთვნის“ – „იგიც ეკუთვნის“, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზღვაურისთვის (მოხევისთვის), რომელსაც საკუთარი სამშობლო აქვს, „ზღვა“ მხოლოდ მიკუთვნებული, სხვაგვარად, თავსმოხვეული სამშობლოა.

საყურადღებოა სიტყვებიც: „გემი ვით არ იცნობს ზღვას“… რას გულისხმობს გემის/ მეზღვაურის მიერ ზღვის ცნობა? პოეტი ფრთხილად მიგვანიშნებს, რომ ის კარგად იცნობს საბჭოთა რეალობას, იცნობს მის იდეოლოგიას, რომელიც სდევნის ბუნებითი სამშობლოს სიყვარულს და ძალადობით ამკვიდრებს ე.წ. საბჭოთა პატრიოტიზმს. აი, ამ ფონზე და ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს ავტორისა და მოხევის დიალოგი, საუბარი „ჩვენი ამერ-იმერის“ დამოუკიდებლობასა თუ თავისუფლებაზე. კონტრასტი რეალურ საბჭოურ სინამდვილესა და მოხევის პასუხს შორის იმდენად მკვეთრია, რომ მოხევის პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ირონიად შეიძლება იქნეს აღქმული. რამდენად სარწმუნოა, რომ გალაკტიონის მოხევე ეროვნულობის ანუ ე.წ. ბურჟუაზიული ნაციონალიზმის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებაზე ირონიის გარეშე, სერიოზულად საუბრობდეს?!

„გემი ვით არ იცნობს“ დიდოსტატის მიერ შექმნილი, ირონიული პოეტური მინიატურაა, რომელიც მიზანმიმართულად არის გაბუნდოვანებული. გალაკტიონი ამჯერადაც ახერხებს შეუთავსებლის შეთავსებას – ირონიული კონტექსტის შექმნას და კონფორმისტულ დისკურსში შეფარული პროტესტის მუხტის შეტანას.

 

1 2 3 4 5 6