***

ილიასეული ფორმულა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, რომელიც დიდი მამულიშვილის პოლიტიკურ კრედოს გამოხატავდა, გალაკტიონთან, – ცხადია, ახლებური ინტერპრეტაციით, – 30-იანი წლების მიწურულს გახმიანდა. მანამდე, თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე, ილია ჭავჭავაძის ხსენება საბჭოთა საქართველოში სახიფათოც კი იყო, როგორც რეაქციონერისა და ნაციონალისტისა.

ილიას რეაბილიტაცია ბოლშევიკების მიერ 1937 წლიდან მოხდა, როდესაც გაზეთმა „პრავდამ“ მას „საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე, თვითმპყრობელობისა და ბატონყმობის წინააღმდეგ მგზნებარე მებრძოლი“ უწოდა. ამ დროიდან პარტიის ხაზის გამტარებელი კრიტიკოსები ისეთი პათოსით ამტკიცებდნენ, „ამაოა ყველა ჯურის ხალხის მტრების ცდა ილიას რეაქციონერად და შოვინისტად მონათვლისაო“, თითქოს თვითონვე არ უთხზავდნენ ერის მამას ნაირგვარ იდეოლოგიურ იარლიყებს.

ამას თან მოადევნეს საბჭოური ფსევდონიმითიც, რომ თურმე ის მყოობადი, რომელზეც ოცნებობდა ილია („ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი“), სოციალისტური საქართველო იყო; თურმე „მგზავრის წერილებში“ დასმულ უმწვავეს კითხვას – „როდემდის დარჩეს ეგ ტკივილი გულში? როდემდის?“ სოციალისტურმა ეპოქამ გასცა იმედიანი პასუხი.

ეროვნული სუვერენიტეტის ილიასეული ფორმულა, გალაკტიონის ვერსიით, პირველად გამოჩნდა პოემაში „ათას ცხრაას ორმოცი წელი“ (1940), კერძოდ, ტექსტში ჩართულ სიმღერაში „ო, მამულო“. რამდენიმე წლის შემდეგ ავტორს, როგორც ჩანს, პოემის ამ მონაკვეთის ცალკე ლექსად გამოყოფა და გამოქვეყნება განუზრახავს. ამ ლექსის ერთ-ერთი ავტოგრაფი ცხადყოფს, რომ გალაკტიონს იგი საგანგებოდ ჩაუფიქრებია, როგორც პასუხი ილიას „გაზაფხულში“ დასმულ კითხვაზე: „მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?“. გალაკტიონის ლექსს ავტოგრაფში წინ უძღვის ილიას „გაზაფხული“ სათაურით „კითხვა“, საკუთარი ტექსტისთვის კი პოეტს „პასუხი“ დაურქმევია.

სწორედ პოემასა და ილიას პასუხად ჩაფიქრებულ ლექსით ვერსიაში გაისმის ლელთ ღუნიას ცნობილი სიტყვების – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ – პერიფრაზირებული გამოძახილი. ლექსში ვკითხულობთ:

ო, მამულო, როგორ ბრწყინავს ცვარით მსხმოიარე ზვარი!
ო, მთაწმინდა, როგორა ჟღერს შენი მშვენიერი ქნარი!
დღეს თავის თავს მთლად ეყუდვნის საქართველოს მთა და ბარი,
ჩვენ მეოცე საუკუნის შემოვაღეთ დიდი კარი.

ლექსის ვარიანტებში ფიქსირებულია მეტრულად იდენტური ორი ვერსია: „რომ ახალი სუნთქვით სუნთქავს“ და „დღეს თავის თავს მთლად ეყუდვნის“. ლელთ ღუნიას სიტყვების შერჩევა და გატანა საბოლოო ტექსტში, როგორც ჩანს, საგანგებო ფიქრის შედეგი იყო.

რა პასუხი აქვს გალაკტიონს ილიას კითხვებზე: როდის აყვავდება მამული? გვეყუდვნის თუ არა ჩვენი თავი ჩვენვე?

პოემაშიც და ლექსშიც პასუხი ზეაღმტაცია: ილიას „ობოლი ვაზი“ ზვრებად ქცეულა, თავისუფალი მამულის მთა-ბარი კი ყვავის. დამაფიქრებელი აქ მარტო პოეტის თვალშისაცემი კონფორმიზმი კი არაა, არამედ განსაკუთრებით ის, რომ სოციალისტური საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ცრუიდეა ილიას ნაციონალისტური ფორმულით არის გამოხატული.

აქვე უნდა ითქვას, რომ ოპტიმისტური პასუხი ილიას „გაზაფხულში“ დასმულ კითხვაზე განმეორებად მოტივად იქცა გალაკტიონის პოეზიაში. მაგალითად, ლექსში „ტყის აშრიალდა ფოთოლი“ (ავტოგრაფში მისი სათაურია „წარწერა ილია ჭავჭავაძის წიგნზე“) ახალი საქართველოს ასეთი საამური, წარმტაცი სურათია დახატული:

ტყის აშრიალდა ფოთოლი,
ელვარებს ქარვის მტევანი,
საყვარელია ტოლ-ტოლი
ვაზების ჩამორხევანი.
მზისაგან დამწვარ-დაგულო,
ედემო საგულდაგულო,
იდიდე, ჩემო მამულო,
აჰყვავებულო მამულო!

ასე – მოშრიალ-მოელვარე ტყითა და ზვრით – წარმოგვისახავს გალაკტიონი საქართველოს „საბჭოურ გაზაფხულს“, რომელსაც თურმე დიდი წინაპრის ოცნება სინამდვილედ უქცევია – მამული „აჰყვავებულა“!

ავტოგრაფებში კიდევ უფრო ხელშესახებია გადაძახილები ილიას „დედანთან“, თანაც უფრო მეტადაა ხაზგასმული სოციალისტური ცხოვრების სიკეთე და სიდიადე: „ვაზი, როსმე ობოლი, უდიდეს ლხენით მღერის“; „მამულო საყვარელო, დღეს შენ დიდებით ჰყვავი“…

 

***

1948 წელს, ომის დამთავრების შემდეგ არის დაწერილი პოემა „მოხევის ქალი“. ერთ-ერთ ხელნაწერში მას ასეთი ეპიგრაფი აქვს: „მიგიხვდი ჩემო მოხევე… ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნისო“ – სთქვი შენ და მე გამაგონე“. ი. ჭავჭავაძე.

ციტატა ილიას „მგზავრის წერილებიდან“, მიმართვა მოხევე ლელთ ღუნიასადმი ეპიგრაფში შეკვეცილია და, ამასთან, ზუსტიც არაა: ამოღებულია სიტყვები: „რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი“, ხოლო სუვერენიტეტის იდეა წარსულიდან („ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“) აწმყოშია გადმოტანილი („ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის“), როგორც ახდენილი რეალობა. ილია ჭავჭავაძის კლასიკურ ტექსტში შეტანილი ცვლილებანი პოემის შინაარსთან მიმართებით აშკარად ცხადყოფს, რომ ილიას ციტატა გალაკტიონის მიერ მიზანმიმართულად არის ჩასწორებული – იგი „ახალ ცხოვრებაზე“, თანამედროვეობაზეა მორგებული. მართალია, გალაკტიონმა უარი თქვა, გადახაზა ეპიგრაფი, მაგრამ ხელნაწერმა მაინც შემოგვინახა კვალი ილიას ეროვნული ფორმულის იდეოლოგიური მოდერნიზაციისა.

 

1 2 3 4 5 6