“რამდენიმე წლის წინ, ლიტერატურაზე საუბრისას, მკითხეს, ვინ იყო საუკეთესო თანამედროვე ფრანგი პოეტი. უყოყმანოდ ვუპასუხე: ჟორჟ ბრასენსი. იქ მყოფთაგან, ყველა არ იცნობდა ამ სახელს. ზოგი ამისთვის ზედმეტად ბებერი იყო, ზოგიც – ზედმეტად ახალგაზრდა. რამდენიმემ კი, რომლებიც ბრასენსს არაფრად აგდებდნენ, რადგან იგი “ფირფიტების ავტორი იყო და არა წიგნების”, იფიქრეს, რომ ამას მათ გასაოგნებლად ვამბობდი. მხოლოდ ჩემი თაობის მეგობრებმა, რომლებმაც ალჟირის ომის უმადური წლების პარიზში იცხოვრეს, იცოდნენ, რომ მე, არათუ არ ვხუმრობდი, მართალიც ვიყავი!.. ავტორიტარიზმისა და ყოველგვარი წინასწარდადგენილი საზომის მიმართ ბრასენსის მტრულმა დამოკიდებულებამ წარმოშვა მისი ყველაზე ლამაზი ტექსტები. მისთვის მხოლოდ ერთი სხივი ელვარებდა – პირადი დამოუკიდებლობისა და  სიყვარულის სხივი… გესმინა ბრასენსისთვის, ეს იგივე იყო, ცოცხალი ფრანსუა ვიიონისთვის ან განწირული და მძვინვარე რაბლესთვის გესმინა!” – წერდა გაბრიელ გარსია მარკესი 1981 წელს ბრასენსის სიკვდილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში (Notas de Prensa, 11.11.1981).

მართლაც, ბრასენსი – გუშინდელი სკანდალი – დღეს სასკოლო პროგრამებშია შეტანილი. მისი აზრები, რომლებიც შოკს ჰგვრიდა მის თანამედროვე “მაღალზნეობრივ” საზოგადოებას, დღეს კლასიკად ქცეულა. ბრასენსის სახელს უკავშირდება ხელოვანთა ახალი “სახეობის”, ავტორ-ომპოზიტორ-შემსრულებლების ტრადიცია. ბრასენსის სიმღერებს მღერიან არგენტინასა თუ იტალიაში, იაპონიასა თუ ფინეთში, ესპანეთსა თუ კანადაში, ჩეხეთსა თუ ჩილეში… მისი ლექსები თარგმნილია ოცამდე ენაზე. საფრანგეთში, ჟორჟ ბრასენსის სახელი ეწოდა არაერთ სკოლას, თეატრს, პარკსა თუ ქუჩას. 2011 წელს, პარიზის “მუსიკის სიტეში” ვნახე გამოფენა “ბრასენსი ანუ თავისუფლება”, რომელიც პოეტის დაბადებიდან 90 და გარდაცვალებიდან 30 წლისთავს ეძღვნებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უხვი აუდიო-ვიზუალური არქივი და ნაჩვენები იყო საზოგადოებისთვის უცნობი ბევრი დეტალი პოეტის სამყაროდან. დარბაზებში თანმიმდევრობით მხვდებოდა ახალგაზრდა ბრასენსი, ბრასენსი სცენაზე, ბრასენსი-ანარქისტი, ბრასენსი-ლიბერტარიანელი, ბრასენსი-პოეტი, ბრასენსი-მსახიობი…

ჟორჟ ბრასენსის პიროვნება მკვეთრი შტრიხებით შეიძლება მოვხაზოთ: ჩიბუხი და ულვაში, მოუხეშავი მიხრა-მოხრა, მეგობრის კულტი და მარტოობის მოთხოვნილება, თავისუფალი, ხატოვანი მეტყველება, გამოკვეთილი ანტიკლერიკალიზმი, ძვალ-რბილში გამჯდარი ანტიმილიტარიზმი, კომფორტის, ფულისა და პატივის სრული უარყოფა…

საზოგადოება, რომელიც თავს ესხმის ინდივიდს თავისუფალი არჩევანის გამო, ბრასენსის შემოქმედების ცენტრალური თემაა. პოეტი ფიქრობდა, რომ “საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი ინდივიდია, რადგან სწორედ ის ხდის ამ საზოგადოების არსებობას შესაძლებელს. ხალხი, რომელსაც განსხვავებული აზრი აღიზიანებს, ინდივიდებისგან შედგება. ნამდვილი რევოლუცია დღითი-დღე უკეთეს ინდივიდად გახდომაში მდგომარეობს”. ბრასენსისთვის, მილიტარზმის უკუგდების გზაც ინდივიდუალურ პროტესტზე გადის. ეს არის გზა გულზე მჯიღის მცემი, მანიპულირებული მასიდან თავისუფალ და ტოლერანტ ინდივიდებამდე. ბრასენსი მოქალაქეობრივად უპირისპირდება ომს, როგორც ადამიანური სიბრიყვის მწვერვალს. ტექსტში “მოვკვდეთ იდეისთვის” ბრასენსი ამხელს მათ, ვინც თავად თბილად მოკალათებულან და სხვებს იდეების სიცოცხლის ფასად დაცვისკენ მოუწოდებენ. “პატრიოტებში” პოეტი, ომის მოტანილი სავალალო შედეგების ჩამოთვლით, სასაცილოს ხდის მის ნებისმიერ გამართლებას და ამსხვრევს სისხლისღვრის ყალბ ესთეტიკას. “ცუდი რეპუტაცია” კი კონფორმიზმის, მილიტარიზმისა და ფარისევლობის სატირაა.

“XX საუკუნის ფრანსუა ვიიონმა”, ჟორჟ ბრასენსმა გაარღვია ეპოქის მორალურ-იდეოლოგიური საზღვრები და ჯოგურ ცნობიერებას ინდივიდუალობის წყურვილი დაუპირისპირა. მწერალი რენე ფალე ბრასენსზე “ლე კანარ ანშენეში” წერდა: “ამ კაცის ხმა იშვიათი რამაა. იგი ფარავს ფირფიტის ყველა ბაყაყის ყიყინს. ეს ხმა ჰგავს შავ დროშას, მზეზე გასაშრობად გაფენილ კაბას, ჩაფხუტისკენ მოქნეულ მუშტს, სასიყვარულოდ განმარტოებულ წყვილს, პეპლებზე ნადირობას…”

ბრასენსმა ააჟღერა ას ორმოცდაათამდე საკუთარი ლექსი და შექმნა მუსიკა კორნელის, ლამარტინის, ჰიუგოს, მიუსეს, ვერლენის, ჟამის, არაგონის და თავად ვიიონის ტექსტებისთვის.

1967 წელს, საფრანგეთის აკადემიამ ჟორჟ ბრასენსს პოეზიის გრან-პრი გადასცა.

ბრასენსის საიდუმლო სიტყვაშია. მისი ენა მდიდარია. მისივე აზრით, სიმღერის ხელოვნება მოითხოვს “სრულყოფილ წონასწორობას ტექსტსა და მუსიკას შორის”. ბრასენსის ენის აკადემიურობა და სკრუპულოზური დახვეწილობა, სიტყვებით თამაში, ალუზიები და სპეციფიკური გამოთქმები მთარგმნელს დიდ სიძნელეებს უქმნის, თუმცა მის ლექსს აქვს კიდევ უფრო დიდი ძალა, რომელიც იზიდავს და თარგმნის სურვილს აღვიძებს. ლიტერატორი და ბრასენსისტი, მარკ ფრეიდკინი, ბრასენსის თარგმანთან დაკავშირებულ სირთულეებისადმი მიძღვნილ ლექციაში – “როცა შეუძლებელია, მაგრამ ძალიან გინდა” – ამბობს: “გამოცდილმა პროფესიონალმა მთარგმნელებმა კარგად იციან, რომ ავტორის წერის მანერისა და ამა თუ იმ ლიტერატურული მიმდინარეობისადმი კუთვნილების გამო, ზოგი უცხოელი პოეტი მეტ-ნაკლებად ადვილად ითარგმნება, ზოგი – რთულად, ზოგი კი სრულიად უთარგმნელია. შესაბამისად, ამ უკანასკნელებს მთარგმნელები უფრთხიან. ახლა წარმოიდგინეთ, რამ უნდა უბიძგოს მთარგმნელს ბრასენსის, სწორედ ამ ბოლო კატეგორიის პოეტის, თარგმნისკენ? პასუხი ერთია: მრავალწლიანმა გასაოცარმა სიყვარულმა ამ პოეტის მიმართ და ძლიერმა სურვილმა მშობლიურ ენაზე მისი აჟღერებისა”.

 

მთარგმნელისაგან

 

1 2 3 4 5 6 7 8