ასაკს არ აქვს დიდი ჭკუა

 

ყმაწვილთა გუნდში,

შუქი რომ გუშინ

იხილა,

სწამთ, რომ ჯაგლაგი,

ყველა ჭარმაგი

ბრიყვია.

 

როცა დაღარავს

მათ გულს ჭაღარა,

იტყვიან:

ნორჩი, ხმაწვრილი,

ყველა ყმაწვილი

ბრიყვია.

 

მე, ვინც გახლავართ შუა ასაკის,

მათ გავუმხელდი ამბავს გასაკვირს:

 

ასაკს არ აქვს დიდი ჭკუა!

ვინც ბრიყვია,

ბრიყვია.

გინდ ყრმა იყოს, გინდ ბაბუა –

თუ ბრიყვია,

ბრიყვია.

ჯობს, დაზოგოთ ავი სიტყვა

და ფიქრისთვის მოიცალოთ,

გუშინ გაჩენილნო ბრიყვნო,

ბრიყვნო ძველი დროისანო!

 

თქვენ, პირუწვერო,

გამოუცდელო

ბრიყვებო,

მამის საკიცხად

რომ არ გაგიცვდათ

სიტყვები,

 

თქვენ, ხანდაზმულო,

ვადაგასულო

ბრიყვებო,

შვილთა საკბენად

რომ არ გაკლდებათ

სიტყვები,

 

მოკრძალებით და ზრდილობის დაცვით,

ამას გეტყოდით შუახნის კაცი:

 

ასაკს არ აქვს დიდი ჭკუა!

ვინც ბრიყვია,

ბრიყვია.

გინდ ყრმა იყოს, გინდ ბაბუა –

თუ ბრიყვია,

ბრიყვია.

ჯობს, დაზოგოთ ავი სიტყვა

და ფიქრისთვის მოიცალოთ,

გუშინ გაჩენილნო ბრიყვნო,

ბრიყვნო ძველი დროისანო!

 

 

ფრანგულიდან თარგმნა

ბაჩანა ჩაბრაძემ

 

 

1 2 3 4 5 6 7 8