სტანსები მძარცველს
(დაწერილია ბრასენსის სახლის გაძარცვის შემდეგ)
ქურდების პრინცო და მძარცველთა არწივო,
გიქებ გემოვნებას, ზუსტს, როგორც არასდროს –
სხვა სახლებს ეს ჩემი ბინა რომ არჩიე!
მინდა, ეს სიმღერა გაჩუქო სანაცვლოდ.
წასვლისას, გულდასმით დახურე შენ კარი –
და ამით უზადო შეგნება აჩვენე –
რომ სხვას არ წაეღო, რაც შენ არ მომპარე.
დღეს სადღა შეხვდები შენნაირ მძარცველებს!
ის ძველი პორტრეტი, ჩირად რომ არ ღირს და
რომლის არსებობა აღარც კი მახსოვდა,
არაფრად ჩააგდე და იქვე დაკიდე –
კარგი დადგებოდი ხელოვნებათმცოდნე!
საკრალურ ნივთებზე ხელი არ წაგიცდა,
როგორც ჩანს, ხელოვანს ყოველთვის წყალობდი.
გვერდი აგივლია ჩემი გიტარისთვის,
ნიშნად თანაგრძნობის და სოლიდარობის!
მომწონს! და სხვა მიზეზს არც კი განვიხილავ,
მიპატიებია, ძმაო, უკვე შენთვის!
გულით მიჩუქნია, რაც კი წაგიღია,
სხვა ვინ წაიღებდა შენზე უკეთესი.
ბედს რომ ჩემი ყოფა სხვა მხრივ წარემართა,
დაფნა არ მრგებოდა გაწეულ წვლილისთვის,
ვინ იცის, ცხოვრება რა გზით წამიყვანდა,
ერთადაც გვექურდა დღეს იქნებ, ვინ იცის?
ნადავლს რომ გაიტან, კვერი არ დაუკრა
ბაზარზე მუშტარს და არ შეგრცხვეს უარის,
თუ შემოგევაჭრა, გროში არ დაუკლო
ნაძარცვის შემსყიდველს – მძარცველზე უარესს.
მე რომ ეს ამბავი არ ვაცნობე ჟანდარმს,
გთხოვ, ნუ ისარგებლებ და ნუ გეგონება,
რომ კვლავ უნდა მძარცვო – ამით ეშხს დაკარგავს,
გაუფერულდება ჩვენი მოგონება!
გასწი და ნადავლიც ალალად დაგრჩება,
მერკური დაგიცავს ციხის ბნელ საკნისგან!
ნურაფერს ინანებ, ჩვენ ბარი-ბარში ვართ,
ეს ჩემი სიმღერა ხომ შენთვის აკვნესდა!
პოსტ-სკრიპტუმ: თუ არ გწამს სხვა მეცნიერების
და ჟინი ქურდობის თუ არ გინელდება,
ვაჭრობას მიჰყევ, და პოლიციელებიც
უმალ გექცევიან ერთგულ კლიენტებად.