ავდარი
ავდრისა მითხარი და დარს ნუ ახსენებ.
დარიან ამინდში დარდი არ მასვენებს,
ლაჟვარდი სიბრაზით მავსებს,
რადგან სიყვარული, ახლა რომ მივტირი,
სწორედ რომ ელჭექის და იუპიტერის
წყალობით დამატყდა თავზე.
ნოემბრის ერთ ღამეს, როდესაც სახურავს
ხედნიდა მეხი და ჭექდა არნახულად
და შლიდა ფეიერვერკებს,
მეზობელ სახლიდან, ელჭექით დამფრთხალი,
პერანგის ამარა მომადგა კარს ქალი,
შინ შემომიშვაო, ეგებ:
“გამიღე, შიშისგან ვკანკალებ, მარტო ვარ,
ქმარი სამსახურში წავიდა, დამტოვა,
მოვალეობა აქვს რთული,
ავდრიან ღამეებს კარავში ათენებს,
ღამეში ამოწმებს მეხამრიდს ათეულს,
რომ პურის იშოვოს ფული”.
ფრანკლინის გენიას მადლობა შევწირე!
წამიც და… ლამაზი მკლავებზე მეწვინა
და ვნების გვალბობდა ცვარი!..
– შენ, მეხამრიდებს რომ სხვებისთვის არიგებ,
საკუთარ ბინაში რატომ არ აიგე?
შეცდომა მოგსვლია მწარე.
და როცა დატოვა ცა იუპიტერმა,
როდესაც ღრუბლები მზით გადაიდევნა,
შინისკენ გასწია ქალმა.
მომავალ პაემნად, წარღვნათა სადარი,
დამითქვა შემდეგი წვიმა და ავდარი,
შემდეგი ელვათა ქარვა.
მას შემდეგ, თვალს რული არ მომკარებია,
ცის ყოველ მოქუფვრას გავცქერდი ნებივრად,
ღრუბელთა ვითვალე რიგი.
ამაოდ ველოდი ქარიშხალს იმედით,
ამაოდ ვითვლიდი, ამაოდ ვითმენდი –
არ დაბრუნებულა იგი.
ქმრისთვის სარფიანი დამდგარა ამინდი,
გაუსაღებია ყველა მეხამრიდი
და გამდიდრებულა თურმე
და წაუყვანია ლაჟვარდის მხარეში,
სად ღამეებია ელჭექის გარეშე,
უწვიმქარიშხლო და ჩუმი…
დე, ჩემმა წუხილმა გზა განვლოს ათასი,
მივიდეს მასთან და უამბოს ავდარზე,
ღამე რომ ვუთიეთ ერთად.
უთხრას, რომ იმ მეხმა სარქველი ახადა
ჩემს გულს და მის ფსკერზე ყვავილი დახატა,
რომელიც მასა ჰგავს მეტად.