პატრიოტები

 

ჩვენთან, ხეიბარი განა იმას დარდობს,

გოგოებს რომ ხევში ვეღარ იმარტოვებს –

ომში რომ ვერ მიდის, ეს ადარდებს მარტო.

არ იცნობენ ჩვენში ზეთისხილის რტოებს!

 

ჩვენი უსინათლო განა იმას დარდობს,

თვალს რომ ვერ ახარებს ლამაზების ცქერით –

დროშას რომ ვერ ხედავს, ეს აღელვებს მარტო.

ვოგეზებზე მოჩანს მხოლოდ სამი ფერი!

 

ყრუ თუ ნახეთ ჩვენთან, განა იმას დარდობს,

სმენით რომ ვერ ტკბება მოღიღინე ქალთა –

ბუკი რომ არ ესმის, ეს ანაღვლებს მარტო.

ჩვენ სხვა არ გვწამს ჰანგი, საომარის გარდა!

 

ჩვენს რიგებში მუნჯი განა იმას დარდობს,

ქალებს ქათინაურს რომ ვერ ეუბნება –

ჰიმნს რომ ვერ ასრულებს, ეს აშფოთებს მარტო.

დეფილეს გავს ყველა ჩვენი წვეულება!

 

უხელო თუ შეგხვდათ, განა იმას დარდობს,

თავს რომ ვეღარ იქცევს დუნდულების ჩქმეტით –

სალამს რომ ვერ აძლევს, ეს აღონებს მარტო.

“შუბლთან ხელი” არის, ჩვენთვის, ჟესტზე მეტი!

 

უფეხოს თუ შეხვდით, განა იმას დარდობს,

ლამაზ გოგოებს რომ კუდში ვეღარ მისდევს –

ფრონტის ხაზს რომ ვერ კვეთს, ეს აწვალებს მარტო.

ჩვენ ვოცნებობთ შტურმზე, ჩახმახზე და ხიშტზე!

 

ასოდაკარგული განა იმას დარდობს,

რომ ვერასდროს შეძლებს დანიშნულის შერთვას –

მტერს რომ ვერ უტირებს ცოლს, ამას წუხს მარტო.

მშვიდობის მტრედს შემწვარს მიირთმევენ ჩვენთან!

 

მკვდარი პატრიოტი განა იმას დარდობს,

რომ ვერასდროს იგრძნობს საყვარლისგან ტრფიალს –

თავს რომ ვერ გაწირავს, ეს ადარდებს მარტო.

გვსურს, რომ შევემატოთ მკვდრების მემორიალს!

 

1 2 3 4 5 6 7 8