დოქტორი დითი რონენი – პოეტი, მთარგმნელი, პოეტური კრებულების რედაქტორი. დითი რონენი, ისრაელში, თელ-ავივში დაიბადა.

მას გამოცემული აქვს შვიდი პოეტური კრებული, გამოქვეყნებული აქვს უამრავი ლიტერატურული ესე და სტატია. მისი ლექსები ითარგმნება სხვადასხვა ენაზე და შესულია მსოფლიო პოეტურ ანთოლოგიებში. დითი რონენი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ლიტერატურულ ღონისძიებებში, როგორც ისრაელში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო და ეროვნული პრემია, ჯილდო და სტიპენდია, მათ შორის Terra Poetica, და ა.შ. 2016 წელს კრებული, საფრანგეთში გამომცემლობა „Levant“-მა გამოსცა. ჰიბროუზე დაწერილი მისი კრებული „სახლის დაბრუნება და ხეტიალი“ 2016 წლის მარტში გამოიცა და ლიტერატურული პრემიით Kugel აღინიშნა. 2018 წელს გამოვიდა მისი ახალი პოეტური კრებული „უამრავი დედა“.

დოქტორი დითი რონენი იერუსალიმის უნივერსიტეტში ხელოვნებას და კულტურის პოლიტიკას ასწავლის. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ისრაელის კულტურის სამინისტროში კულტურის პოლიტიკის, თეატრისა და ლიტერატურის დეპარტამენტის უფროსად. ამჟამად ის მიწვეული მრჩეველია კულტურის პოლიტიკაში.

დითი რონენის შემოქმედება სხვადასხვა თემას აერთიანებს – დიდ სიყვარულს, მშობლიური კერის ძიებას,  ოსვენციმის ტრავმას და ა.შ.

დოქტორი დითი რონენისთვის პოეზია დიდი მუხტით, მაგრამ შეკუმშული სახით გამოთქმული გრძნობაა, სურათხატი და აზრია, რომელიც ისე მკვეთრად გადმოსცემს რეალობას, რომ ხილვამდე აჰყავს. პოეზია ცხოვრების საზრისის დოკუმენტური გადმოცემაა, ცხოვრებასთან ინტეგრირება და ამ სამყაროში საკუთარი თავის არეკვლაა. ამას ის მისტიურ, დაფარულ გზას თუ წესრიგს უწოდებს.

მისთვის ლექსის წერის მიზეზი მშვენიერების შეცნობის მისტიურ გზაზე სიარულს წარმოადგენს. ის წერს იმისთვის, რომ გადარჩეს, რადგან, მისი აზრით, სწორედ პოეზია ანიჭებს პოეტს თავისუფლებას და გადარჩენის შანსს აძლევს. დითი რონენი აღნიშნავს, რომ წერის სურვილი მასზე ძლიერია, ეს ის იმპულსია, რომელიც აცოცხლებს. წერს, რომ უფრო მეტი გაიგოს ამ სამყაროსა და მისი მაცხოვრებლების შესახებ. მისი აზრით, პოეზიას არ გააჩნია არც მიზეზი, არც მოვალეობა და არც როლი. ლექსის წერა ხელოვანის აქტია და ის ხორციელდება, პოეტს ამას სასიცოცხლო აუცილებლობა აიძულებს – ლექსი იწერება, როგორც პოეტის რეაქცია გარემოზე.

საინტერესოა, რომ დითი რონენისთვის პოეზიას გარკვეული საზოგადოებრივი ფუნქციაც აქვს: ასრულებს მცველისა და შემნახავის როლს, ასახავს რა იმ კულტურის რეალურ სახეს, რომლის წიაღშიც იქმნება. პოეზია, ისევე, როგორც ხელოვნების სხვა ნებისმიერი სფერო, ირეკლავს დროს, დროის შესაბამის აზრებს და რწმენას. ის გვიჩვენებს, თუ რა თემებს ან მოვლენებს უარყოფს საზოგადოება, – რას იცავს, რას ინახავს და მფარველობს.

როგორც თავად ამბობს, ყველაზე დიდი გავლენა მასზე პოეტებმა – რუმიმ (1207–1273) და ბაშომ (1644–1694) იქონიეს. რუმიმ ადამიანისა და ადამიანის სამყაროსთან ურთიერთობის სიყვარულის პოეტური გრამატიკა ასწავლა, ხოლო ბაშომ კი ბუნებისა და სამყაროს ურთიერთობის სიყვარულის პოეტური ენა და პოეტური გრამატიკა, ორივემ ერთად  კი მისი საკუთარი პოეზიის ანბანი შეადგინა.

წერის დროს დითი რონენს კონკრეტული მკითხველი არასოდეს ახსოვს. „ამ დროს მარტო ვრჩები წერის სურვილთან ერთად და ჩემს საკუთარ შინაგან სამყაროში ერთი ადგილიდან მეორეში ვმოგზაურობ.“ – ამბობს ის. წერის დროს დითი რონენი არ ფიქრობს არც ლექსების გამოქვეყნებაზე, არც მკითხველზე და არც კრიტიკოსებზე. როგორც თავად აღწერს, სიტყვები თავდაპირველად თხევადი სახით ჩნდებიან. ისინი ჯერ მის ირგვლივ დაცურავენ, შემდეგ კი გარკვეული იერარქიული წესრიგის მიხედვით ლაგდებიან. მათი მიზანი გრძნობების და აზრების ზუსტად გადმოცემაა. ზოგიერთი სიტყვა მოძრაობას წყვეტს, ქრება, მათ ნაცვლად სხვა სიტყვა ჩნდება, ეს მანამდე გრძელდება, ვიდრე ახალი სიტყვები უკვე შერჩეული სიტყვების გვერდით საკუთარ ადგილს არ მიაგნებენ. ყველანი გულმოდგინედ ცდილობენ, საკუთარი დანიშნულება რაც შეიძლება უკეთესად ახსნან. სწორედ ამიტომ, ბოლოს სიტყვები ბასრდებიან და მკაცრ წესრიგს იცავენ, რომ აზრი, რაც შეიძლება, მკვეთრად და მკაფიოდ გამოხატონ.

საინტერესოა, რომ მის ლექსებში სხვადასხვა პოეტური ენა გვხვდება. ენა და დინამიკა ყველა ლექსში განსხვავებულია, რადგან დამოკიდებულია თავად ლექსზე, მის ტემპზე, რიტმსა თუ ენერგიაზე. ლექსის ენა და სტილი კონკრეტული ლექსის მოთხოვნებს ემორჩილება.

რედაქტორი დითი რონენი პოეტებთან ერთად მათ ტექსტებზე მუშაობს და ლექსების ინტერესებს იცავს. შეიძლება ითქვას, რომ ის ლექსის ადვოკატია და არად აგდებს პოეტის პირად ინტერესს, ანუ, მიზეზს, თუ რატომ დაიწერა ესა თუ ის ლექსი. მას მტკიცედ სჯერა, რომ ლექსის დაწერის ინსპირაციასა თუ მიზეზს ლექსთან არანაირი კავშირი არ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ნიშნავს ეს ლექსი ავტორისთვის, რადგან ისტორია ისტორიკოსების საქმეა, გეოგრაფია გეოგრაფების, ჭეშმარიტება ფილოსოფოსების, ბიოგრაფია ბიოგრაფების, და ა. შ.  ერთადერთი, რაც მას აინტერესებს, თავად ლექსია. ლექსი კი ყველა სხვა მიზეზისა თუ გარემოებისგან დამოუკიდებლად არსებობს.

რონენის შემოქმედებაში ყველა თემა ავტობიოგრაფიულია და დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მაგალითად, პოეტური კრებული „შიდა მთვარე, ჩანაწერები“ 2002 წელს გამოვიდა და წარმოადგენს ქალის გასაუბრებას მთვარესთან. ახალი წიგნი, „უამრავი დედა“, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, არის პოეტური მოგზაურობა მის რამდენიმე ალტერნატიულ არსებობაში, ანუ „მე“-ში, მის წინა და პარალელურ ცხოვრებაში. ის გვიხატავს ბევრ დედას, რომელიც თავად ჰყოლია ცხოვრებაში. ზოგი მათგანი მითიურია, ზოგი რეალური, ზოგიც წარმოსახვითი. დოქტორი დითი რონენი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თელ-ავივში, ისრაელის ახალ სახელმწიფოში დაიბადა. სამი წლის იყო პატარა დითი, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ამ ფაქტსაც დიდი ადგილი უკავია მის პოეზიაში. ის გაზარდა დედამ, რომელიც ევროპაში დაიბადა, ჰოლოკოსტი გამოიარა, ომის შემდეგ კი ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. დედა შვილს თავის მშობლიურ ენაზე არ ელაპარაკებოდა, რის გამოც ბავშვს ბევრი შეკითხვა უჩნდებოდა დედის დამტვრეული ებრაულის გამო. ეს ფაქტი დითის წიგნის მთავარ ღერძს წარმოადგენს. მთლიანობაში, ახალ წიგნში პოეტი ცდილობს დედის ხაზი გამოიკვლიოს და საკუთარ ფესვებს მიაგნოს.

დითი რონენის პოეზიაში დიდი ადგილი უჭირავს ჰოლოკოსტს. დითი თავისი ოჯახის ისტორიას ისე განიცდის და აღწერს, თითქოს თავადაც იმ მოვლენების მონაწილე იყო. დედა ოცი წლის ასაკში მთელ თავის ოჯახთან ერთად გერმანელებმა ტრანსილვანიიდან (უნგრეთი) მატარებლით ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს. ბანაკის შესასვლელთან ახალგაზრდა ოფიცერი ახალმოსულებს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ანაწილებდა, ეს იყო ავადსახსენებელი „სელექცია“, ანუ გადარჩევა. მან დედის მშობლები (დითის ბებია და ბაბუა) ოჯახის მცირეწლოვან წევრებთან ერთად მარცხენა მხარეს დააყენა, რაც გაზის კამერასა და შემდეგ კრემატორიუმს ნიშნავდა, ხოლო დედა მარჯვნივ მდგომ ხალხს შეუერთდა, რაც თუნდაც მცირე ხნით, სიცოცხლის შენარჩუნებას ნიშნავდა და, ამავდროულად, არაადამიანურ პირობებში არსებობასა და შრომას  (შრომისთვის გამოსადეგი მამაკაცები იმ მატარებლით არ გაუმგზავრებიათ, ისინი მანამდე გადაიყვანეს მონათა შრომით ბანაკებში). მისთვის ჰოლოკოსტი დღემდე მოუშუშებელი იარაა და არა მხოლოდ იმ ისტორიული ტრავმას წარმოადგენს, რომელმაც მეოცე საუკუნის დასავლურ ცივილიზაციაზე ყველაზე ღრმა და საზარელი კვალი დატოვა. მისი გადმოსახედიდან, ჰოლოკოსტი, ეგზისტენციალური და ისტორიული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე უამრავი კვლევა ტარდება ჰოლოკოსტის ტრავმის შესახებ, და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ის ფართოდ აისახა ისტორიულ, ჰუმანისტურ, ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში, მას მაინც მიაჩნია, რომ საკითხი ბოლომდე ამოწურული არ არის. დოქტორ დითი რონენს აუცილებლად მიაჩნია ამ ფაქტის ისტორიული გააზრება, რათა  ის მთელმა კაცობრიობამ  ბოლომდე აღიქვას და გაითავისოს.

მასში, როგორც ებრაელში, ჰოლოკოსტის ფენომენი ორ შეკითხვას წარმოშობს: პირველი ეხება ბედისწერას და მდგომარეობას, როცა ხალხი საკუთარი ქვეყნიდან გამოყარეს და ათასწლეულების განმავლობაში იძულებული იყვნენ ადგილიდან ადგილზე გადასულიყვნენ და დროებითი თავშესაფარი არცთუ კეთილმოსურნე ადგილობრივებთან ეძებნათ. მეორე შეკითხვა კი ეხება ასევე ებრაელების ბედისწერასა და მდგომარეობას, როცა სამშობლოში დაბრუნდნენ და ისევ დაუსრულებელ ომში აღმოჩნდნენ. ეს საკითხი თავისი ბუნებით, ეგზისტენციურიცაა და ეთიკურიც.

აღსანიშნავია, რომ დითი რონენს, როგორც ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანის შვილს, დიდი დაღი ადევს. მტკიცე კავშირი დედისა და მის ბედისწერას შორის მაშინ გაჩნდა, როცა დედამ ოსვენციმში დაღუპული ბებიის სახელის დარქმევა გადაწყვიტა. მას ჯერ კიდევ დაბადებამდე, ორმაგი როლი ერგო – დედისთვის დედაც უნდა ყოფილიყო და შვილიც. ამ ორმაგ ფუნქციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარსულის, აწმყოსა და მომავლის აღქმაში: წარსული, „მაშინ“, რომელშიც შედის „იქ“, ევროპა – სადაც დედას ოჯახი მეორე მსოფლიო ომამდე ცხოვრობდა; აწმყო – „ახლა“, – რომელშიც შედის „აქ“ (ისრაელი, სადაც ის დაიბადა და ცხოვრობს); და მომავალი – ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა გადარჩა, მისი იმედის, ცხოვრების და შვილის ყოლის მიზეზი.

დითის დაბადებიდანვე ჰქონდა უდიდესი მისია – დედის ცხოვრებისთვის მნიშვნელობა მიენიჭებინა და მისი არსებობა გაემართლებინა. ისევე, როგორც სხვა ოსვენციმგამოვლილებს, დედასაც უამრავი ფიზიკური და მორალური ტრავმა დარჩა. ყველაზე დიდი იარა იყო ცოცხლად გადარჩენილის დანაშაულის გრძნობა, მაშინ, როცა მის ირგვლივ უამრავი ადამიანი დაიღუპა. ეს ხშირად ღამის საშინელ კოშმარებში გამოიხატებოდა. დედას სჭირდებოდა მუდმივი ბრძოლა, რომ როგორმე ჰოლოკოსტს გადარჩენილის სტიგმა მოეშორებინა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ისრაელის საზოგადოება საკმაოდ ცივად შეხვდა „იქიდან“ დაბრუნებულებს, და შეიძლება ითქვას, რომ ისინი გარიყეს კიდეც.

დედას, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა შეერყა. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც, ბავშვობიდანვე მის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. ამასთან რადგან დედა მუდმივად აღნიშნავდა, რომ დითი მისი „გადარჩენისა და არსებობის ერთადერთი მიზეზი“ იყო, სულ პატარაობიდანვე, დედის არსებობის გამართლება მისი ცხოვრების ძირითად მოტივად იქცა. კიდევ ერთი დეტალი, რომლის გამოც დედასთან ახლო და სათუთი ურთიერთობა ჰქონდა, იყო ის, რომ ის საკუთარ თავს დედის ოჯახის ქალის ხაზის გამგრძელებლად ხედავს. მას მიაჩნია, რომ მათი აბსოლუტური ასლია, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად და სულიერად და საკუთარ თავში ის ოჯახის სრულ ისტორიას ატარებს. ჰოლოკოსტმა ნიშანი დაბადებამდე დაადო, შემდეგ კი დროთა განმავლობაში გაძლიერდა და მისი იდენტობის მნიშვნელოვანი შტრიხი გახდა.

დითი რონენის პოეზიაში აშკარად ვხედავთ, თუ რამხელა სულიერი სიახლოვე აკავშირებს მას დედასთან, უფრო მეტიც, ის საკუთარ თავს დედასთან აიგივებს კიდეც, ისევე, როგორც ბებიასთან და დიდ ბებიასთან, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არასოდეს შეხვედრია. სწორედ ამის გამო, მას სულ ჰქონდა გრძნობა, რომ თავად გამოიარა ყველაფერი, ის წაიყვანეს სახლიდან, იმგზავრა იმ მატარებლით, გაიარა ის ავადსახსენებელი „სელექცია“, ოსვენციმში 33-ე ბარაკში ფიცარნაგზე ეძინა, თითქოს მას გადამხდა თავს ყველაფერი – დამცირება, ძალადობა, შიმშილი, მკბენარები, მუდმივი ქავილი, ტკივილი, სიცივე, შიში და სასოწარკვეთა – თითქოს მეგობარს ზურგით მიათრევდა, თავად ფეხზე ძლივს რომ იდგა. მართალია, ეს მოგონებები მას არ ეკუთვნის, მაგრამ მაინც, მთლიანად გაითავისა. ამიტომაა, რომ მის ლექსებში დიდი ოსტატობითაა ნაჩვენები, თუ „მისი“ წარსული, „მაშინ“, და „იქ“, როგორ იქცევა „ჩემად“, „აქ“ და „ახლა“, მერე და მერე კი მათ შორის საზღვარი ნელ-ნელა იშლება და ბოლოს თითქმის ქრება.

თუმცა, შიში მაინც რჩება – არა მხოლოდ ლექსებში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. დოქტორი რონენი ამის შესახებ აღნიშნავს: „ვხედავ, რომ სამყარო სავსეა ომებით, ტერორისტული აქტებითა და მძიმე დანაკარგებით. ამის გამო ადამიანს უჩნდება ეგზისტენციალური შიშისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი მუდმივად შფოთავს, თითქოს რაღაც საშინელი, კატასტროფული, გაუთვალისწინებელი და ძნელად აღსაქმელი იმალება ყველა რბილი იატაკის ქვეშ თუ კულტურული წესრიგისა და ლამაზ ჩარჩოში ჩასმული კარის უკან. თითქოს დღეს აღარსადაა უსაფრთხო წერტილი, მაშინ, როდესაც თითქოს ჩვენს ირგვლივ ყველა ადამიანი კულტურული, განათლებული, ლამაზი, სასიამოვნო და კეთილგანწყობილია. თითქოს საშინელი რეალობა სადღაც სიღრმეში ჩაბუდებულა და  დროს ელოდება, რომ ზედაპირზე ამოვიდეს და აფეთქდეს.

ეგზისტენციალური პასუხისმგებლობა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს ზემოთხსენებული კატასტროფებისთვის, და რომ ყველა ძალა უნდა იხმაროს, რომ ჰოლოკოსტის გამეორება არ დაუშვას.“

ღრმად ფესვებგადგმული ამ ორი გრძნობის, შიშისა და პასუხისმგებლობის თანაარსებობა გარკვეული კუთხით შეიძლება ებრაელი ისრაელელების, როგორც გადარჩენილთა საზოგადოების, დამახასიათებელ ნიშნად მივიჩნიოთ. დოქტორი ხომ ერთი მხრივ, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელის შვილია, ხოლო მეორე მხრივ კი პირველი თაობის „საბრა“. ამიტომაა, რომ დითი რონენის პოეზიაში დიდი ადგილი უკავია სახლის, თანამემამულეებისა და ოჯახის ძებნას, ომს, მათ შესახებ პასუხგაუცემელ შეკითხვებსა და არეულ სიზმრებს. მისი პოეზია მოიცავს ისეთ გლობალურ საკითხსაც, როგორიცაა საკუთარი წარმომავლობა. თავის შემოქმედებაში ის იკვლევს, თუ როგორია, როცა იმ ერის წარმომადგენელი ხარ, რომელსაც მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში სდევნიან და ამცირებენ.

დითი რონენის შემოქმედებაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ეპიკური პოემა „პატარაჩიტი“, რომელსაც აქვს მრავალშრიანი ფონი – ნარატიული, ემოციური და მითიური. რაც შეეხება ნარატივს, ესაა ამბავი, რომელიც დითის დედამ ბავშვობაში უამბო – ამბავი ერთი ბეწო ჩიტზე, რომლისგანაც დედამ და მისმა მეგობრებმა ბანაკში, სადაც ფაქტობრივად, შიმშილობდნენ, კერძი მოამზადეს. ამ ამბავმა წარუშლელი  კვალი დაუტოვა.

დითი რონენს კარგად ახსოვს, როგორ აღწერდა დედა იმ ჩიტის გემოს. გემოს, რომელმაც დედას და მის მეგობრებს ქათმის წვნიანი, უნგრული ნაციონალური კერძი – ბეჩინალთი – მოაგონათ, ომამდე სახლში რომ ამზადებდნენ ხოლმე. დედა უყვებოდა, რომ იმ წვნიანის გემო სამუდამოდ დაამახსოვრდა, მიუხედავად იმისა, რომ თითოს ალბათ თითო ლუკმა თუ შეხვდა.

დედის მონათხრობი დითს გონებაში ჩარჩა, როგორც მშვენიერებით, იმედითა და სისასტიკით სავსე ისტორია და საკუთარ თავს დაუსრულებლად ეკითხებოდა, იმ ერთ ლუკმას საიდან ჰქონდა შთაგონების, სიმტკიცის გაძლიერებისა და გამხნევების, იმედის მიმნიჭებელი ძალა?  იმ ერთმა ლუკმამ დედას და მის მეგობრებს რაღაც ისეთი მისცა, რამაც მათ დიდი ხნით შიმშილის გრძნობა გაუქრო და სულიერი და მენტალური სიმტკიცე მიანიჭა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისთვის დედას არ უამბია, თუ როგორ დაიჭირეს ჩიტი, როგორ მოკლეს და მოამზადეს. მას არასოდეს ყოფნიდა გამბედაობა, დედისთვის ამის შესახებ რამე ეკითხა. როცა დედა გარდაიცვალა, დითი რონენმა მისი ბავშვობის მეგობარი, თბილი და მოსიყვარულე ქალი, ერჯოკი (ელიზაბეტ ზოლთანი) მოინახულა. ის უკვე 90-ს იყო გადაშორებული და ომამდე ის მის ბებია-ბაბუასაც იცნობდა. სწორედ მან უამბო ჩიტის ამბავი, უფრო სწორედ, მისწერა.

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს წერილი, რომელიც დამტვრეული ჰიბროუს, უნგრულისა და ინგლისურის ნაზავს წარმოადგენს. თუმცა, მანამდე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ოსვენციმს გადარჩენილები, მათ შორის დითის დედა და მისი ნათესავები ისრაელში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ქვეყნის ოფიციალური ენის, ჰიბროუს შესწავლას შეუდგნენ. ბუნებრივია, მათთვის ახალი ენის შესწავლა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, სიცოცხლის ბოლომდე მაინც ვერ დაეუფლნენ და ბევრ შეცდომას უშვებდნენ. სწორედ ასეთი ადამიანების საპატივცემულოდ, ეპიკურ პოემას „პატარაჩიტი“ ჰქვია. ის ცალ-ცალკე არ იწერება, როგორც წესია. ელიზაბეტ ზოლთანის წერილიც შეცდომებითაა სავსე და  ქართულად იგივე  შეცდომებითაა თარგმნილი:

ერთი ს.ს. ჩვენს გვერდით იდგა, ბარაკის გვერდით, და დედაშენი იყო წასვლა საპირფარეშოში და მოსვლა. როცა მოსვლა, ს.ს. თამაში თავის იარაღთან. და ჩიტი ჩამოიღო. და ის ჩიტი დაცემა ზუსტად, როცა დედაშენი მოვიდა იქ, და იმან მიცემა ჩიტი. და მე ვთქვი, მე გაკეთება წვნიანი, იცი რა არის  bechinalt*, ქათმის წვნიანი? რა თქმა უნდა, იცი.

და იქ იყო ერთი ზედამხედველი. ზუსტად იყო როგორც წიწილა, პატარა. და იმან მოცემა ცოტა მარგარინი, მარილი, და ერთი ქვაბი. და იმას ქონდა პატარა ქურა. და მე ვამბობ – მე ვაკეთებ კარგი საჭმელი. Bechinalt. მომეცი მე. ცოტა ფქვილი, რომ არა მარტო წყალი. დითილი, მე გაკეთება…

ერთი ლუკმა ყველას.  და ყველას ახსოვს. ჩვენ ხუთი, და ისიც ექვსი – არაფრიდან საჭმელი.

და მართლა, გემო, კარგი, სახლივით. დედაშენი მიღება ჩიტი ს.ს. – გან. მე – გაკეთება. არც ვიცი თქმა როგორ. გაკეთება სუპი, და ყველა ამბობს: გემო, როგორც წიწილა. ყველაზე გემრიელი. და ასე, ყველაფერი შიგნით – მარილი, პილპილი, მარგარინი, ფქვილი, მე გაკეთება წვენი. მართლა გემრიელი. ერთი ქვაბი. ყველას ქონდა ერთი ლუკმა, და წვენი. ლექსის დასაწყისში, სწორედ ეს ამბავი ვითარდება. ამას გარდა, ესაა მითიური ამბავი, რომელიც უკავშირდება მოგონებას – ესაა პირადი მოგონება რეკონსტრუირებული მოვლენისა, რომელიც დროისა და სივრცის სამ – ოთხ ციკლად მეორდება და გულისხმობს მომავალში პოტენციურ გამეორებასაც. როცა ბანაკში  პატარა ჩიტს ჭამენ, დედას და მისი მეგობრების მახსოვრობაში ჩნდება გემო და სურნელი წვნიანისა, რომელიც თავისი ოჯახებიდან ახსოვთ.

დითის ბავშვობაში, სახლში ქათმის წვნიანის გაკეთება განსაკუთრებულ რიტუალს ნიშნავდა – ეს იყო კერძის მომზადებისა და სადილობის მრავალმნიშვნელოვანი აქტი, რომელიც ერთდროულად, დედის ევროპაში გატარებულ ბავშვობასა და ბანაკს უკავშირდებოდა. დღეს, როცა ის თავისი შვილებისთვის იგივე წვნიანს ამზადებს, ეს პროცესი მასში ყოველთვის აცოცხლებს მოგონებას ბავშვობის სახლისა და საკონცენტრაციო ბანაკის შესახებ.

მეორეს მხრივ, კომპლექსურად რომ შევხედოთ, ამ ლექსში ასევე, წამოჭრილია შეკითხვები ღმერთის შესახებ. სად იყო ღმერთი მთელი ამ უბედურების დროს? ის ლექსში ჩიტისა და სხვა პერსონაჟების მდგომარეობისა და ბედისწერის სახით ჩნდება.

დითის დედა ტრანსილვანიაში ებრაელების უბანში დაიბადა. გერმანელებმა ის უბანი გეტოდ გამოაცხადეს და ნათესავები, რომლებიც ქალაქის სხვა ნაწილებში ცხოვრობდნენ, მათთან გადმოვიდნენ. ამის გამო იყო, რომ ახლო ნათესავები ერთი მატარებლით გაამგზავრეს ოსვენციმში.

ზემოთ ნახსენები „გადარჩევის“ შემდეგ, ხუთი ქალი, რომელიც იმ სახლიდან წაიყვანეს, ბანაკში ერთად მოხვდა: ერჯოკი (ყველაზე უფროსი), სუზი (ერჯოკის უმცროსი და), ფიცი (დედა), ბესი (დედას საყვარელი ახალგაზრდა დეიდა) და ეგი (ოჯახის მეგობარი).

მართალია, ქალებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს, მაგრამ ერთად იყვნენ და ერთმანეთს მხარში ედგნენ. ისინი ოსვენციმიდან სტატჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, საიდანაც დენზიგის შრომით ბანაკში მოხვდნენ. ყველასთვის თვალშისაცემი იყო მათი არისტოკრატული გარეგნობა და მანერები, რის გამოც მათ „ხუთი პრინცესა“ შეარქვეს.

ხუთიდან ოთხნი გადარჩნენ. ბესი, დედას დეიდა, ჭკუიდან გადაცდა, როცა შვილები ხელიდან გამოგლიჯეს და გაზის კამერაში შეყარეს. მას არც კი უცდია, თავის უბედურებას  გამკლავებოდა და არც თანადგომასა და თანაგრძნობას იღებდა სხვებისგან.

ეპიკური პოემა „პატარაჩიტი“ დითი რონენმა  მათ მიუძღვნა, ვინც ბანაკებში დაიღუპა, მათ შვილებსა და მშობლებს, რომლებიც დახოცეს, და მათ, ვინც მეგობრობისა და სიკეთის წყალობით ცოცხალი გადარჩა. აგრეთვე მათ, ვინც დღეს ჩვენთან აღარ არის.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ დოქტორი დითი რონენი  არის ძალიან ლამაზი ქალი, რომელიც მუშაობს და ხუთ შვილს ზრდის, არის მასწავლებელი და პოეზიის რედაქტორი, უძღვება დიდ ოჯახს, არც ისე ცოტა ხნის წინ, ამავდროულად იყო შვილიც და ზრუნავდა მშობლებზეც. ლექსების საწერად მუდამ მაშინ ჯდება, როდესაც თავის ოჯახურ მოვალეობებს ასრულებს. ამის გამო, მხოლოდ ღამით წერს, როცა ყველას სძინავს. დროდადრო მიდის მონასტერში, განერიდება სამყაროს და იწყებს დიალოგს თავის შინაგან სამყაროსთან. მისი აზრით, პოეზია საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებაა, რაც, მისი გადმოსახედიდან, დიდი პრივილეგიაცაა.

დოქტორი დითი რონენი საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ეგიდით პოეტური ვორქშოფის ფარგლებში ეწვია, რომელიც  2017 წლის მაისის ბოლოს ქართველი და ებრაელი პოეტების მონაწილეობით ჩატარდა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში. 2018 წელს დითი რონენის პოეტური კრებული ქართულ ენაზე გამოვა.

1 2 3 4 5 6 7