ციკლიდან    შანკარგათა 

 

1.

ისევ უკრავს მუსიკა

მდუმარებაში.

თუმცა, ღამის ხმები მუსიკაზე ძლიერია

და კარის გასაღებად თოკებს ექაჩება ახლა, მყვირალობის ჟამს,  როცა ყველა ცხოველი ჩქარობს.

 

2.

აქ და იქ შიში და სიმხნევე

უნდა ენდო ქვას რომ აცოცდე კლდეზე

გაცოფებულ მდინარე ტუნგაში.

 

3.

სიმწვანის ნარჩენები

მწიფდება და ოქროს მრისხანებაში შედის

ხოლო მე კი ვივსები ვერცლით.

 

4.

ბრინჯის მინდვრის უკან მინდორი

და კაცი, რომელიც  ადრე იღვიძებს,

და მინდორსაც აღვიძებს გულში,

ველოსიპედს მინდვრის გვერდით აწვენს

ფეხშველა დგება და ხელებს ზურგზე იწყობს.

მისი თვალები გაჰყურებს მინდორს.

 

ყოველ საღამოს ის ზურგს მართავს და

ოქროსფერ მდელოზე გაწოლილ თავის გრძელ ჩრდილს აუჩქარებლად ათვალიერებს.

 

5.

ლექსის ხმა არის ღამის ხმა,

სუფთა ფურცელი, ჩამოწოლილი წყვდიადი, ღამე,

ნაკვალევი ირმებმაც კი დატოვეს ტყეში, რომელიც უკვე  მიატოვეს.  ქარიც ხომ ხმაა, და შორეული ჩუმი მუსიკაც.

ერთი კაცი გვერდს იცვლის ძილში, ის სიზმრად ხედავს თავის ბავშვობას. ყველაფერი მოხდება ახლა –

მუსიკა უფრო ახლოს მოვა, ქარი იქროლებს და ამ ტყის პირას, ირემიც კი დაიწყებს ცეკვას.

მხოლოდ წყვდიადი დარჩება ისევ, და დაე, დარჩეს,

ის და კიდევ, ეს მაცდური თეთრი ფურცელი.

 

6.

კვირა დილით

მზეს მთვარედ ვაქცევ

გავავლებ ხაზს შენამდე გზაზე,

რომელიც ჯერ არ გაუკვალავთ

და ვივლი ისე, რომ არ დამერღვეს

წონასწორობა.

და არაფერს დავწერ შიშზე

 

7.

არც ჭრიჭინას მონოტონური ხერხის ხმაზე,

და არც მისი სიკვდილის მწუხარებაზე.

 

8.

ამდენი დღის და ღამის

შემდეგ.

განსაკუთრებით მიხარია შენთან მოსვლა.

 

9.

გზა შენსკენ გაცილებით უკეთესია,

ვიდრე შენ თვითონ.

 

10.

სურვილს ბოთლში ვინახავ

და საცობს ვაცობ.

დავყნოსავ, როცა ვიგრძნობ, რომ

მიჭირს.

 

11.

ჩემი ფანჯრის წინ მე და ჩიტი

ყოველ დილას ტოტზე ვდგავართ

ხეებს კენწერო უპრიალებთ

ხეობას სძინავს.

 

12.

მზე ამოდის და ჩადის.

მისი გზა აშკარა და დაფარულია.

მე პასუხს ველი.

 

13.

უსაშველოდ დამძიმდა ამ დილით ოქრო.

ნარჩენი

მწვანე, რაც შემორჩა, მომაკვდავია,

ყავისფერი ვეღარ ითმენს და

მე და მდელოს ერთად გვერევა

მიუხედავად  მზისა

და მდინარის ნაპირისა, ელექტრონული  ფოსტის ყუთისა, და ტყისა,

მაინც,

ხეობაში ადამიანის ჭაჭანება არ არის.

 

14.

უნდა  ჩავრაზო  ფანჯარა და დავივიწყო,

გარეთ შიგნით უკან

აქ  იქ

შენ

 

15.

სინათლის წვეთი  წყვდიადის გულში.

 

 

შანკარგათა, შიმოგა, კარნატაკა, ინდოეთი, 2012 წელი.

 

თარგმნა დალილა გოგიამ

 

 

1 2 3 4 5 6 7