ციკლიდან “ლექსები ჯოჯოხეთიდან”

 

დაბრუნება

კრაკოვის ქუჩებს აცოცხლებს სარეკლამო განცხადებები –

ოსვენციმი – ყველაფერი ბილეთში შედის.

ხალხი ბილეთებს ყიდულობს, ტრანსპორტიც

მოდის.  ჯგუფ-ჯგუფად არჩევენ სუვენირებს,

ფოტოების გადაღების ადგილია

საგუშაგო კოშკი

ბარაკები, მიმართულების ნიშნები,

სულ მცირე, შვიდ ენაზე,

საზეიმო განწყობით და დიდი ყურადღებით

უსმენენ  გიდებს

და ვერავინ ამჩნევს, ვერავინ ხედავს,

არავინ ფიქრობს იმაზე, რომ

ღობე სიკვდილით სჯის,

რომ  კივილი კედლებს აწყდება,

რომ ტილები და რწყილები კაწრავენ ფიცრებს,

რომ ჰაერში სისხლი და სიმყრალე ტრიალებს,

რომ ტკივილი მძაფრია, მუცელი კი ცარიელი

რომ მე  მაზიდებს

და გული მიმდის,

რომ პირქვე ვეცემი ნატანჯ მიწაზე.

 

2.

ოსვენციმში მიმავალ გზაზე

იშვიათი ხორცის ნაჭრების

გადიდებული ფოტოები

უზარმაზარ ბილბორდებზე

გზისპირა ბისტროსთან.

უკან მოჩანს

ძველი ეკლესია.

 

3.

შესასვლელთან

მჟავე კომბოსტოს და

ღორის ქონის

სუნი და ისეთი სიტყვები, როგორიცაა

დარბევა.

გვერდზე გავდივარ

და გული მერევა.

 

აქ არ მოხვიდე, ჩემო გოგონა,

აქ  არ იზრდება საფლავები,

მინდორი მომწვანო – იისფერია,

ხალხი – კეთილი.

აქ არ მოხვიდე ჩემო გოგონა,

ეშმაკი თვლემს,

ტურისტები მიდი-მოდიან,

არავინ დარჩა.

აქ არ მოხვიდე, ჩემო გოგონა,

ვერაფერს გასწავლის წარსული,

ახლანდელ ქარს

აღარ ახსოვს სისხლის სუნი.

არ მოხვიდე აქ, ჩემო გოგონა

ვერაფერს წაშლი,

შენი სხეულის მახსოვრობა უფრო მყარია,

ვიდრე მთელი ეს სანახაობა.

ვერას შეგმატებს აქ ჩამოსვლა.

 

5.

შევდივარ.

დედა მარჯვნივ დგას. მე შუაში. ბებია მარცხნივ.

არასოდეს ვყოფილვარ მათთან.

არასოდეს იქ არ ვყოფილვარ.

ზუსტად იგივე მეც რომ მეგრძნო, თუნდაც ცოტა ხნით,

რომ გამეცნო  დედა, ბებია,

აქ მეც უნდა მოვსულიყავი.

 

6. გადარჩევის შემდეგ

 გადარჩევის შემდეგ

მე, დედა და ბებია

ბაქანზე ვდგავართ

და შევცქერით ბაბუას

მარჯვენა ხელზე ჩაფრენია პაწია ჯოშუა

მარცხენა მკლავში ჩამალულა ჩვილი დავიდი

ჩვენ ზურგს გვაქცევს

და გვტოვებს და მიდის

პირდაპირ მიდის საშხაპეებში.

რამხელა გზა აქვს უკვე გავლილი

მთელი ეს წლები

მიდის და მიდის

ჩვენ იქვე ვდგავართ

მივჩერებივართ,

მთელი ეს წლები

მის ზურგს შევცქერით.

დღემდე მიდიან

უსასრულოდ გვშორდებიან

მისი ზურგი

პაწია ჯოშუა

ჩვილი დავიდი.

 

1 2 3 4 5 6 7