და ყველაფერი რაც დავწერე არ არის სიმართლე

და ყველაფერი, რაც დავწერე

არ არის სიმართლე. და არც

ესაა სიმართლე. და სიმართლეა.

სრული სიმართლეა, რომ დავიბადე.

და ისიც სიმართლეა, რომ ერთხელ

დავიბადე. და არა. არც ისაა

სიმართლე, რომ არასოდეს დავბადებულვარ

და არ არის სიმართლე, რომ

ბევრჯერ დავიბადე. თუმცა

ეს მახსოვრობასთან კამათის საქმეა.

 

ეს შეგრძნება

შეგრძნება,

რომ აქ უკვე იყავი

ადგილას, სადაც ჯერ

არ ყოფილხარ.

რომ ერთხელ უკვე მუცლად იღე

ნაყოფით

რომელიც შენში არასოდეს მოხვედრილა.

რომ ერთხელ უკვე მოკვდი სიკვდილით

რომელითაც ჯერ არ

მომკვდარხარ.

 

ციკლიდან ღამის საუკუნე

Night Siècle  

 

1.

ღამით  ისევ სახლში ვიყავი

აი, იმ სახლში, მდინარის პირას,

რომლის ყველა ფიცარს აწერია ჩემი სახელი

და ყველა ბოძი დედაჩემის ენაზე  ჭრიალებს

და ყველა კუთხე-კუნჭულმა მთელი ჩემი ცხოვრება იცის.

 

შენც იქ იყავი

ისევ ჩემთან, შენ,

რომელიც ასე დამშორდი,

მე ჯერ ვიყავი შენი შვილი და შენ ხელში ატატებულს მიმღეროდი,

მერე გავხდი დედაშენი, გულში გიკრავდი და გიმღეროდი.

უფრო გვიან, მე ვიყავი შენი და, და შენთან ერთად ვტიროდი და ვიცინოდი,

და ბოლოს, შენი ცოლი გავხდი.

ახლა შენი შვილი, დედა, შენი და და  ცოლი ვარ შენი.

მზეზე კიდია  გასაშრობად ჩემი სამოსი,

მის ნაირფერებს ირეკლავს წყალი.

უფერული ჩანს ჩემს სამოსს შორის გაფენილი შენი სამოსი.

როგორც ყოველთვის, პირქუშია  შიგნიდან სახლი.

 

2.

ბაღის ზემოთ ლივლივებ და დროის სვლას უცქერ

ის, ვინც მკლავებში უნდა გყავდეს,

ჩამალულია შენი გულის ფსკერზე,

ისე, როგორც მტვერი, რომელიც

სახლის კუთხეებში მიივიწყეს:

გოგონა, რომელიც მე ვიყავი,

და ქალი, რომელიც გავიზარდე,

დედა, რომელიც მერე გავხდი,

შემდეგ ბებია,

აი, ყველანი შინ ვართ ახლა

ერთ სისხლსავსე მთლიან სხეულში.

გარს გვახვევია

სიზმარეული ფიქრების

სქელი ფერადი ფენები.

აქაური უსასრულო ფაციფუცი

გულს აგიჩქროლებს, როცა

ხელებს  გამოიწვდენ,

ჩემკენ წამოხვალ.

 

 

6.

ჩიტის ჟივჟივი გათენებამდე

გვაღვიძებს

და ჩვენი პაწია ნატურმორტიდან

ჩვენს დიდებულ ცხოვრებამდე

მივყავარ შენს ხმას –

 

სწორედ ეს არის დრო როცა

ჩვენი სხვადასხვა არსებობა

ხილული ხდება: ერთი არსება

პაწიაა და თანაც დიდი,

დღეა და ღამე,

სიცოცხლეა და სიკვდილი.

 

1 2 3 4 5 6 7