და მე ვიყავი ლამაზი

და მე ვიყავი ლამაზი. ყველა დაბადებაში

ყველა მშობელთან ყველა დროს

ვიყავი ლამაზი. და რა თქმა უნდა, ვიყავი ერთი.

მხოლოდ ერთი. სამყაროს პირისპირ.

 

რადგან სუსტი ჩხავილიდან

და მჩხავანას სისუსტიდან

და ამნიოტური სითხის სიტკბოდან

და ამნიოტური ტომრიდან თან რომ დამთრევდა

რბილად გამოვიჩეკე.

და გვირგვინივით გადამეჭიმა

ცისფერი ძარღვი – სიყვარულის ნიშანი

შუბლზე და რბილად გამოვიჩეკე.

და მახსოვს: რბილი. და ლამაზი. და თხელი.

სამყაროს პირისპირ.

 

მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მაშინვე

გარეთ გამომისროლეს.

ჯერ უბრალოდ ვიწექი.

და რადგან ერთი მთელი ვიყავი

ფეხზე წამოვდექი.

და გავიარე.

 

თავიდან არაფერს ვამბობდი.

არც დაბადების ადგილი გამიმხელია.

არც ის, ვინ არის დედაჩემი.

არც ის, ვინ არის მამაჩემი.

მახსოვს: წინ არავინ მედგა.

ვიყავი მარტო.

და ეს არ ნიშნავს, რომ

მაშინვე გარეთ გამომისროლეს.

 

და მე არასდროს ვყოფილვარ ევა

და მე არასდროს ვყოფილვარ ევა

არასოდეს ვყოფილვარ შემწე.

არც ადამის ნეკნიდან გავჩენილვარ,

არც ადამიანისგან გამოვსულვარ,

არც ქალი მერქვა.

ამიტომ მუდამ ბაღის ზემოთ დავლივლივებ

ამიტომ მუდამ იმ ხილს ვჭამ რაც მიყვარს,

ამიტომ მუდამ სიხარულით ვაჩენ შვილებს

ამიტომ  კაცი სამუდამოდ ვერ გახდება ჩემი ნაწილი

ამიტომ სამუდამოდ ვერ ვიქნები ერთი ხორცი

ერთი სხეული.

სამუდამოდ ვიქნები ერთი.

ერთი მარტო. სამყაროს პირისპირ.

რადგან არა, ადამის ნეკნიდან არ ვშობილვარ.

ადამიანისგან არ ამოვსულვარ.

არასოდეს მრქმევია ქალი.

 

მაგრამ მე ვიყავი ივდითი

მაგრამ მე ვიყავი ივდითი

დაბადებისთანავე ვიყავი ივდითი.

და ჩემში ვატარებდი ჩემი ხალხის ისტორიას

და ჩემი ოჯახის ისტორიას

და ჩემ საკუთარ ისტორიას.

და ჩემ საკუთარ ისტორიაში

ვატარებდი  თიამათის* ისტორიას

და დიდი დედების ისტორიას.

დედაღვთაებების ისტორიას,

და ქალღმერთების ისტორიას

და შხინას ისტორიას.

და მე ვარ ერთი სხეული.

დაბინძურებული, მცირე, ერთი სხეული

დარღვეული, რადგან მან გამოსცადა მიტოვება.

და ვიცი. მე ვიყავი ივდითი.

და არა. ეს არავის გაუმხელია.

არავის უთქვამს.

მე ვიცოდი ეს საიდუმლო.

 

*თიამათი. სამყაროს შექმნის ბაბილონური მითის მიხედვით ზღვის მლაშე წყლების განსახიერება.

 

1 2 3 4 5 6 7