ციკლიდან “უამრავი დედა”

 

და არა მეფის ასული

და არა. მეფის ასული კი არა

და დედოფლის ასული კი არა

უბრალოდ, გადარჩენილი

ლტოლვილების ქალიშვილი.

ერთი გადამფრენი ჩიტი ჩიტების გუნდში.

ღრუბლების მოძრაობას ვაკვირდები

იცვლიან ფორმებს

და მეც მათთან ერთად ვიცვლები.

მეც მათსავით ვჩნდები და ვქრები

მეც მათსავით  ვიკუმშები და ვიშლები

მეც მათსავით  ვიბადები და ვიფანტები.

თაობების ცოდნას

სხეულის ცოდნაში ვიგროვებ

და საწოლის ქვეშ ვინახავ

მომავალი მიგრაციისთვის ვიმარაგებ.

 

 

ჩემი დიდი დედა

ჩემი დიდი დედა

სამეფო ტახტრევანზე ზის

თეთრი ღრუბლით შემოსილი.

თვალები კარგად უჭრის.

გრძელი ფაფუკი ნიჩბებია

მისი მკლავები.

ზოგჯერ სათუთ ხელისგულებს

ერთად ატყუპებს და

დაკარგულ ბავშვებს

გულში იხუტებს.

მერე ხელები ვეღარ უძლებს

მათ სიმძიმეს

მკლავებს ფართოდ შლის

და ბავშვები სათითაოდ

ქვემოთ ცვივიან

დედამიწაზე.

 

 

და დიდი ჩამოცვენის დროს

და დიდი ჩამოცვენის დროს

მე დავეშვი ციდან მიწაზე

და შევიქენი ერთი მთლიანი.

მთლიან სხეულში ჩავიძირე

სრულად შექმნილი.

ცნობიერების საფეხურები

ბრახუნით

ჩავიარე და შევიქენი

გამჭირვალე.

მოვფარფატებდი

სრულქმნილი, მთელი.

გზაში

კანის უჯრედები მექერცლებოდა –

გზაში ვფანტავდი

ამნიოტური ტომრის ნარჩენებს.

მთელი გზა

უდარდელად ბრუნავდა და

ვერ მამჩნევდა

დედამიწა

მრგვალი და მკრთალი.

მრგვალი და შორი.

და ამ ფარფატში

და ამ ცურვაში

გავხდი სრულიად გამჭირვალე და

ძალიან თხელი

და ჩემი სითხელე და გამჭირვალობა

ჩაბრუნდა ჩემში

და მე შევიქენი მთლიანი

ერთი.

ისე, რომ არაფერი გამეგებოდა

ისე, რომ ამის შესახებ სულ არაფერი ვიცოდი

ისე, რომ ჩემი თავის შესახებ სულ არაფერი ვიცოდი

ისე, რომ ქარის შესახებ არაფერი ვიცოდი

ისე, რომ არაფერი ვიცოდი მისი მოსვლის

ისე, რომ არაფერი ვიცოდი მისი მოძრაობის

ისე, რომ არაფერი ვიცოდი ჩამოფრენის

გემოს შესახებ.

მოვფარფატებდი

ერთი მთელი,

დავეშვი  და

გამჭირვალე შევიქენი.

ერთ მთელ სხეულში მე ჩავეშვი

სრულად შექმნილი. მთლიანი. ერთი.

 

1 2 3 4 5 6 7