ჩაი გარეთ, ვერანდაზე გავიტანეთ და ღმერთისა და მთელი სამეზობლოს დასანახად დავლიეთ. სამეზობლო ნაწყენი დარჩა, ძალიან ნაწყენი. ყურადღებით უსმენდა ჩემს ყოველ სიტყვას. არა მგონია, ჯარისკაცს ეს შეემჩნია. ის და ჩემი ქალიშვილი მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს. ნორმალურად ვერც კი გავიგე, რაზე ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ჩაის ვასხამდი და ყველანაირად ვცდილობდი, ხელი არ ამკანკალებოდა. „ცუდს არაფერს ჩავდივარ!“ – თავს ვიმხნევებდი. „ცუდს არაფერს ჩავდივარ!“

გაძვალტყავებულმა ჯარისკაცმა მკითხა, ჩემს სახელს თუ ვეტყოდი. „არა, – ვუპასუხე მე. „უფლება არ გაქვთ, გამოიყენოთ.“ მან თავისი სახელი მითხრა, მაგრამ მე ვითომ ვერ გავიგონე. გასამხნევებლად, ჩემმა ქალიშვილმა თავისი სახელი უთხრა. „ძალიან მაგარია, ძალიან, ძალიან ლამაზი სახელი გაქვს. შენს სახელს მეც გამოვიყენებ.“

„როგორ, ეს გოგოს სახელია.“ უთხრა ჩემმა ქალიშვილმა და ნესტოებიდან ცეცხლი გამოუშვა.

„უჰ, ჩემს ქალიშვილს დავარქმევ.“

მას არ უნდა ელაპარაკა თავისი ჯერარდაბადებული შვილის შესახებ აქ, ყველას გასაგონად, ხმაში იმედითა და თვალებში სიხარულით. დარწმუნებული ვარ, ქალები წყევლიდნენ იმ პაწია გოგონას, რომელზეც ჯარისკაცი ოცნებობდა. ვიღაც ნამდვილად იტყოდა: დაე, შენი შვილი იმ მწუხარებისთვისა და უბედურებისთვის დაიბადოს, რაც შენ ჩვენ მოგვაყენეო.

„უჰ,“ გაიმეორა ჩემმა ქალიშვილმა, „მომწონს ეს ხმა. უჰ, უჰ, უჰ.“

ახლა უკვე ყურს ვუგდებდი და მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ. გაძვალტყავებულმა ჯარისკაცმა უთხრა ჩემს ქალიშვილს, რომ კარგად ესმოდა, რატომ იდგნენ გაბრაზებული ბიჭები გზაზე.

„მათ ჰამელნის ბავშვებს ვეძახი.“ – თქვა მან.

„რის ბავშვებს?“ – ჰკითხა ჩემმა ქალიშვილმა.

„ვის ბავშვებს?“ – ვკითხე მე.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იმ დანაშაულისთვის აგებენ პასუხს, რომელიც არ ჩაუდენიათ.“

და შემდეგ გვიამბო ლეგენდა ჰიმელინელ მესტვირეზე. იმ ღამეს სამივეს, მეც, ჩემს ქალიშვილსაც და დედასაც კოშმარები გვესიზმრა. დედას ლეგენდა არც მოუსმენია, და ვერ ვხვდები, ის რატომ ხედავდა კოშმარს, მაგრამ რაღაცნაირად მესიამოვნა, რომ ისიც ასე აფორიაქებული იყო.

 

* * * 

როდესაც გაძვალტყავებული ჯარისკაცი მეორედ გვესტუმრა, მან ჩემს ქალიშვილს უთხრა, რომ მის ქვეყანაშიც იყვნენ უცხოელი ჯარისკაცები, მაგრამ მათი აღმოჩენა უფრო რთული იყო, რადგან მათ არც ფორმა ეცვათ და ხშირად არც უცხოელებს ჰგავდნენ. ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეებივით გამოიყურებოდნენ – მაღაზიის მფლობელთა, რესტორნის მეპატრონეთა, დიდი ბიზნესმენებისა და დენტისთა შვილებივით. „ისინი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ჯარისკაცები არიან. რაც უფრო დიდი ხანი ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო ვძულვართ, და რაც არ უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი ეზიზღებათ… ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ სკოლაში დავდივართ, მეტროთი ვმგზავრობთ, იგივე ფილმებს ვუყურებთ, იგივე ვიდეო  თამაშებს ვთამაშობთ. მაგრამ მაინც, ისინი არასოდეს არიან ჩვენთან ერთად, ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ არიან. მუდამ.“

სულ ტყუილად გაისარჯა, რადგან, როგორც კი ამის მოყოლა დაიწყო, მე ჩემს ქალიშვილს ყურებზე ხელი ავაფარე. მან ხმამაღლა გააპროტესტა, მაგრამ მაინც ხელები არ მომიშორებია. „რასაც თქვენ ამბობთ, სულ სხვა ამბავია.“ ვთქვი მე. „ეს თქვენს აქ ყოფნას არ ამართლებს და არც ხსნის. არც ამ ბავშვისთვისაა გასაგები. და ნუ ახსენებთ სიტყვას „მუდამ.“ კარგად უნდა დაფიქრდეთ, ვიდრე რამეს იტყვით. თავი დაანებეთ ასეთ ლაპარაკს და მოუბოდიშეთ.“

ჯარისკაცი არ შემკამათებია, თუმცა, არც პატიება უთხოვია. მისი გადმოსახედიდან, ის სიმართლეს ამბობდა და ამიტომ, არც კამათის გაგრძელება ჩაუთვლია საჭიროდ და არც ბოდიშის მოხდა.

იმავე საღამოს, ჩემს ქალიშვილს შეკითხვა დავუსვი, ისევ რასისტი იყო ჯარისკაცების მიმართ თუ არა.

მან მწყრალად მიპასუხა: „მგონი, არ გესმის, რაზე ლაპარაკობ.“ როდესაც ცოტა წამოიზრდება, ვკითხავ, რატომ გაბრაზდა, რატომ გამცა ასეთი პასუხი. დარწმუნებული ვარ, სასწრაფოდ რამეს მოიგონებს, რომ უფრო გონიერი და დაფიქრებული გამოჩნდეს.

 

* * * 

მე და ჩემი ქალიშვილი გაძვალტყავებულ ჯარისკაცს მეორე დღესაც ველოდებოდით. ჩემს ქალიშვილს თავისმა მეგობრებმა ზურგი აქციეს, იმათაც კი, ვისაც ის დაეხმარა, რომ სხვა ბავშვებთან საერთო ენა გამოენახათ, და სხვა ბავშვებსაც ეუბნებოდნენ, რომ ჩემს გოგონასთან არ ემეგობრათ. ჩემი ნაცნობი ქალები ბაზარში აღარ მესალმებოდნენ, მაგრამ მე ისინი არაფერში მჭირდებოდა. მე და ჩემი ქალიშვილი ერთმანეთს ვამხნევებდით, რომ ყველანი უკან მოგვიბრუნდებოდნენ, როგორც კი მიხვდებოდნენ, რომ ცუდს არაფერს ჩავდიოდით. ჩვენ ორივეს გვჯეროდა, რომ ჩვენს ჯარისკაცს დავარწმუნებდით, თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო, თავის პროფესიას – არქიტექტორობას მიბრუნებოდა და ახალი ცხოვრება დაეწყო. ის გამოგვიტყდა, რომ ჩვენი მინარეთები ძალიან მოსწონდა და  სახლში მათი ფოტოების წაღებას აპირებდა, რომ მერე იქ სასწაულები გაეკეთებინა.

 

1 2 3 4 5 6