ჩემს ქალიშვილს ფეხდაფეხ გავყევი, და ვიდრე მოვიფიქრებდი, რა უნდა მექნა, მისი სახელი აღმომხდა. კარგი სახელი აქვს, მე და ჩემმა ქმარმა ისეთი სახელი ავურჩიეთ, რომელიც მასთან ერთად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ახლა ვხედავდი, რომ ჩემმა გოგონამ გაზრდა გადაიფიქრა. ჩემს შვილს მივვარდი და ვეცადე, დამეჭირა, მაგრამ ხელიდან გამისხლტა. ხალხი ფანჯრებიდან და ღია ჭიშკრებიდან შემოგვცქეროდა. სატვირთო მანქანა გაჩერდა. ვიღაცამ შიგნიდან დაიყვირა: „გაინძერი, ბავშვო, ნუ გვაგვიანებ, საქმე გვაქვს.“

ვეცადე, ჩემი ქალიშვილი გზიდან გადამეთრია, მაგრამ ვერ მოვერიე. მან ჯიბიდან ქვები ამოიღო და სროლა დაიწყო. უძირო გამოდგა ის ჯიბეები იმ დღეს, მისი მკლავები კი ჰაერში  მათრახივით წუოდა. ქვები ერთმანეთის მიყოლებით ეხეთქებოდა რკინას და შუშას. ვცდილობდი, მისთვის მკლავები გამეკავებინა, მაგრამ ამაოდ, ჩემი შვილი ქვებს ისროდა და წიოდა: „ეს ჩემი ქვეყანაა! აქედან წაეთრიეთ!“

სოფლელებმა ტაში დასცხეს. „დიახ!“ ყვიროდნენ ისინი მაყურებლის ადგილებიდან და თან ტაშს უკრავდნენ. ისევ ვეცადე ხელების გაკავებას და ისევ არ გამომივიდა. მანქანის ძრავამ ამოიღმუვლა და მე ფართოდ გავშალე მკლავები და გოგონას წინ ავეფარე. „გაბედავთ? მართლა გაბედავთ?“ – დავიყვირე.

ახლა დედა და შვილი ერთად ვიდექით და ჯარისკაცებს ერთად ვეჩხუბებოდით.

ბოლოს, მანქანიდან ერთი გაძვალტყავებული ჯარისკაცი უიარაღოდ გადმოვიდა. ყველაზე გაძვალტყავებული მეომარი კაცი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს, მავთულის სისქის თუ იქნებოდა, მართლა, თითქოს იყო და არც იყო. ჯარისკაცი ჩემი ქალიშვილისკენ წამოვიდა, რომელსაც ქვები უკვე გათავებოდა. ჯარისკაცმა ხელები ჩემი ქალიშვილისკენ გამოიწვდინა – საღეჭი რეზინი გაუწოდა. ჩემმა შვილმა შეაგინა, მე კი მას გინებისთვის გავუჯავრდი. ჯარისკაცი მისგან დაახლოებით ოცდაათი სანტიმეტრის მოშორებით გაჩერდა და უთხრა: „ძალიან მამაცი ხარ“.

ჩემმა შვილმა ხელები თეძოზე შემოიწყო და კუშტად შეაჩერდა.

„აქედან ხვალ მივდივართ.“ უთხრა გაძვალტყავებულმა ჯარისკაცმა.

ირგვლივ მეზობლების ჩურჩული და ყვირილი გაისმა: „სამხედროები ხვალ მიდიან!“

სატვირთო მანქანიდან მეორე ჯარისკაცმა კი გამოსძახა: „ჩვენ კი,მაგრამ სხვები მოდიან.“

ყველას ოხვრა აღმოხდა. ჩემი ქალიშვილი მიწაზე დაგდებული ქვისკენ დაიხარა.

ღმერთო ჩემო, ვინაა ეს გოგო? სიმაღლეში ოთხი ფუტია და იმას ებრძვის, რის შესახებაც წარმოდგენაც არ აქვს. რომც ავუხსნა, მაინც ვერაფერს გაიგებს. მე თვითონაც არაფერი მესმის.

„შეიძლება, ხელი ჩამოგართვა?“ ჰკითხა გაძვალტყავებულმა ჯარისკაცმა, ვიდრე ჩემი გოგონა ქვას შეეხებოდა. მეგონა, ჩემი შვილი უარს ეტყოდა, მაგრამ დიახო, უპასუხა. „შენ არა გიშავს, გადმოხვედი და სახეში შემომხედე.“

„რა კარგად ლაპარაკობს ინგლისურად.“ – დაიძახა მანქანიდან მხდალმა ჯარისკაცმა.

„ყოველდღე ველაპარაკები ინგლისურად.“ – დავუყვირე მე. „რომ შენნაირებისთვის იმის თქმა შეეძლოს, რასაც ფიქრობს.“

მერე მე და ჩემი ქალიშვილი ჯარისკაცებს გზიდან ჩამოვეცალეთ და პატრულირების გაგრძელების საშუალება მივეცით.

 

* * *

ეს ამბავი დედას არ მოეწონა. „კი, მაგრამ ვერ ნახე, რომ ყველა ტაშს გვიკრავდა?“ ჰკითხა ჩემმა ქალიშვილმა.  „მერე რა?“ იკითხა დედამ. „ზოგიერთები ყველაფერს ტაშს უკრავენ. ზოგი ტაშს მაშინაც  უკრავს, როდესაც თვითმფრინავი მიწაზე დაეშვება.“ ეს ჩემმა ქმარმა უთხრა ერთხელ, როდესაც სახლში მოგზაურობიდან დაბრუნდა. არ ვიცოდი, დედას თუ კიდევ ახსოვდა.

ჩემი ქალიშვილი ბავშვებში უზომოდ პოპულარული გახდა, და როგორც ვხედავდი, ამით ბოროტად არ სარგებლობდა – ცდილობდა, მორიდებული თანატოლები საერთო მხიარულებაში ჩაება და მათ ხუმრობებზე ყოველთვის იცინოდა.

 

* * * 

ერთი კვირის შემდეგ, ჩვენებურივით ჩაცმულმა უცხოელმა დედას კარზე დაუკაკუნა. შუადღე გადასული იყო და უკვე ბინდდებოდა. ხალხი ჩაის მერე ეზოში იჯდა, ლაპარაკობდა და ქუჩაში იყურებოდა. ჩვენ ხალხს შეუძლია, ნებისმიერი საკითხი თავიდან ბოლომდე გაარჩიოს. ეს ჩვენი გამორჩეული ნიჭია და შეიძლება, ასეთი საუბრები სურნელოვან შაქარზე ტკბილიც კი აღმოჩნდეს. ახლა ისინი იმ უცხოელზე ლაპარაკობდნენ, ჩვენს კარს რომ მოადგა. კარი მე გავაღე. ჩემი ქალიშვილი გვერდით მედგა და კაცი ორივემ მაშინვე ვიცანით – ის გაძვალტყავებული ჯარისკაცი იყო. ჯელაბაში თავს მოუხერხებლად გრძნობდა, და თავზეც არასწორად ეხურა – თმა მოუჩანდა.

„მასხარა,“ თქვა ჩემმა ქალიშვილმა. დედა ბალიშზე იჯდა, იატაკზე და თქვა, რომ ის მასხარაა თუ არამასხარა, მის სახლში ფეხს ვერ შემოადგამდა.

„შემობრძანდით.“ ვუთხარი მე. მხოლოდ ეს მოვახერხე. თუ სტუმარი დაგიკაკუნებს, სახლში უნდა შემოიპატიჟო. ჩვენ აი, ეს ხალხი ვართ. თუ, იქნებ მხოლოდ მე მესმის ასე.

„აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ პრობლემები შეგიქმნათ.“ თქვა ჯარისკაცმა. ის თავს ელვის სისწრაფით ატრიალებდა და ხან ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, ხან სამხრეთისკენ, ხან აღმოსავლეთისკენ, ხან დასავლეთისკენ, ისე, რომ  მის თავს  წესიერად ვერც ვხედავდი.

„უკვე ერთი კვირაა, შვებულება მაქვს. ვიფიქრე, ცოტა ხნით აქ დავრჩები, იქნებ ღირსეულ მოწინააღმდეგეს გადავაწყდე მეთქი. ის ახალგაზრდა ქალბატონი ვიგულისხმე.“ მითხრა ჯარისკაცმა და ქალიშვილზე მიმანიშნა. ჩემი ქალიშვილი ტუჩს იკვნეტდა და სახე ნასიამოვნები უჩანდა. „რას ამბობს?“ გამომძახა დედამ.

„თუ ასეა, უბრალოდ წავალ.“ – თქვა ჯარისკაცმა ისე, თითქოს ერთბაშად ათასი სიკვდილით კვდებოდა.

„ჩაი უნდა…“ უთხრა ჩემმა ქალიშვილმა. „ერთი-ორ ჭიქას დავალევინებთ.“ დავუმატე მე.

 

1 2 3 4 5 6