თუმცა, მე ვიცი, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ჩემი ქმარი უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მან რამდენიმე ენა იცოდა, წიგნებს მაძლევდა წასაკითხად, სხვადასხვა ქვეყნის ახალ ამბებსაც მიკითხავდა და  მეუბნებოდა, რა შეიძლება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ჯობდა, ჩემს ქმარს ამ სამყაროს შიში ჰქონოდა, იმ დღეს სახლის კარი ჩაეკეტა და დარაბებიც მჭიდროდ დაეხურა. მაგრამ არა! ამის ნაცვლად, გარეთ გავიდა! ჩვენი გოგონაც მას ჰგავს. ის მისი უკვდავების ნაწილია. ჯერ კიდევ ფეხმძიმედ ვიყავი მასზე, როცა ქმარს ვუთხარი, რომ ერთადერთი ეს იყო, რაც მინდოდა, რადგან ის, აი, ასე ძლიერ მიყვარდა. ფეხმძიმობის ყოველთვის საშინლად მეშინოდა იმ მიზეზების გამო, რაც, საერთოდ, თან სდევს ფეხმძიმობას. გოგოებმა ეს მიზეზები პატარაობიდანვე იციან – მაშინებდა არეულობა სხეულში, განუწყვეტელი ტკივილი,  შიმშილი.

 

* * *

შემდეგ ცოლად გავყევი ჩემს კაცს და მივეჯაჭვე. და გონება, ჩემი გონება, რომელიც მანამდე მეუბნებოდა, რომ არც ერთი კაცისთვის, რაც გინდა კარგი კაცი ყოფილიყო, არასოდეს შვილი არ უნდა გამეჩინა, ის ჩემი გონება ახლა სულ სხვას მკარნახობდა. იმ შემთხვევაში, თუ სამყარო კვლავაც განაგრძობს არსებობას, თუ გარემო პირობები, შესაფერისი თუ არა, სულ მცირე, ასატანი მაინც იქნება, ჩვენს შვილს ეყოლება შვილი, იმ შვილს ეყოლება შვილი და ასე გაიელვებს ხოლმე ჩემი ქმრის ნაკვთები მათში და ისინიც ისევე უშიშრად, ხელების ქნევით ივლიან. საუკუნეების მერე ერთი ადამიანის მზერა, ღიმილი, ხმა, ჯდომის ან დგომის მანერა ისე მოეწონება ვიღაცას, რომ თავდავიწყებით შეუყვარდება და რა თქმა უნდა, აზრზეც კი არ იქნება ვისი თვისებები გამოჰყვა მის საყვარელ ადამიანს.

მე ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე იმ ქალებს, ვინც მეუბნებიან, რომ ჩემი ქალიშვილის ქცევები არ შეესაბამება გოგოს ქცევებს. ჰო, გოგო ასე არ უნდა იქცეოდეს, მაგრამ, რადგან მე მინდა, ჩემი შვილი ახლოს მყავდეს, უფლებას ვაძლევ, წავიდეს, თუმცა, ძალიან შორს არა, ძალიან შორსაც არ ვუშვებ.

ჯარისკაცები ზოგჯერ აქაურ ბიჭებს ემგვანებიან, განსაკუთრებით, როდესაც ლანჩის დროს კედელზე თავშიშვლები ჩამოსხდებიან, მზეს ეფიცხებიან და ცდილობენ, სენდვიჩებს გემო ჩაატანონ. მერე მათ გვერდით იარაღს მოვკრავ თვალს ხოლმე და გამახსენდება, რომ ჩვენები არ არიან. ჩვენი ბიჭები ასეთები ადრე იყვნენ.

„დედა… არ გესმის? დღეიდან რასისტი ვარ.“

იმ დილით ჩემს შვილს სკოლაში წასასვლელად ვამზადებდი. ის ფეხსაცმლის თასმებს ვერ იკრავს, თუმცა, ექსტრავაგანტური ბაბთების გაკეთება უყვარს.

„რასისტი რომელი რასის წინააღმდეგ ხარ, შვილო?“ ვკითხე.

„რასისტი ჯარისკაცების წინააღმდეგ.“

„ჯარისკაცი რასა არ არის.“

„ჯარისკაცი რასა არ არის.“ გამომაჯავრა მან. „ჯარისკაცი რასა არ არის.“

„ამით რისი თქმა გინდა?“

ამ შეკითხვზე პასუხი არ ჰქონდა, ის უბრალოდ გაიქცა და თავისი სკოლის მეგობრების დიდ ჯგუფს შეუერთდა. მე კი ძალიან ავნერვიულდი. ჩემი ქალიშვილი მთელი ცხოვრება ჯარისკაცებს უყურებს, მას არასოდეს უცხოვრია ჯარისკაცების გარეშე, ისეთი ადგილიც არ იცის, სადაც ჯარისკაცები საერთოდ არ არიან. მას ვერ წარმოუდგენია კედარი ცის ფონზე,  ხაკისფერისა და გადამცემის ხმების გარეშე.

ასე, ერთი საათის შემდეგ ბიბალი გვესტუმრა. რაც აქ გადმოვედი,  იმ დღიდან აღარ იცის, თავი როგორ მომაბეზროს. დარწმუნებული ვარ, სოფელში თვლიან, რომ ჩემთვის დიდი პატივია ბიბალის ყურადღება. ის ჩვენთან ერთად დაჯდა.  დედამ ჩაი დაუსხა.

„უკვე სამჯერ ვთხოვე თქვენს ქალიშვილს, ჩემი ცოლი გახდეს.“ – უთხრა ბიბალმა დედას და თითი დაუქნია. მე იქ  თითქოს საერთოდ არ ვიყავი.

„პირველი ცოლი, მეორე ან მესამე კი არა, პირველი.“

„ნუ ბრაზობ, შვილო,“ – წაიდუდუნა დედამ. „ჯერ მზად არ არის. მას მერე, რაც მოხდა, მხოლოდ უსირცხვილო ქალი იქნებოდა მზად ასე მალე.“

„მართალია, მართალი.“ დაეთანხმა ბიბალი. ბუზი ზედა ტუჩზე დამაჯდა და ხელი არ ამიქნევია, დავაცადე, არხეინად ესეირნა.

„მეოთხედ აღარ ვკითხავ, ისე მოვიტაცებ…“

„არა, ეგ არ ქნა, შვილო. ნუ წაართმევ მოხუც ქალს თვალის ჩინს.“ ჩაიდუდუნა დედამ ისევ და ბიბალს თაფლის ნამცხვარი დაუდო. ბიბალმა მუცლით გაიცინა და ჩემი ბუზი გაფრინდა. „უბრალოდ ვიხუმრე.“ – თქვა ბიბალმა.

როდესაც ბიბალმა დედას მესამედ სთხოვა ჩემზე დაქორწინება, მეგონა, იძულებული ვიქნებოდი, ცოლად გავყოლოდი. მაგრამ ჩემმა ქალიშვილმა თქვა, რომ მე მასზე გათხოვების უფლებას არ მომცემდა. იმიტომ, რომ მსუქანი სახე და პატარა თვალები აქვს თუ იმიტომ, რომ ღია პირით ღეჭავს საჭმელს – მეთქი, ვკითხე.

„იმიტომ, რომ ტირანის ულვაშები აქვს“ – მიპასუხა ჩემმა ქალიშვილმა. „და მასთან ცხოვრება შეუძლებელი იქნება.“

მისი სიტყვების მარაგით ძალიან ვამაყობ. ბიბალთან უკვე ისე გამომდის, რომ ვიწუნებ, მაშინ, როდესაც მას შემოგარენში ყველა კაცზე მეტი საქონელი ჰყავს და შეუძლია მე, დედას და ჩემს ქალიშვილს მოგვცეს ის, რაც ადამიანს შეიძლება ცხოვრებისგან გონიერების ფარგლებში უნდოდეს. გთხოვ, ღმერთო, შენ ხომ იცი, რომ ამქვეყნიურ სიამეს არ ვეძებ, თუ მართლა გინდა, რომ ხელახლა გავთხოვდე, იყოს ნება შენი, მაგრამ გთხოვ, ამარიდე ბიბალი. ვიცი, არ დამიჯერებ, მაგრამ იმ სიყვარულის შემდეგ, რაც გამოვცადე… სულ დავიშლები…

ჩემი ქალიშვილი სახლში ლანჩზე მოვიდა. ვილოცეთ, ცივი კარკედე დავლიეთ და მან მიამბო, რას ასწავლიდნენ სკოლაში. ბევრს არაფერს. დედაც იქვე იყო, ხელში კრიალოსანს მარცვლიდა და შემწყნარებლურად უსმენდა, ხოლო როდესაც მიიჩნევდა, რომ ჩემი ქალიშვილი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, იჭყანებოდა. მერე ქუჩიდან სამხედრო მანქანის ბღუილი მოგვესმა. სამივე ფანჯრასთან მივედით. მინდოდა, როგორც საერთოდ გვჩვევია, ჯარისკაცები სასაცილოდ აგვეგდო, მაგრამ ჩემი ქალიშვილი უცებ გარეთ გავარდა, მანქანას წინ გადაუდგა და დაიყვირა: „თქვენ, თქვე სისხლიანო ჯარისკაცებო!“ კიდევ კარგი, მანქანა ძლივს მობობღავდა, ცალ მხარეს ლამის მიწამდე იყო გადახრილი და  ცდილობდა,  ბორბლები ორმოებისთვის აეცილებინა. მაგრამ მაინც,  მანქანა უზარმაზარი იყო, ჩემი შვილი კი ერთი პაწაწინა გოგონა.

 

1 2 3 4 5 6