ჩემმა მეზობელმა ნაურამ დრო იხელთა და ვიდრე ჩვენი დედები, ჩემი და მისი, ათას ამბავს არჩევდნენ, ჩვენთან მოვიდა და მითხრა, რომ სოფლის კაცები ბჭობდნენ, რა მოეხერხებინათ ჩემთვის. ამ დროს მე ნიჟარაში ტანსაცმელს ვრეცხავდი და ლამის შიგნით ჩავვარდი.

ჩემი დანაშაული ის იყო, რომ ბიბალი ჩემი უსირცხვილო საქციელით დავამცირე…

„ნაურა! ის ჯარისკაცი – ერთი პატარა ბიჭია! ჯერ წესიერად წვერიც არ ეზრდება. როგორ იფიქრე, რომ…“

„მე იმას არ ვამბობ, რომ შენზე ცუდად ვფიქრობ. სასწრაფოდ შეწყვიტე მასთან ურთიერთობა და დღეიდან ნორმალურად მოიქეცი. ანგელოზად უნდა იქცე.“

ნაურამ მიამბო, რომ ჩვენს სოფელში ერთი ახალგაზრდა ქვრივი ცხოვრობდა, რომელიც კაცებს ენას უტრიალებდა და ქედმაღლურად უყურებდა. ბოლოს, დაახლოებით სამი თვით ადრე, ვიდრე აქ გადმოვიდოდი, კაცებს ყელში ამოუვიდათ მისი უმსგავსო საქციელი, უდაბნოში წაათრიეს და მაგრად სცემეს. ქალი ცოცხალი კი გადარჩა, მაგრამ ვეღარც თვალებიდან იყურებოდა და ვეღარც ლაპარაკობდა. სოფლის ქალებს ამ ამბის გახსენება არ უყვართ, მაგრამ ნაურამ ახლა იმიტომ გაიხსენა, რომ მე გავეფრთხილებინე.

„გასაგებია.“ ვუთხრი მე. „იმის თქმა გინდა, რომ შეიძლება, მეც იგივე მელის?“

„ნუ გეღიმება! უკან არაფერზე დაიხევენ. კარგად იცი, რომ გააკეთებენ! ხომ იცი, როცა საქმე ჯარისკაცს ეხება, ჩვენი კაცები ორმაგად ცოფდებიან.“

„ჰო, ვიცი, რომ ცოფდებიან. ის ქალი ღამე გამოიყვანეს სახლიდან თუ დილით, ნოურა? თმით ითრიეს?“ ვკითხე.

ნოურამ თვალები ამიბრიალა, რადგან მე სანამდვილეში, ვეკითხებოდი, რატომ დაუშვა ასეთი რამ, მაგრამ მან, რა თქმა უნდა, პასუხის გაცემა არ მოისურვა.

„ვერც კი ხვდები, რა ხდება. მხოლოდ შენ კი არ მოგაყენებენ ტკივილს, ჯერ  შვილს წაგართმევენ და ისეთ ადგილას დამალავენ, რომ ვერც შენ მოკრავ ვეღარასოდეს თვალს  და ვერც ის იხილავს დღის სინათლეს ოდესმე. სოფელში იტყვიან, ჯობია, ასე გაიზარდოს, ვიდრე დედას დაემსგავსოსო. ვერ ხვდები, საით მიდის საქმე? ამას იმიტომ გეუბნები, რომ მეგობრები ვართ, შენი ნამდვილი მეგობარი ვარ… რომ იცოდე, ჩემმა ქმარმა შენთან ლაპარაკი ამიკრძალა. ამბობს, რომ შენ ბოროტი და უცნაური აზრები გაქვს“.

მე არ მიკითხავს ნაურასთვის, რა შეიძლებოდა მის ქმარს ჩემი აზრების შესახებ სცოდნოდა. ამის ნაცვლად, ვკითხე: „შენ ხომ ცოტათი მაინც მიცნობ. შენც გგონია, რომ  ბოროტი და უცნაური აზრები მომდის?“

ნოურა სასწრაფოდ კარისკენ წავიდა. „ჰო, ზუსტად ასე მგონია. მე ვფიქრობ, რომ შენმა ქმარმა გაგათამამა, ილუზიებში გაცხოვრებდა, თავს თავისუფლად გრძნობ. მაგრამ დროა იცოდე, რომ ჩვენ არ ვართ თავისუფალი.“

 

* * * 

ხელისგულში ფრჩხილი ჩავირჭვე, ღრმად, მერე ისევ, მერე ისევ. ნაურას სიტყვებზე ვფიქრობდი. დიდი ხანი არ მიფიქრია, არჩევანი არ მქონდა, ჯარისკაცის კიდევ ერთ სტუმრობას ვეღარ გადავიტანდი. წერილი მივწერე. ნეტავ შემეძლოს და უკან წავიღო ყველაფერი, რაც დავწერე. სამარცხვინო იყო, თავიდან ბოლომდე, რაც იმ წერილში ეწერა. ადამიანები ერთმანეთს ასეთ რამეებს არ უნდა ეუბნებოდნენ.  წერილი კონვერტში ჩავდე და არ დამიწებებია. ერთი ჩვენებური ბიჭი ვიპოვე, რომელმაც იცოდა, სად ცხოვრობდა გაძვალტყავებული ჯარისკაცი და იმას გავატანე. ბუნებრივია, ვიდრე წერილი   ჯარისკაცამდე მიაღწევდა, ის  ბიბალმა წაიკითხა, რადგან, საღამომდე, ჩემი ქალიშვილის გარდა, მთელმა სოფელმა იცოდა, რაც ჩავიდინე. მეორე დღეს ჩემი ქალიშვილი გაძვალტყავებულ ჯარისკაცს დაბინდებამდე ელოდა და მეც მასთან ერთად ვიჯექი და თავს ვაჩვენებდი, რომ  ჩვენი მეგობრის მოსვლის იმედი მქონდა. ერთი სიმღერა იყო, რომელიც ჩემს ქალიშვილს ჯარისკაცისთვის უნდა ემღერა. ვთხოვე, მე მიმღერე მეთქი, მაგრამ მიპასუხა, შენ სათანადოდ ვერ დააფასებო. როდესაც ბოლოს სახლში შევედით, ჩემმა გოგონამ მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ჯარისკაცი ისე წასულიყო სახლში, რომ ჩვენ არ დაგვმშვიდობებოდა. მას ალბათ დამშვიდობება სძულდა.

„დამპირდა, მოვალო… იმედია, არაფერი დაემართა…“ წუხდა ჩემი გოგონა.

„ალბათ სახლში წავიდა მინარეთების ასაშენებლად.“

„ალბათ ასანთის ღერებით ააშენებს.“

ორივე დავნაღვლიანდით.

 

1 2 3 4 5 6