***

არ აენთება ღამეები. აღარც მძივებად

დაეწყობიან ვარსკვლავები. არაფრის გამო

არ გაიხსნება ჩემი გული. სხვები, ვისგანაც

ვისწავლე შიში, საბოლოოდ დამაძინებენ.

 

დამაძინებენ არა წამლით ანდა სიმღერით,

არც რამე ზღაპრით. შენი ხელი გულზე მედება.

მოხვალ სიზმრებად. ოცნებებად. გზებად. მტრედებად.

რომ მცივა ხოლმე, ისე გეტყვი: გთხოვ, მომიყევი…

 

რამე ამბავი, სადაც შენ ხარ ანდა სხვებია,

ვისზეც ფიქრობდი, ვისზეც ფიქრობ, ვისაც უღიმი.

მე ავტირდები ჩემს ნაცრისფერ, თვალგაუხელელ

დღეებს, რომლებშიც სიხარული არ მიძებნია.

 

არ აენთება ღამეები. შენ მომიყვები,

როგორ გიყვარდი. ცუდს ვერაფერს ვერ გაიხსენებ.

არა იმიტომ, რომ… რომ… მოკლედ, როცა ისინი

იძინებენ, თუ იღვიძებენ, არც თარიღებად,

 

არც ტკივილებად არ რჩებიან. როგორც სურათებს,

შემოინახავს ხოლმე ვიღაც მტვრიან ალბომში.

და სანამ შენგან ყველა სითბოს ქარი ამოშლის,

გახსოვდეს, ერთ-ერთ უგზო-უკვლოს გზა გაუნათე.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8