***

ნუ დაივალებ, რომ უკლებლივ ყველა გიყვარდეს,

ვინც ჩემში ცხოვრობს. ვინც გამურულ დღეებს ათეთრებს.

ვეღარ ვიხსენებ, შენს ნაპირთან გამორიყვამდე,

როგორ ვიყავი. ვინ ვიყავი. სად დავცურავდი.

რამენაირად მოვახერხებ, შემოგათენდე.

ბოლო იმედის. ბოლო ვადის გადაწურვამდე

გიყვარდე. ოღონდ არ გიყვარდეს ყველა, ვინცა ვარ.

ვინც მაიძულებს ის არ ვიყო, ვიდაც ელოდი.

ჩემში იმდენი აღტაცება გარდაიცვალა,

ვიღიმი ახლა და ჩუმად ვარ, რომ არ გავთავდე.

მინდა ვკვდებოდე. მხოლოდ შენი მოსვლა მშველოდეს

ჩემი ზამთრების ცივ მწკრივებში ბოლო ზამთრამდე.

(თუმცა მე ვხედავ, გამომშრალი როგორ გაცილებ.

როგორ შემოდის უშენობა. როგორ იმატებს

მანძილი. როგორ მეკარგება ერთი ნაწილი,

რომლის გარეშე ახლა ვხვდები, არ მიცხოვრია.

შენ კი მიყურებ და ცივი ხარ, როგორც სიმართლე)

მიყვარხარ. თუმცა შვებას ვერ გგვრი და ეს მაგიჟებს.

უნდა გაგიშვა.

უნდა გაგიშვა.

უნდა გაგიშვა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8