***

იქნებ, იმ სევდის ადამიანებს,

იმ უიმედო ადამიანებს,

რომლებსაც ტანში სიკვდილი ედგათ,

ერთი შავ-თეთრი ფოტოსურათით,

ერთი გამტყდარი ღიმილით და ყავისფერი სათვალით…

 

იქნებ, იმ სევდის ადამიანებს,

იმ სახლის დამტევ ადამიანებს,

რომლებსაც ფხიზლად არ უცხოვრიათ,

ერთი ზოლიანი მაისურით,

ერთი საბედისწერო სიყვარულით,

ერთი მკვდარი მეგობრით

და უამრავი ცოცხალი მეგობრით…

 

იქნებ, იმ სევდის ადამიანებს,

იმ გზაზე მბორგავ ადამიანებს,

ერთი მოგონილი სიმშვიდით,

ერთი დაკარგული ღმერთით,

ერთი შეჩენილი ეშმაკით,

ერთი დაბრალებული სიცოცხლით…

 

არც აპირებდი…

 

*

მე ისევ აქ ვარ. ამომხედე. გესმის. გეძახი.

მე ისევ აქ ვარ. ამომხედე მაგ ბნელი ჭიდან.

ისევ შენთან ვარ. ისევ გდარდობ. თუ რამ დაგჭირდა,

მომიხმე. სხვა გზა არ არსებობს. სხვაგან ვერ წახვალ.

 

მე ისევ აქ ვარ. უძრაობის ფართო წრეში ვარ.

მხოლოდ ხელები. მხოლოდ ხელებს. მხოლოდ ხელებით.

გშველი. და შენი ტკივილები მანახევრებენ.

მინდოდა მათი უღრანები გამომეხშირა.

 

მე ისევ აქ ვარ. აქ ვიქნები იმ გაზაფხულზეც,

რომელიც მოვა. რომელსაც ჩვენ ვერ შევესწრებით.

შენი თვალები ნისლიანი. ჩემი მერცხლები.

ცებად მახურავს.

ცებად მახურავს.

ცებად მახურავს.

1 2 3 4 5 6 7 8