I

მე წმინდა საქორწინო კავშირში ვიმყოფები ჩემს არც თუ ინტელექტუალურ 190 ფუნტიან მეორე ნახევართან, და ახლა ჩემი ვაჟის, ბიბერის  დევნით ვარ დაკავებული სახლიდან კერძო სკოლაში (რომლის დაარსებაში მეც მივიღე მონაწილეობა) და პირიქით. მე სხვადასხვა დროს ჩვენს დასახლებაში თითქმის ყველა სამოქალაქო ორგანიზაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, შარშან კი, ცხრა თვე ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოს ვუძღვებოდი. ნიუ-იორკის გამომცემელი (ხეზე დააკაკუნეთ) ჩემი დაწერილი გუსტავ ფლობერის ანალიტიკური  ბიოგრაფიით დაინტერესდა.  შარშან, კენჭი ვიყარე ქალაქის სამეურვეო საბჭოში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად  და  ჩვენი პარტიის ისტორიაში ყველაზე მეტი ხმა მივიღე.  როცა  პარიზიდან მინეაპოლისში მიდიოდა, პოლი კულტერ მელოუზი ჩემთან ერთი კვირა გაჩერდა და მთელი კვირა ვლაპარაკობდით, ვჭამდით, ვსვამდით და ფრანგულად ვაზროვნებდით. მე დღესაც ვპოულობ დროს, ჩიტებს ფეხებზე რგოლი ჩამოვაცვა და არგაილის წინდები ვქსოვო.

წერილში, რომელიც ჯილ ჩესტერსონ მედისონმა კოლეჯის კურსდამთავრებულთა ჟურნალისთვის დაწერა, საკმაოდ აგრესიული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. რეალურად, ეს ასე არ არის. მისი ხელმძღვანელ თანამდებობებზე არჩევის მიზეზი ისაა, რომ მიმზიდველი, საქმიანი, გონიერი, და სიმართლე რომ ვთქვათ, საკმაოდ მორიდებული ქალია. იმ დროს, რომელზეც მე ვწერ, მას უკან სადად დავარცხნილი, ღია წაბლისფერი თმა ჰქონდა. ალბათ ზუსტად ასე გამოიყურებოდა სკოლაში ოცი წლით ადრე.  შეიძლება, სკოლამ განაპირობა მისი ჩაცმის სტილი, სკოლამ და იმ ფაქტმა, რომ პატარა მკერდი ჰქონდა და ისიც იმ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მცირე ზომის მკერდი ფეხის გაკარგვაზე უარესია. მისი მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, საკმაოდ უცნაურია, რომ ასეთი წვრილმანი ადარდებდა, მაგრამ ის ნამდვილად საშინლად დარდობდა.  ჩამოქნილი ფეხები ჰქონდა. ვარდისფერი სახე და  თაფლისფერი ცოცხალი თვალები  დაუდეგარ იერს აძლევდა. თვალები საკმაოდ ახლოს ჰქონდა ერთმანეთთან ჩასმული, ისე, რომ როცა იცინოდა, რაღაცნაირად, წრუწუნას ემსგავსებოდა.

დედამისი, ემილია ფექსონ ჩიდჩესტერი – მხნე, ძლიერი ქალი, ბზინვარე თეთრი თმითა და ღაჟღაჟა სახით. მისი აქცენტი დაუშრეტელ ენერგიაზე მიანიშნებდა და არა მისი დაბადების ადგილზე. ბაგეთაგან მოწყვეტილი ყოველი სიტყვა მის ტემპერამენტს კიდევ უფრო კვეთდა და მსოფლიოს ტკივილზე გამარჯვებას, კულტურულ ენთუზიაზმსა და კაცობრიობის მიმართ შეუვალ რწმენას ზარ-ზეიმით ამცნობდა. იმ დროისთვის მას უკვე დაწერილი ჰქონდა ჩვიდმეტი გამოუქვეყნებელი რომანი. ჯილის მამა გოგონას დაბადებიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. დაბადებით კი, ჯილი სან-ფრანცისკოში დაიბადა, სადაც მამამისს საგამომცემლო სახლი და მცირე მამული ჰქონდა. მისტერ ჩიდჩესტერმა ცოლსა და ქალიშვილს საკმარისი ფული დაუტოვა იმისთვის, რომ მათთვის ეკონომიური პრობლემები და ამით გამოწვეული გაჭირვება აერიდებინა, თუმცა, ფინანსური მდგომარეობით, ისინი ნათესავებს მაინც საგრძნობლად ჩამოუვარდებოდნენ. ჯილმა განსაკუთრებული გონებრივი მონაცემები სულ პატარაობიდანვე გამოავლინა, ხოლო სამი წლის ასაკში დედამ ის მიუნჰენში წაიყვანა და დოქტორ შტოკას გიმნაზიაში მიაბარა, სადაც განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს აკვირდებოდნენ. გიმნაზიაში მოსახვედრად ჯილმა საკმაოდ მკაცრი შესარჩევი კონკურსი გაიარა. მართალია, მან საშუალო შედეგი აჩვენა, მაგრამ სამაგიეროდ გამორჩეულად თავაზიანი და გონიერი ბავშვი იყო. როდესაც ხუთი წლის გახდა, ის „სკუოლა პანტოლაში“, ფლორენციის იგივე სახის გიმნაზიაში გადაიყვანეს. იქიდან ჯილი დედასთან ერთად კენტის საგრაფოში,  ინგლისის სახელგანთქმულ სკოლა „თაუერ ჰილში“ გაემგზავრა. ამის შემდეგ ემილიამ, ან როგორც ახლობლები ეძახდნენ, მილიმ გადაწყვიტა, რომ დრო იყო, გოგონას ფეხი მშობლიურ მიწაზე მოეკიდებინა და ნანტაკეტში სახლი იქირავა, ხოლო ქალიშვილი კი იქაურ სკოლაში შეიყვანა.

არ ვიცი, რატომ ტოვებენ უცხო მხარეში გაზრდილი ბავშვები ნაშიმშილარის შთაბეჭდილებას, მაგრამ უმრავლესობა ნამდვილად ასე გამოიყურება და ჯილიც, მისი უცხო ენებით, ნაირფერი ტანსაცმლით, შიშველი ფეხებით, სანდლებით და ბრწყინვალე განათლებით, მაინც სიბრალულს იწვევდა. ისეთი ბავშვი იყო, რომელმაც, თითქოს ბევრი რამ გამოტოვა. გაკვეთილებს არ აცდენდა, სკოლის მერე სახლში მისეირნობდა. თვალშისაცემი იყო მისი მორცხვობა და არაპრაქტიკულობა, რაშიც დედა საკმაოდ უწობდა ხელს. „შენ ჭურჭლის რეცხვა არ მოგიწევს, საყვარელო,“ ეუბნებოდა ის. „შენნაირი განათლებული გოგონა დროს ჭურჭლის რეცხვაში ვერ დაკარგავს.“ მათ ერთგული მოახლე ჰყავდათ, და საერთოდ,  ყველა მოახლე, ვისაც მათთან უმუშავია, მილის ნაკვალევს კოცნიდა. ამის გამო იყო, რომ ჯილმა საოჯახო საქმეების შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ მას ამასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. თუმცა, როცა ათი წლის იყო, მან ჩხირებით ქსოვა ისწავლა და როცა განტვირთვა სჭირდებოდა, არგაილის წინდებს ქსოვდა. ჯილი საკმაოდ რომანტიული იყო და ბევრს ოცნებობდა. მის რვეულში ამდაგვარ ჩანაწერებსაც გადააწყდებით: „მისის ემილია ფექსონ ჩიდჩესტერს პატივი აქვს მოგიწვიოთ თავისი ქალიშვილის, ჯილისა და უეამისტერის სააბატოს ეშმიდის ჰერცოგ ვისკონტ ლადლი-ჰანთინგტონის საქორწინო ცერემონიაზე. თეთრი ჰალსტუხი. სადღესასწაულო სამკაული.“

 

 

 

1 2 3 4 5