ნანტაკეტში დედა-შვილი მშვენიერ სახლში ცხოვრობდა და ჯილმა იალქნიანი ნავის მართვაც ისწავლა. სწორედ ნანატაკეტში იყო, როცა დედა დაელაპარაკა იმ საკითხზე, რომლის გამოსახატავად  ინგლისურ ენაში სიტყვები არ გვყოფნის – სიყვარულზე. ის, იყო, ბინდი ჩამოწვა და ბუხარში ცეცხლი ტკაცუნობდა. მაგიდაზე ლარნაკში ყვავილები ეწყო, გოგონა კითხულობდა, დედა კი წერდა. მოულოდნელად, მან წერა შეწყვიტა და ვითომ სხვათაშორის, დაიწყო: „მგონი, უნდა იცოდე, ძვირფასო, რომ ომის დროს, როდესაც სამხედრო სასადილოს გამგე ვიყავი, ხშირად ვნებდებოდი  მარტოსულ ჯარისკაცებს.“  დედის აღსარებამ ჯილზე გამანადგურებელი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთადერთი, რაც იმ წამს უნდოდა, ტირილი იყო. მან ვერ წარმოიდგინა დედა, მისივე სიტყვები რომ გავიმეოროთ, უთვალავ მარტოხელა ჯარისკაცთან ერთად.  თანაც, ტონი, რომლითაც მან ქალიშვილს თავისი ცხოვრების ეს ეპიზოდი გააცნო, აშკარად მეტყველებდა, რომ ის აბსოლუტურად ინდეფერენტული იყო ასეთი რამეების მიმართ. აბა, როგორ დაივიწყებდა ჯილი იმ საღამოს? მონათხრობი ტვინში ისე ჩაებეჭდა, როგორც თავს დაცემული მეტეორი. იქნებ სულაც არ იყო სიმართლე და დედამ მოიგონა? თუმცა, დედა ხომ არასოდეს ატყუებს! მაშინ დაფიქრდა ჯილი პირველად და თავის ერთადერთ მშობელს დააკვირდა: დედა ტყუილს არასოდეს ამბობდა,  თუმცა, თავად თავიდან ბოლომდე სიყალბეს განასახიერებდა. მისი ყალბი აქცენტი, მოგონილი გემოვნება, ანგელოზის გამომეტყველება, რომელიც მუსიკის მოსმენის დროს სახეზე ეხატებოდა, და ისეთ იერს აძლევდა, თითქოს ვიღაცის ტელეფონის ნომრის გახსენებას ცდილობსო, მისი უდრეკი  შემართება, ტანჯვასთან და ტკივილთან მუდმივი ბრძოლა, შეუპოვარი სნობიზმი, ეჭვები კულტურის მიმართ, უნაკლო მეგობრები, კავშირები საჭირო ადამიანებთან, დამაჯერებელი, თუმცა, აზრს მოკლებული გამონათქვამები, მისთვის წუთით გახდა ილუსტრაცია იმისა, რომ ბუნებამ დედას რაღაც დააკლო. შესწევდა კი ძალა მოზარდ გოგონას მარტო, ყოველგვარი დახმარების გარეშე, შეეკრა სიყვარულისა და სიბრძნის მტკიცე კვანძი უცნობ ქალსა (რომელმაც მას სიცოცხლე უბოძა) და სიცოცხლეს შორის? იმ სიცოცხლეს შორის, რომელიც ჯილს ასე წარმტაცი ეჩვენებოდა, როცა თავისი ოთახის ფანჯრიდან მინდვრებსა და ტყეებს გასცქეროდა. სახლიდან ხომ არ გაქცეულიყო? ალბათ ასეც მოიქცეოდა, მაგრამ გოგონა თავს ჯერ დაუცველ, უსუსურ ბავშვად გრძნობდა და ამიტომ მან არჩია, ჩაეთვალა, რომ დედას არ უთქვამს ის, რაც თქვა და მილის ლოყაზე მსუბუქად ეამბორა.

 

თორმეტი წლის იყო ჯილი, როდესაც კოლეჯში გადავიდა და იმ წელსვე კოლეჯის ყველა ჯილდო მიიღო. მისმა აკადემიურმა, საზოგადოებრივმა და სპორტულმა მიღწევებმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა კოლეჯის ისტორიაში. მეორე კურსის სტუდენტმა, არდადეგებზე სან-ფრანცისკოში ნათესავები მოინახულა. იმ დროს გაიცნო და შეუყვარდა ჯორჯ მედისონი. მისი ინტელექტუალური მონაცემების გათვალისწინებით, თითქოს ჯორჯი არ უნდა ყოფილიყო ის კაცი, რომელიც ჯილს მოეწონებოდა, მაგრამ ალბათ მისი მხრიდან კარგად გააზრებულ ნაბიჯად ჩაითვლება ისეთი კაცის არჩევა, რომელსაც მისგან მკვეთრად განსხვავებული ინტერესები ჰქონდა.  ჯორჯი მშვიდი, მსხვილად ჩასხმული, შავთმიანი კაცი იყო, ხოლო მისი ალერსიანი გამოხედვა უმამოდ გაზრდილ გოგონას ყველა ასაკში გაუთბობდა გულს. ჯილი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უმამოდ იყო გაზრდილი. ჯორჯი სან-ფრანცისკოში მცირე ნავთსაშენის ადმინისტრაციაში დაბალ პოსტზე მუშაობდა. მან, მართალია, იელის უნივერსიტეტი კი დაამთავრა, მაგრამ მილის შეკითხვაზე, უყვარდა თუ არა თეკერეი, გულწრფელად და მორიდებით უპასუხა, რომ არასოდეს გაუსინჯავს. მისმა პასუხმა მათი საოჯახო ხუმრობების ჩამონათვალში პირველი ადგილი დაიკავა. ჯორჯმა და ჯილმა ნიშნობა კოლეჯის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადეს, ხოლო კოლეჯის დასრულებიდან ერთ კვირაში კი დაქორწინდნენ. და რა თქმა უნდა, ჯილმა კოლეჯის ყველა ჯილდო მოიპოვა. ნავთსაშენის ადმინისტრაციამ ჯორჯი ბრუკლინის ფილიალში გააგზავნა და ისინი საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდნენ, ხოლო ჯილმა კი იქ მუშაობა ერთი დიდი უნივერმაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში დაიწყო.

ქორწინების მეორე თუ მესამე წელს ჯილსა და ჯორჯს  ბიჭი გაუჩნდათ, რომელსაც ბიბერი დაარქვეს. რადგან მშობიარობა რთულად წარიმართა, ჯილს მეტი შვილის ყოლა აღარ შეეძლო. ბიბერი ჯერ კიდევ სულ პაწაწინა იყო, როცა ოჯახი გორდენვილში გადავიდა. პატარა დასახლებაში ჯილი თავს გაცილებით გრძნობდა, ვიდრე ქალაქში, რადგან თვლიდა, იქ რომ თავისი შესაძლებლობების სრულად გამომჟღავნებას უკეთ მოახერხებდა. და მართლაც, ჯილს სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრეზიდენტად ერთი მეორის მიყოლებით ირჩევდნენ და როცა იქაური ქვრივი, ადგილობრივი სამოგზაურო სააგენტოს თავმჯდომარე ავად გახდა, სააგენტოს სათავეში ჯილი ჩაუდგა და საქმეს დიდი წარმატებით გაუძღვა. მისთვის ერთადერთი პრობლემა პატარა ბიბერისთვის ძიძის მოძებნა აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიბერის ძიძობისთვის ყოვლად შეუსაბამო ხანშიშესული ქალები, ჰაი სქულის სტუდენტი გოგონები და დამლაგებელი ქალები მათ სახლში ნიაღვარივით მიედინებოდნენ. ჯორჯს ბიჭუნა უზომოდ უყვარდა. ბიბერი თავისი ასაკისთვის საკმაოდ განვითარებული ბავშვი იყო, თუმცა მამას მისი ინტელექტუალური მონაცემები დამაბრმავებლად კაშკაშა ეჩვენებოდა. ის დიდი სიამოვნებით ასეირნებდა ბავშვს, ეთამაშებოდა და ამბებს უყვებოდა. როცა შინ იყო, ჯორჯი მთელ დროს შვილთან ატარებდა, რაც მშვენიერი იყო, რადგან ჯილი უმეტეს შემთხვევაში, სამსახურიდან ქმარზე გვიან ბრუნდებოდა.

 

 

1 2 3 4 5