ბიჭი ჯორჯს ხელზე ჩაებღაუჭა და ჯორჯი გრძნობდა, რომ ბიჭისთვის მძიმე იყო პასუხისმგებლობა, რომელიც მან შვილს თავისი სიყვარულით დააკისრა. ინსტინქტი კარნახობდა, რომ ბიჭი სახლში უნდა წაეყვანა, გონება კი ეუბნებოდა, ბავშვი გაემხნევებინდა და მის წინაშე დამდგარი ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრაში დახმარებოდა.

„შენი საყვარელი ადგილი მაჩვენე, ბიბერ.“ დიდი ენთუზიაზმით უთხრა შვილს და თავადაც გაიგონა  ყალბი ტონი, მაგრამ საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ ახლა ასე მოქცევა იყო საჭირო.

„მოდი, შენს საყვარელ ადგილას წავიდეთ.“

„აქ საყვარელი ადგილი არ მაქვს.“ უთხრა ბიჭმა და ცდილობდა, ცრემლი შეეკავებინა.

„აი, აქ სასადილოა.“ თქვა და მოგრძო ქოხმახზე მიანიშნა, რომელზეც დამპალი ფიცრები აქა-იქ ახალი ყვითელი ფიცრით შეეცვალათ.

„აქ აწყობთ წარმოდგენებს?“ ჰკითხა ჯორჯმა.

„წარმოდგენებს არ ვაწყობთ.“ თქვა ბიბერმა. „ქალი, რომელიც სპექტაკლს დგამდა, ავად გახდა და წავიდა.“

“აბა, მღერით?“

“მამიკო, გეხვეწები, სახლში წამიყვანე, რა!” ამოიკვნესა ბიბერმა.

“როგორ წაგიყვან, ბიბერ, დედიკო ევროპაშია, მეც ხვალ მივფრინავ.“

„როდის წამიყვან?“

„ალბათ როცა ბანაკი დაიკეტება. არა მგონია, უფრო ადრე შევძლო.“

ჯორჯმა თავადვე იგრძნო თავისი სიტყვების სიმძიმე. გაიგონა, როგორ გაურთულდა ბიჭს სუნთქვა. ჯორჯი ცდილობდა მოწოლილ გრძნობებსა და პასუხისმგებლობას როგორმე გამკლავებოდა. ის მუხლებზე დაეშვა და ბავშვს  ხელები მოჰხვია.

„იცი საქმე რაშია? მე დედიკოს ვერ  დავურეკავ და ვერ ვეტყვი, რომ ვენეციაში აღარ მივდივარ. ხვალ მელოდება, ხომ გახსოვს? და ისედაც, როცა დედა ჩვენთან ერთად არ არის, სახლში ვერ გავჩერდებით. მე გარეთ ვსადილობ,  მთელი დღე ვმუშაობ, სახლში არავინაა, რომ მოგხედოს.“

„მე აქ ყველაფერში ვმონაწილეობ.“ ბიჭის ხმაში იმედი გაისმა. ეს მის ბოლო მცდელობა იყო და როდესაც ნახა, რომ მამას გული ვერ აუჩუყა, თქვა: „უკვე უნდა წავიდე. მესამე გაკვეთილი იწყება.“ – და გათელილ ბილიკს სირბილით აუყვა.

ჯორჯი ადმინისტრაციული შენობისკენ წავიდა, თან საკუთარი თავი ახსენდებოდა – როგორ უყვარდა ბანაკი, რამდენი მეგობარი ჰყავდა, არასოდეს მონატრებია სახლი.

„დარწმუნებული ვარ, ბიბერი კარგად იქნება.“ უთხრა დირექტორმა შეწუხებულ ჯორჯს, „როგორც კი მონატრება გადაუვლის, ის სხვა ბავშვებზე მეტად გაერთობა. თუმცა, ალბათ ჯობია, მალ- მალე მოინახულოთ. ახლა ბავშვებს ჯირითის გაკვეთილი აქვთ.  ხომ არ გნებავთ, შეხედოთ, ცხენზე როგორ ზის? რომ იცოდეთ, როგორ ამაყობს იმით, რომ ცხენზე ჯდომა ისწავლა. შეგიძლიათ, გაკვეთილის დასრულებამდე წახვიდეთ და ამით დამშვიდობების ემოციები თავიდან აიცილოთ. ამ საღამოს უზარმაზარ კოცონს დავანთებთ, გარს შემოვუსხდებით და ვიმღერებთ. კოცონი, სიმღერები, მეგობრები –  ცდუნებას რომელი ბავშვი გაუძლებს?“

დირექტორის სიტყვები საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა, თანაც, ჯორჯს თავად ძალიან უყვარდა კოცონის გარშემო მეგობრებთან ერთად მღერა და მზად იყო, დირექტორს უსიტყვოდ დათანხმებოდა. ვერ წარმოედგინა, რომ არსებობდა ისეთი ბავშვური დარდი, რომელიც „რესპუბლიკის სამხედრო ჰიმნის“ მთელი ხმით შესრულებისას არ გაქრებოდა. ჯორჯი გარეთ გამოვიდა და საცხენოსნო არენისკენ გაემართა, თან ბანაკში ნასწავლ სიმღერას ღიღინებდა. გარეთ ცრიდა და ჯორჯმა ვერ გაარჩია, ბიბერს სახეზე ცრემლები ეყარა თუ წვიმის წვეთები. ბიჭი ცხენზე იჯდა, ხოლო ცხენს მასწავლებელი დაატარებდა. როგორც კი დაინახა, ბიბერმა მამას ხელი დაუქნია და ლამის ძირს დაენარცხა. ჯორჯი დაელოდა, ბიჭი მისკენ  ზურგით როდის მოექცეოდა და წავიდა.

ჯორჯი ტრევისოში გაფრინდა, ხოლო იქიდან ვენეციაში მატარებლით ჩავიდა, სადაც ჯილი შვეიცარიულ სასტუმროში ელოდა. მას ჯილი დაქანცული და გამხდარი დახვდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ მაინც ცეცხლოვანი შეხვედრა ჰქონდათ. „ბატკნების“ მთელ ევროპაზე გადადენა რთული და მეტად საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. ერთადერთი, რაც ჯორჯს უნდოდა, მესამეხარისხოვანი სასტუმროდან  ოტელ კიპრიანიში გადასვლა, ლიდოში ბუნგალოს დაქირავება და მთელი კვირის ზღვაზე გატარება იყო. ჯილმა გადასვლაზე უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ კიპრიანი ტურისტებით იქნებოდა გადაჭედილი. დილით ის დილით შვიდ საათზე ადგა, კბილის ჯაგრისის ჭიქაში ხსნადი ყავა დაისხა და ქმარი წმინდა მარკოს მოედანზე დილის წირვაზე გააქანა. ჯორჯი კარგად იცნობდა ვენეციას და ჯილმა იცოდა, ან, უნდა სცოდნოდა, რომ მას არც ფრესკები აინტერესებდა და არც მოზაიკა, მაგრამ მაინც,   ერთი მონუმენტიდან მეორეზე, ლამის ყელზე თოკმოკიდებულს დაატარებდა. ჯორჯს კარგად ესმოდა, რომ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად დაუღალავი მსვლელობები ჯილს, როგორც ექსკურსიამძღოლს უკვე ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი და გადაწყვიტა, რომ მოთმინებით დალოდებოდა დროს, როცა ცოლს ეს ახლადშეძენილი თვისება თავისით გაუქრებოდა. შექმნილი მდგომარეობიდან ყველაზე უმტკივნეულო გამოსავალად ეს გზა მიაჩნდა.

 

 

1 2 3 4 5