როცა ჯილმა სამოგზაურო სააგენტოს სადავეები გადააბარა, ჯგუფური ევროპული ტურის მოწყობა  გადაწყვიტა. ის გათხოვების შემდეგ საზღვარგარეთ აღარ ყოფილა. ამ ტურში მას, როგორც ორგანიზატორს, არა მხოლოდ უფასო ბილეთი, არამედ ფინანსური სარგებელიც დარჩებოდა. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო, რასაც ჯილი ამ მოგზაურობიდან ელოდა. ჯორჯის ნავთსაშენის საქმეები კარგად მიდიოდა და უფასო ბილეთის გამორჩენა მისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ჯორჯი ხედავდა, რომ  ჯგუფის სათავეში ჩადგომა  ჯილს დიდ სტიმულთან ერთად, თავისტკივილსაც მატებდა, მაგრამ ცოლს ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით, მხარდაჭერა მაინც გამოუცხადა. ჯილმა ოცდარვაკაციანი ჯგუფი შეკრიბა, და ივლისის პირველ რიცხვებში ჯორჯმა ჯილი და მისი „ბატკნები“, როგორც ის მათ თავად უწოდებდა, კოპენჰაგენში მიმავალ თვითმფრინავამდე მიაცილა. ისინი სამხრეთისკენ აპირებდნენ გზის გაგრძელებას, და საბოლოო დანიშნულების ადგილად ნეაპოლი ჰქონდათ მონიშნული. იქ ჯილი თავის თანამგზავრებს თვითმფრინავში ჩასხამდა და სამშობლოში დააბრუნებდა, თავად კი, ვენეციაში გაემგზავრებოდა, სადაც ჯორჯი დახვდებოდა და ცოლ-ქმარი მთელ კვირას ერთად გაატარებდა.  ჯილი ქმარს ღია ბარათს ყოველდღე უგზავნიდა და მოგზაურობის ამბებს ატყობინებდა. მისი ჯგუფის ზოგიერთი წევრი ისეთი  აღფრთოვანებული იყო ჯილით, რომ თავადაც უგზავნიდნენ ჯორჯს ბარათებს, სადაც ეუბნებოდნენ, თუ რა მომხიბლავი, კომპეტენტური და განათლებული ცოლი ჰყავდა. ჯორჯი ძირითადად თავის კეთილმოსურნე მეზობლებთან სადილობდა, ბიბერი კი, რომელიც ჯერ ოთხი წლისაც არ იყო, საზაფხულო ბანაკში ისვენებდა.

ევროპაში გამგზავრების წინ,  ჯორჯმა შვილის სანახავად ნიუ ჰემპშაირის ბანაკში წასვლა გადაწყვიტა. მას საშინლად ენატრებოდა პატარა ბიჭი და ის უფრო ხშირად ესიზმრებოდა, ვიდრე ცოლი. ძილის წინ,  წარმოიდგენდა, რომ სადღაც, დოლომიტის ალპებში უკვე მოზრდილ ბიბერთან ერთად სალაშქროდ დადიოდა. ყოველ ღამე ის შვილს ახალ-ახალი სიმაღლის დაპყრობაში ეხმარებოდა, გამარჯვებლებს კი ზემოდან  ზაფხულის მზის თვალისმომჭრელი სხივებით მოფენილი დათოვლილი მწვერვალები დაჰყურებდათ.  დღის ბოლოს, ბინდ-ბუნდში, კორტინაში თოკებით ჩამოდიოდნენ. ოცნებაში, ჯორჯი შვილთან ერთად ყოველთვის ალპებში დადიოდა, თუმცა შვილთან ბანაკში წასვლა ძალიან განსხვავდებოდა აკვიატებული ზმანებისგან.

საჭესთან თითქმის მთელი დღე იჯდა, მერე უძილო ღამე გაატარა მოტელში და დილით გზა განაგრძო. ამინდი ჭირვეულობდა. გარს მთები ერტყა, ჟინჟლავდა, აქა-იქ გამოიდარებდა, ამინდს უფრო ჩამოქუფრული კი არა, მოჟამული ეთქმოდა. ფერმების უმეტესობა, რომელსაც ჩაუარა, მიტოვებული იყო. როდესაც ბანაკს მიუახლოვდა, იგრძნო, რომ ის მისთვის თითქოს  ნაცნობ ზონაში მოხვდა, ან შესაძლოა, იქაურობამ ბავშვობის მიძინებული მოგონებები გაუღვიძა. თითქოს მუსიკალური რეპრიზა იყო, გამოძახილი ბავშვობიდან, ზაფხულის ბანაკიდან, სადაც შანსი ეძლეოდა, ყოველდღიური ცხოვრებისთვის თავი დაეღწია.

მოსახვევიდან ქვემოთ, როგორც იქნა, ბიბერის ბანაკი გამოჩნდა. ბანაკი ტბის გარშემო იყო გაშენებული. უფრო სწორად, გუბურის გარშემო. მრგვალი ფორმის გუბურა, ჩაისფერი წყლითა და ფიჭვის წიწვებით, გეოლოგიურ ჭას წააგავდა. ჯორჯის მოგონებების თანახმად, ბანაკი კაშკაშა და ფერადი უნდა ყოფილიყო და ეს ჩაჟამული საცოდავი გუბურა მის ირგვლივ ფიცრულები უსიამოვნოდ შეეჯახა მის მოგონებებს. „როგორც კი მზე გამოაჭყიტებს, მაშინვე ყველაფერი გაცოცხლდება“, ასე წარმოიდგინა ჯორჯმა,  საკუთარი თავი დააჯერა, რომ როცა მზე ანათებს, ყველაფერი უკეთესადაა.

ჯორჯი ადმინისტრაციული შენობის მიმანიშნებელ ისრებს გაჰყვა. დირექტორი მას უკვე ელოდა. ის იყო ახალგაზრდა ცისფერთვალება ქალი, ძალიან საქმიანი იერით, რაც მის მშვენიერებას ვერ ფარავდა.

„თქვენი შვილი ცოტა არ იყოს, გვაწვალებს.“ თქვა მან. „ვერაფრით ვერ შეგვეგუა, რაც ძალიან იშვიათად ხდება. როგორც წესი, ბანაკში ბავშვებს თითქმის არასოდეს ენატრებათ სახლი. ერთადერთი გამონაკლისია,  ბავშვი, რომელიც მშობლები დაშორებულები არიან. ჩვენ აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება შეგვიძლია, მაგრამ თუ ბავშვს დიდი ემოციური ტრავმა აქვს მიღებული, ვერაფერს გავხდებით. ამიტომ,  ვცდილობთ, ამ კატეგორიის ბავშვები არ მივიღოთ და როგორც წესი, განქორწინებულები მშობლების განცხადებებს არ ვაკმაყოფილებთ. “

“მე და მისის მედისონი განქორწინებულები არ ვართ.“ უთხრა ჯორჯმა.

„რას ბრძანებთ, მართლა? მე მეგონა…  უბრალოდ ცალ-ცალკე ცხოვრობთ?“

„არა, არც ცალ-ცალკე. – აუხსნა ჯორჯმა, „მისის მედისონი ახლა ევროპაშია, ხვალ მეც მივემგზავრები და ერთად ერთ კვირას გავატარებთ.“

„გასაგებია. თუმცა, ვერ ვხვდები, ბიბერს რატომ უჭირს შეგუება. აი, ისიც. ახლა თავად გიამბობთ.“

ბიჭმა მხარიდან მოიშორა ქალის ხელი, რომელმაც ის ოთახში მიიყვანა და მამასთან ტირილით მიირბინა.

„დამშვიდდი, უთხრა დირექტორმა. „მამამ ამხელა გზა იმისთვის გამოიარა, რომ ტირილით დახვდე, ბიბერ?“

შვილის დანახვაზე, დაბნეულობისა და სიყვარულისგან ჯორჯს ლამის გული გაუჩერდა. მან ბიჭს ცრემლიანი ლიყები დაუკოცნა და მკერდზე მიიხუტა.

 „მგონი, ბიბერთან ერთად გასეირნებაზე უარს არ იტყვით.“ შესთავაზა დირექტორმა. „მგონი, ბიბერს უნდა, ბანაკი დაგათვალიერებინოთ.“

 

 

1 2 3 4 5