ჯორჯმა ჯილს სადილად წასვლა რესტორან „ჰარიში“ შესთავაზა, მაგრამ ჯილს პასუხად მხოლოდ „ღმერთო ჩემო, რას ამბობ, ჯორჯ“  აღმოხდა. მათ იქვე ტრატორიაში წაიხემსეს და დაღამებამდე ეკლესიები და მუზეუმები შემოირბინეს. მეორე დილით ჯორჯმა ლიდოში მოინდომა წასვლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯილს უკვე ჰქონდა იმ დღის გეგმა – მაზერში ვილების დათვალიერება. ჯილმა „ბატკნების” დევნით მიღებული ცოდნა და გამოცდილება ვენეციაში სრულად გამოავლინა, თუმცა, ჯორჯი ვერ ხვდებოდა, რატომ.  რა თქმა უნდა, ჯორჯს კარგად ესმოდა, რომ საერთოდ, ადამიანებს ცოდნის დემონსტრირება  სიამოვნებთ, თუმცა, ჯილს ვენეციის ერთი ბოლოდან მეორემდე გაუთავებელი ქროლვისას სიამოვნება დიდად არ ეტყობოდა.  ზოგს მხატვრობა და არქიტექტურა უყვარს, მაგრამ ვენეციის საგანძურის შთანთქმის გააფთრებული სურვილი ჯილში სიყვარულს ნამდვილად არ იყო გამოუწვევია. საერთოდ, ჯორჯისთვის გამოუცნობი იყო, რატომ ეთაყვანებოდნენ სილამაზეს, თუმცა ეჭვი არასოდეს შეჰპარვია, რომ სილამაზის კრიტერიუმები იუმორის გრძნობის ჩასაკლავად არ გამოუგონიათ. ერთ პაპანაქება დღეს, რომელიღაც ტაძრის წინ, ჯილმა ქალაქის გზამკვლევიდან მთელი ინფორმაცია წაუკითხა ისე, რომ არაფერი გამოუტოვებია  – არც თარიღები, არც ბრძოლის დეტალები, არც ტაძრის აგების ამბავი და ბოლოს ვენეციის რესპუბლიკის ზოგადი ისტორიაც მიმოიხილა. ბოლოს  და ჯორჯს ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ ცოლი გამოცდისთვის ამზადებდა. ულმობელი მზე ჯილს პირდაპირ სახეზე აცხუნებდა და ვენეციაში გამეფებულ  საზეიმო ატმოსფეროში მისი ჩაუქრობელი ენთუზიაზმი და მშრალი ერუდიცია სრულიად ზედმეტი ჩანდა. ჯილი თავს არ ზოგავდა, მისთვის შთაეგონებინა, რომ ვენეციას სერიოზულად უნდა მოკიდებოდა. ჯორჯს გაუკვირდა: ნუთუ ესაა უმთავრესი მათ ცხოვრებაში – ბზინვარე მარმარილო,  ლაბირინთებად გადახლართული ქუჩები, ჩამონგრეული ლპობაშეპარული სახლები, დამყაყებული წყლის სუნით გაჯერებული ჰაერი?

მოულოდნელად მან ცოლს ხელი შემოხვია და უთხრა:

„კარგი რა, ძვირფასო, გეყოფა.“

ჯილი ჯორჯისგან გათავისუფლდა და მკაცრად უთხრა:

„ვერ მივხვდი, რას ამბობ.“

ჯილს მისამართი, ბავშვი, ჩანთა, მძივი, ან ძვირფასეულობა რომ დაეკარგა, ალბათ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ქანცის გაწყვეტამდე არ მოივლიდა ვენეციის ყოველ გოჯს. ჯორჯმა მთელი დარჩენილი დრო მასთან ერთად მისტიურ ძებნაში გაატარა.  მას წამდაუწუმ ახსენდებოდა ბიბერი და საზაფხულო ბანაკი. სახლში ტრევისოდან გაფრინდნენ, და გორდენვილის მშობლიურ მკრთალ შუქზე ჯილი თავის თავს დაემსგავსა. მათი ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა და როცა საზაფხულო ბანაკის დრო მიილია, ბიბერი დიდი სიყვარულით ჩაიხუტეს გულში.

 

თარგმნა

დალილა გოგიამ

1 2 3 4 5