ძირი

 

ურტყი კედელს ხელი,

სანამ არ გაიბზარება,

იმ ზომამდე, რომ შიგ შეეტიო.

იქ დარჩი.

ასე დაიცავ მხრებს ოცდაათწლიანი სიმძიმილისგან.

მერე გამოძვერი, მკლავები დაბლა დაუშვი და ცას ახედე,

იქნებ ახლა მაინც დაინახო პირდაღებული ღმერთი.

ხელები წაიშინე თავში და სახე მტევნებიდან გამოაძვრინე,

ისე, თითქოს მშობიარობ მათში.

წიხლი დაატყი შენს მეგობარს,

იქნებ ასე მაინც მიხვდეს, როგორ გიყვარს.

როცა ადამიანების პირისპირ მარტო დარჩები,

ხმა არ ამოიღო,

თვალები დაიბანე და ეცადე პირდაპირ შუბლში მიაშტერდე მათ.

ოდესმე მაინც დაინახავენ შენს გამკრთალ გულს,

რომელიც გარეთ კი დადიოდა გზააბნეული,

მაგრამ ახლა ისევ შენი ნეკნის უკან ატუზულა და აღარ სცემს,

დადუმდა და შენ გიცდის.

მხოლოდ მას უყვარხარ თავდავიწყებით.

გეფიცება სამუდამო განწირულობას მცენარეებიან ბაღში,

გაჩუქებს ცხენს და ორ ძაღლს.

შენ მხოლოდ უნდა მიჰყვე,

პატარა ნაპრალის კიდემდე.

იქ, სადაც უეჭველად ჩაიჩეხებით.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7