ორმაგი თამა

 

შეხვალ დარბაზში და ტანზე გაიხდი,

სწრაფად იშორებ ჯინსს, რომელიც დილით ჩაიცვი

და სკამის საზურგეზე აფენ.

პერანგის ღილებს სათითაოდ, ზევიდან ქვევით იხსნი

და კედლისკენ ტრიალდები, რომ მკერდი არ დაგინახონ.

ტერფებს იშიშვლებ და კარგად იზელ,

ხელის თითებს ფეხის თითებს შორის იყოფ,

რომ მიბჯენილები ერთმანეთისგან განაცალკევო.

მერე ფეხზე ღია ვარდისფერ კოლგოტს იცვამ.

დაატკაცუნებ გრძელ კისერს,

თავს წინ და უკან ბოლომდე გადახრი.

ზურგზე ხელს დაისვამ, ისე, რომ ზედ კანი შეგიხურდეს.

თვალებზე გეკვრის ყველა ნანახი სიზმრისრული,

მისი თხევადი გარსი უფრო წყლიანი და გამჭვირვალე ხდება.

იცი, რომ სადღაც ერთ საათში შესაძლოა აგეტიროს.

მზერა ერთ წერტილში შეშდება, თუმცა გარშემო ყველაფერს ამჩნევს.

კატის ხედვაა, პერიფერიული, და ასევე, როგორც ღამის ხედვის ბინოკლი.

ფეხზე მუხლს ჩაჭიმავ, ისე, რომ ჩასწორდეს ძვალში.

მუხლი ფეხის ერთ მთლიანობად უნდა იქცეს.

ხელებს აიქნევ და გასერილ ჰაერს თითებს შორის იგრძნობ,

როგორც აბრეშუმის ქსოვილის სრესვას.

უახლოვდები.

გული თავისთვის ასრულებს პატარა სოლოს, ძალიან სწრაფ ტემპში.

სახეზე გეხება და თითებს არ გადებს.

ზუსტად თვლი დისტანციას,

რაც კანსა და ფრჩხილის ბოლოებს შორის დარჩა.

მკლავებით თეძოებზე შემოგეხვევა და

მაღლა, ჭერისკენ გწევს, თითქმის უწონოს.

მთელი ძალით გებღაუჭება,

ბარძაყებს ტყავის ქამარივით უჭერს ხელებს.

თითქოს წლებია გეძებს და ახლა შეხვდი,

ზედ გიბამს, როგორც სამუდამო სიამის ტყუპს.

მერე მარჯვენა ფეხს წელზე შენ ხვევ,

ორი სხეული ერთმანეთზე წამოიზრდება,

აფოფრილია მკერდის ძვლები

და ოთხივე ლავიწი კანიდან გამოჭრას ითხოვს.

სხეულის ზედაპირის მოფრთხილებულ შეწებებაში ჩნდება სუნთქვა,

გრძნობმის გამობურცულ ფილტვებს,

და მათგან თბილი ჰაერი,

როგორც გახურებული გაზქურიდან, ისე გადმოდის.

ის შენ გაორთქლებს.

ინისლება შენი სახე.

ოფლით იცვარება წამწამების ბოლოები.

ამასობაში მის საფეთქელზე მოგორავს წვეთი,

მას შენს შუბლს გაუსვამდა კანზე გათხელებულ ლაქად გემჩნევა.

მისი ოფლი ახლად დამდნარი კარამელია,

წარბები ვერ აკავებენ შუბლიდან ჩამოღვენთილ სითხეს,

იმიტომ რომ ბევრია.

ტუჩზეც რომ მოგხვდეს,

გაილოკავდი.

უცებ ჰაერში უფრო მაღლა აგატრიალებს,

ამ დროს მტევნებით მხოლოდ კოჭებზე გეჭიდება.

შენ ზურგს ამაგრებ, რომ არ დაეცე.

წრეზე ბრუნავს და თავბრუ გეხვევა.

როცა ჩერდება, ჰაერიდან დაუცურდები,

მასზე, როგორც თოვლიან დაღმართზე, ისე სრიალებ.

გზაში დაგიჭერს და გეხუტება,

ყელში გიდებს შუბლს.

არაფერს ამბობს,

მაგრამ მისი ხორბლისფერი კანის ფეთქვა

და კუნთის წითლად დანთებული ქსოვილი

შეუსვენებლად გემუდარება,

რომ ამ ერთხელ მაინც არ იყო დაუნდობელი.

 

 

1 2 3 4 5 6 7