ცისკრის ძილი

 

უნდა ჩაიცვა გრძელი კაბა,

ისე, რომ კოჭებს ფარავდეს.

უნდა ჩაასხა ავტომობილში საწვავი

და აღმოსავლეთის გზას დაადგე,

მარტო.

არავინ იცის, ვინ შემოგხვდება.

საწვავი გაგითავდება,

მაგრამ მაინც ჩააღწევ.

შენთვის პატარა კუთხეს გამოყოფენ.

შეშინებულს სიხარულისგან ქვითინი აგივარდება.

ეზოს თვალს მოავლებ და ნახავ,

თუ როგორი მწარე და წითელია

ბალახი, ხეები, ჩიტები, ეზოსძაღლი,

აგურები და ქვის ბილიკები.

ცა ვარდისფერია და ტანზე წითელ ღრუბლებს ისვამს,

როგორც სისხლის ქაფს.

შენს ოთახში წარწერებია,

ყველა შეცდომას საჩუქრებად იუწყებიან,

თუმცა ვინც ეს დაწერა,

ეტყობა, ხელი უკანკალებდა.

არის რეფლექტორი და ძველებური გადასაფარებელი,

რამდენიმე მძიმე ტანის გამჯდარისუნით.

ჰაერს ნამწვის გემო აქვს.

შეშინებული სახის ლანდები კედლებზე დამალობანას თამშობენ.

ოთახში ცივა,

ამიტომ კაბის ქვეშ შარვალს იცვამ.

მალე ეზოში გამორბიხარ და დაგვას იწყებ.

შემდეგ მორეცხვას,

ფოლადს ჩვრით, კენკრის სურნელოვანი სითხით წმენდ,

საკმაოდ დიდხანს.

ახალგაზრდა დაცვის ბიჭს აკვირდები და ფიქრობ,

როგორ უძლებს მისი თვალები ამ სანახაობას ყოველდღე.

წელის კუნთები წვას იწყებს,

ჩონჩხი ხმას ამოიდგამს და გახსენდება,

რომ მესამე დღეა ორგანიზმს წყალი და საკვები არ მოსდომებია.

წყალი მხოლოდ შუბლის მოსაბანად გამოიყენე.

მაჯიდან იხსნი წითელ ლენტს,

და ვარდის ბუჩქის ფესვთან მიწას ჩიჩქნი.

ამ ლენტს იქ მარხავ, იმ იმედით, რომ მიწაში გალღვება.

ფეხზე იხდი და გვერდით ოთახში მცხოვრებ მსუქან ქალს

ფეხსაცმელს ჩუქნი.

როცა ღამდება, ცა მძიმდება მისი სიმუქით,

თავზე გაჭერს, და გჭყლიტავს.

ხელი უნდა შეუყუდო და ისე იარო.

კიბეზე ჩამოჯდები, დაინახავ

წითელკაბიან, ზურგში მოხრილ ანგელოზებს,

თეთრი მარმარილოს სახეები აქვთ დაგალურჯებული ტუჩები,

თვალებიდან ნემსებს ისვრიან –

სახეს აბრუნებ, რომ აიცილო.

გინდა, რომ შეგამჩნიონ, მაგრამ არ შემოგხედავენ,

ერთ წერტილში იხედებიან.

მზე კარის ღრიჭოებიდან ნელა ამოდის,

ფეხებს იგრძელებს და ზანტი სხივით შენსკენ მოსრიალებს,

როგორც მიწაზე ყვითელი ქვეწარმავალი.

ცდილობს, ეშმაკურად მოგხიბლოს.

იცის, რომ დაიღალე, მაგრამ ხმას არ იღებ.

კიბეზე გეძინება,

ისე, თითქოს ცხოვრებაში პირველად იძინებ.

თავი კისერზე თხელ ძაფზე ქანქარებს.

კედელს ედები და თვალები ისეთი სიმძიმით გეხურება,

თითქოს რკინის ჭიშკარი გადარაზესოდიდი ხნით.

ქუთუთოებზე წამწამებს ბოქლომები ადევთ,

ისე, როგორც პონტ-ნეუფის ხიდზე.

მზე კი ამოდის, ფეხებს იმაგრებს და კიდევ უფრო ისქელებს სხივებს,

უფრო მეტად ოქროსფერდება ქვეწარმავალი,

შენს ქვის კიბეს თბილად ელამუნება,

რომელზეც  გძინავს, სიზმარს ხედავ,

რომელშიც არავინ არასდროს გაღვიძებს.

ალბათ ამ დროს ყველაზე მეტად გინდა იყო ჰორიზონტალური სხეული.

სიამოვნებით ჩაზნექდი დასერილ ქვის იატაკს შენი სიმძიმით.

ჩაამტვრევდი იმ კიბის სამივე საფეხურს,

დაფლეთდი ხალიჩის ძაფებს, რომელზეც ფეხი გიდგას.

მაგრამ გაღვიძებენ, გარეთ გადიხარ,

ჰაერი შუბლში აგდის და მკვდარ ცას ეუბნები,

რომ მას კი არა – შენ აგეწვება ფეხის ტერფები,

მან კი არა – შენ უნდა ითხოვო პატიება.

პირდები, რომ აღარასდროს ივლი ფეხშიშველი

და არ დაიძინებ ცისკრის პირას,

აღარ შეეცდები ცივ წყალში საკუთარ გულისცემას დაედევნო და

რომ ყოველთვის

შენს ნამდვილ სამყოფელს იპოვი.

 

 

1 2 3 4 5 6 7