დამისკოჩე სახე

 

დამისკოჩე სახე,

როგორც გელათის ფრესკა.

ხელახლა გამიხვრიტე წარბი,

მიაწებე თვალს და გამახელინე ქუთუთოები.

დააბრუნე ჩემი ტუჩები თავის ადგილას.

კიდეები გაუწელე, რომ გაიღიმოს.

ოღონდ ნუ მატკენ.

გთხოვ, ამიწყვე ნაკვთები,

როგორმე გამილამაზე,

დამაპნიე ცხვირზე ჩემი ყვითელი ჭორფლები

და ყველა ხალი თითით მიმიმაგრე.

დამითვალე წამწამები,

თუ დამაკლდება – დამიმატე.

დამიბრუნე ჩამოცვენილი თმა,

აი, შენს ფეხებთან ყრია…

იქნებ როგორმე ამიწყო გამოხედვა

კიდეახეული ფაზლებით.

მერე შემხედე და მითხარი,

რომ ასეთი ლამაზი ქალი

ჯერ არ გინახავს.

იცოდე, რომელიმე ნაწილი

თუ მაინც ჩამოვარდა ძირს,

არ დააბიჯო,

ხელში აიღე,

ჭუჭყისგან გაწმინდე,

შარვლის ჯიბეში ჩაიდე

და გაიყოლე შინ.

 

 

1 2 3 4 5 6 7