მარია მაგდალინელი

 

რამდენს შეხვდი?

სად წაგიყვანეს?

რატომ არ რჩებოდი შინ?

ხალხში გარევა შენი გართობაა თუ მათ ფეხებთან

საკუთარი თავის ყოველ ჯერზე

მიწიდან ამოჩიჩქვნის სურვილი?

სინამდვილეში ყოველი ახალგაცნობილი ადამიანი

შენს ზურგს უკან ორმოებს თხრის

და შენვე გმარხავს,

ისე, რომ არც არაფერს გეუბნება მიახლოებითს,

ყურში ტყუილს გეჩურჩულება

და ამავდროულად ბელტებს აქეთ-იქით გამალებული ყრის,

მხარზე ნელა დაგადებს ხელს

და დაბლა გწევს.

როგორც და მდნარ ცვილს,

ისე ჩამოასხამს შენგან

მიწაში გამოთხრილი ორმოს

დედოფლის ფიგურას-

შიგვე გაწვენს.

გაბნეულია ქალაქში ეს საფლავები,

ზოგი სად არის უსახელოდ,

ზოგი სად,

ყველა შენი ცვილის წვეთებითაა ამოვსებული,

შენი დამდნარი ტანისგანაა სავსე, თანაც პირთამდე.

ყველა მიწა თეთრია მანდ,

ზედ დგებიან ხოლმე და სრიალებენ.

ფითილი მაინც ჩაეყოლებინათ,

აუცილებლად გაანათებდი,

ამ დასაფლავების გამოა, რომ

უკვდავი დარჩები მუდამ.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7