სერაფიმები

 

ფრთის ბუმბული სახეში ამარტყა.

ცოტა მეტკინა.

არ შევიმჩნიე.

მივუშვირე ახლა კისერი.

ზედა ორი ფრთა გადამაფარა.

ვითმენდი, რადგან დიდხანს ველოდი,

სანამ ჩამოიფხიკავდა თავს აია სოფიას კედლიდან.

ძლივს მოვიდა ახლოს და მირტყას, რამდენიც უნდა.

არც კი დავუთვლი.

წყლით გაჟღენთილი თვალები გამოუჩნდა,

მაგრამ ზევით კი არ იყურებოდა,

მე მიყურებდა.

ეს მზერა სახეზე ამეწვა.

თვალის გუგებზე დამეფერფლა ქუთუთოები.

სული შევუბერე მათ,

თმას როგორც ისწორებენ – ისე.

ფერფლი გადავიპნიე და უკან ჩავაშტერდი,

ბუმბულის წამწამიან თვალებში ეს გუგა – სარკე იყო.

ჩემი თავი დავინახე იქ,

წითელი პომადით მიღიმოდა.

მითხრა: დამპირდი, რომ არავის ეტყვი ჩვენი სიყვარულის შესახებ.

მე დავიფიცე,

სერაფიმის თავს გეფიცები,

არავის ვეტყვი, დღეს რომ შეგხვდი

და ასე მწარედ მიტყლაშუნე ფრთები სახეში.

წადი, ორში ჩაიმალე ისევ და

და იმ დანარჩენით გაიარე ნემსის ყუნწებში,

როგორც ტრიუმფალური თაღის ქვეშ.

ლამაზი ხარ, შენნაირი ტატუები უნდათ მოკვდავებს.

სერაფიმის ექვს ფრთას ვფიცავ,

ხვალ უკეთესი ადამიანი გამოვიღვიძებ.

 

 

1 2 3 4 5 6 7