ფონს გასვლა

 

ოღონდ არ დადგე. არ გაბედო და

არ გაათამამო ადგილი შენი უძრაობით,

შენი მარცვლით და შენი ამბარით

ვის გააკვირვებ.

როდის იყო ნაყოფი ყუნწის მიმართ ნდობას ისე კარგავდა,

რომ დაბეჟვისთვის გამზადებული სხეული

სიძუნწისგან არ განეწმინდა.

მას შემდეგ იმდენმა წყალმა ჩაიარა,

რამდენმაც შეძლო დროსთან ჩათრევასა

და ჩაყოლას შორის არჩევანზე მოეხდინა გავლენა,

საიდანაც ამოყურჭვა ვერავინ შეძლო.

ეს დინება ნახე როგორი მუსიკალურია.

რაც შიგნით არის ჟღერს და გეჩვევა.

ყური უნდა მწყემსო.

ნუ წამოგორდები გრილ ჩეროში არხეინად, იმის იმედით,

რომ სხვა თავებს არაერთხელ გამობმული

უკან დაგიბრუნდება სავსე ნიჟარით დაქანცული,

მერე მიდი და თავი იმტვრიე,

მოტეხილ კისერზე წამოცმული.

ყურს მხოლოდ გარედან არ ესმის.

შიგნიდანაც უნდა უკარნახო.

რომ შემეძლოს გენიალურად ავაჟღერებდი ამ ყველაფერს

და ნეტარებით განფენილ მსმენელთა ყურებს

სარეველასავით გავსრესდი ბინძური ქუსლებით.

არ გამიმართლა.

ახლაც ფონს ვეძებ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10