ჩემო სიტყვებო

 

დაიბეგვეთ ქუსლი ჩემო სიტყვებო.

აალდით და ყელის ბზარი გაპოხეთ

მონდომების ჭვარტლით.

მხოლოდ თქვენი ცვლილებების ხმაურით,

მხოლოდ თქვენი მნიშვნელობის გადაცვლით,

აშენდება სისტემური კვარტალი.

გაიკრიფოს ქარში ქვიშის ნასახი,

გაიქერცლოს ლაყე კვერცხის ოვალი,

გაიფილტროს მღვრიე ფორმის წყალი,

წყალში ძილი, ძილში გამონაკლისი

დასაშვები ცოტა მოუსვენრობა,

იმ სიკვდილზე წასვლას;

ნიშნავს როცა იხრჩობით,

როცა აღარ იხრჩობთ,

როცა ვეღარ იხრჩობით,

ვინმეს ყურის თაღთან.

მოახერხეთ ტივ-ტივი,

აქ ფრანით და იქ ტივით,

გაიტრუნეთ ბინდივით

გათენების ზღვართან.

მანამ არც კი იფიქროთ,

მანამ არ მოინდომოთ,

მანამ იუკადრისეთ,

შეიცვალოთ ფორმა,

სანამ არ დარწმუნდებით,

სათანადო სიღრმეში,

შესაბამის წუმპეში

რომ მოადენთ ზღართანს.

გაიცვითეთ შინაარსი სიტყვებო,

მოილოცეთ ყველა გაუცხოება,

მოიოხეთ ზომა,

გამყარდით და აღარ დაემორჩილოთ,

აღარავის ამპარტავან ენას,

ვინც სცადა და რახარუხი მოგარგოთ,

მერე თქვენი დაძველება მიჩქმალა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10