შეკავების ფუგა

ზოგჯერ ძალიან ჭრიალებს სიჩუმეც.

ხანდახან ვარაუდი ჩამოქლიბავს გაუფიქრებელს,

თავისთვის მოწოწიალე განცდას

წაქეზებული ლოთივით გადაგკიდებს;

პატივის აყრით სიმულაციურ ქოლგებს

შემოგიწყობს,

მშრალად დარჩენა რომ მოგანდომოს

და დაგცინოს.

ამ დროს კი ნახატიდან გადმოცოცდეს სადა ფერებით შენიღბული აურზაური,

რომელსაც შენი ხმის ფორმა ექნება,

ადგილ-ადგილ კი ჩარჩოზე წაქცევის დროს  ამობურცული შეშუპება

სხვისი გულის მოოხებას შეგაძლებინებს,

რადგან გიწევს ნაწილ-ნაწილ ჩატვირთო ადამიანში ჩურჩულით – მენდე.

 

 

***

ქვა წყალზე გასრიალდა

და ჩავარდა.

წყლმა ჩაძირვა იგულისხმა.

მოძრავი გახდა ყველაფერი.

იქამდე გაიწელა ნანახი,

სანამ თვალებში შეღწევით

წონასწორობას არ შეატყობინა

– თავს, სინათლის ფორმებზე ასკინკილა ხტუნვით კი არ დაკარგავ,

შენზე მზრუნველმა იმ ქოშინს უნდა მოარიდოს ხელის გულები,

რომელსაც სრული უფლება აქვს ამოგაყოლოს

დაცემინებას, როგორც გადამცდარი ლუკმა,

ან სულაც წაბლის ქერქის ერთი ნამცეცი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10