გამხდარი ლექსი
ელექტრო ჩამრთველი შეიძლება ამბობს
– სულ რაღაც ორი მკაცრი პოზიცია
ჩემი სამყაროს უსაზღვრობაც არის და
შეზღუდული დელიკატურობაც.
უნებლიე ამოვარდნები შემთხვევითია.
ავარიული მდგომარებით კი ყველაფერი განსაზღვრული.
მარტივი მექანიზმით ვიმართები.
მთავარი გამტარუნარიანობაა.
სინათლის კონტროლი ჩემში აღმოჩნდა,
ზემოქმედებენ თითებით, ზურგებით თუ იდაყვებით.
რითაც მომწვდებიან მეხებიან.
მერე მე ვიცი…
ვაქრობ და ვანთებ ირგვლივ ნათურებს.
უფრო სიბნელის მსახური ვარ ნათების ზღვარზე.
სექსის დროს ვაქრობ ყველაფერს,
სადამდეც ჩემი გავლენები სადენებს მიაქვთ.
ძილის დროს ვაქრობ ყველაფერს, სადამდეც ჩემი ჩართულობა ვინმეს აფხიზლებს.
წნევის დროს ვაქრობ ოთახს,
სადაც ვინმე შეუძლოდ არის,
ლოცვის დროს ვტოვებ სასოწარკვეთილს
ნებისმიერ იმ ჩამნაცვლებელთან პირისპირ,
რომელიც ბჟუტავს და იღვენთება;
გამოცვლის დროსაც მიწევს ვემსახურო ნახევრად შიშველ ადამიანებს
და სწორედ მათგან რომელიმეს უხეში დარტყმა,
მითუმეტეს დარტყმამდე გაგონება შემდეგი რამის
– აი+ცერი რომლითაც შევძლებ დაგიმორჩილო – არის
უკუნზე მკვრივი,
თანაც უხეირო…
მაგრამ რად გინდა ასეთი ძლევამოსილება?…
ელექტრო ჩამრთველი შესაძლოა გამოცვალონ ორ შემთხვევაში
თუ ის გადაწვეს ან გამტარი დაუზიანდათ
და რა გამოდის;
მიზეზის დამდგენს სად მიაგნებ სულ რომ ეცადო,
იქნებ დიზაინი დაუწუნოს ვინმემ და ესეც საკმარისია.
ან მრიცხველი გათიშეს გარეთ.
ელექტრო ჩამრთველი შეიძლება კედელზე ბორგავს,
მე კი ვიძინებ…
