***

 

რატომ დავიწყეთ სიტყვების თქმა სიტყვები თითქოს

შველას ითხოვდნენ გაიფანტა ბზები პალმები

ქრისტეშობისთვის შეგინახავ ღუმელის სითბოს

შობის ღამიდან ფეხაკრეფით გაგეპარები

 

არასდროს გეტყვი რა იქნება წასვლის მიზეზი

არასდროს ჩავალ შენს თვალებში იმაზე ქვემოთ

რომ გამახსენდეს სამუდამოდ ჯვარზე მისრესილს

შენი ძმრიანი სიტყვების გემო

 

ქათქათა სუსხით და ძაღლების ყეფით მოვდივარ

ყველა ვიცანი და ვერავინ ვეღარ მაგროვებს

ქრისტე ყოფილა ხვალინდელი დღის მოლოდინი

და სიმარტოვე

 

 

***

მე ყოველთვის დამნაშავე ვიყავ

მე მეკეთა სევდიანი ნიღაბი

გიმტკიცებდი სიკეთეს და სიყვარულს

ირიბად და პირდაპირ

 

მოწყენილი რგოლები აქვთ ფარდებს

სუყველაფერს მიმალავენ ფარდები

ვეღარსდროს ვეღარ შემიყვარდები

ისე შემიყვარდი

 

სასაცილო ზოლები აქვს იატაკს

ბედნიერი წამოვწვები ცოტა ხნით

იმხელაა ლამის თავი მიარტყა

ჭერს ეს ცივი ოთახი

 

 

 

1 2 3 4 5 6 7